Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა ქოქოსის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 41 სმ-ია, წონა 1.453 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-7 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 9 კვირა.

ნაყოფის განვითარება

ახლა, როდესაც 31 კვირის ორსული ხართ, სასურველია იცოდეთ, როგორ ვითარდება ბავშვი თქვენს საშვილოსნოში. პატარას ძვლების უმეტესობა მაგრდება, მაგრამ თავის ქალის ძვლები ისევ რბილი და დრეკადია, რაც უადვილებს  გაიაროს მშობიარობის არხი, როდესაც ამის დრო მოვა. დაბადებისას, ბავშვს თავის ქალაზე ექნება რბილი ადგილები, რასაც ყიფლიბანდი ჰქვია: ერთი დაიხურება ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვეში, ხოლო მეორე, როდესაც ბავშვი იქნება 18 თვის ან მეტის. 

31კვირის ორსულის საშვილოსნოში სხვა პროცესებიც მიმდინარეობს: თქვენი პატარას ტვინი სწრაფად მწიფდება. რის შედეგადაც, ბავშვმა შეიძლება დაიწყოს საკუთარი სხეულის ტემპერატურის რეგულირება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პატარა სრულად აღარ არის დამოკიდებული ამნიონურ სითხეზე სითბოს მისაღებად.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, რომელიც ხშირად შარდავს! თქვენი პატარა ყლაპავს ამნიონურ სითხეს და რამდენიმე ჭიქას შარდავს ყოველ დღე.

დედის ორგანიზმი ორსულობის 31-ე კვირაში

31-ე კვირაში, თქვენ იქნებით 7 ან 8 თვის ორსული (დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყოფიან კვირები თვეზე) და ხართ მესამე ტრიმესტრში.  შეიძლება შეამჩნიოთ ორსულობასთან დაკავშირებული ცვლილებები მკერდზე. მაგალითად, შეიძლება შენიშნოთ მოწითალო ლაქები კანზე – გამარჯობა, სტრიებო! ვერაფერს იზამთ იმისთვის, რომ სტრიები არ წამოიშვას მკერდზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, თუმცა ისინი გაუფერულდება მშობიარობის შემდგომ. რამდენადაც კანი იჭიმება თქვენს მზარდ მკერდზე, შეიძლება იგრძნოთ კანის ქავილიც. დამატენიანებლის წასმა დაგეხმარებათ ქავილის შესუსტებაში. ამ სიმპტომს უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ დაბლა. 

მკერდის ზრდასთან ერთად, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გჭირდებათ ერთი ან ორი ზომით დიდი ლიფი. თუ ეს უკვე არ გაგიკეთებიათ, ახლა გაემართეთ ადგილობრივ ორსულობის ტანსაცმლის მაღაზიაში და იკითხეთ პროფესიონალური ორსულობის ლიფი. ორსულების ლიფებს, როგორც წესი აქვთ უფრო განიერი ქამრები, უფრო დიდი მოცულობის „ჭიქა“ და დამატებითი რიგები ლიფის შესაკრავად იმისთვის, რომ მარტივად არეგულიროთ ზომა. დამატებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ლიფები ბავშვის დაბადების შემდგომ. ასევე არსებობს ღამის ორსულობის ლიფები, რომლებიც დამატებით კომფორტულია ძილის დროს. ასევე ორსულების სპორტული ლიფები. 

მოგვიანებით, მესამე ტრიმესტრში, თქვენი მკერდიდან შეიძლება გამოჟონოს სქელმა, მოყვითალო სითხემ, რომელსაც ხსენი (კოლოსტრუმი) ეწოდება. ყველა დედას არ აღენიშნება ეს გამოჟონვა, თუმცა თუ თქვენ შემთხვევაში ასე ხდება, შეგიძლიათ ლიფში ჩაიფინოთ მარლის კომპრესი იმისათვის, რომ შეიწოვოს გამონადენი. ბავშვის დაბადების შემდეგ, თუ აირჩევთ ძუძუთი კვებას, ხსენი  ბავშვს მიაწვდის ნოყიერ ცილებს და ანტისხეულებს. კოლოსტრუმი წარმოიშვება ძუძუს რძის წამოსვლიდან რამდენიმე დღით ადრე.

თქვენი სიმპტომები

  • ხელის ტკივილი. შეიძლება შეგაწუხოთ მაჯის არხის სინდრომმა) – ხელებზე ქსოვილების შეშუპება და ნერვებზე დაწოლა  იწვევს ქავილის შეგრძნებას ან დაბუჟებას. როდესაც იმშობიარებთ და შეშუპება დაცხრება, ეს სიმპტომებიც გაქრება. ახლა კი დაგეხმარებათ მაჯის არტაშანის გაკეთება და დღის განმავლობაში ხელების დასვენება. მოუყევით ამ სიმპტომზე თქვენს ექიმს, რათა დაგეხმაროთ შემდგომში დისკომფორტის შესამცირებლად.
  • ბავშვის მოძრაობისგან გამოწვეული დისკომფორტი. ხანდახან შეიძლება არაკომფორტული იყოს, როდესაც თქვენი პატარა გირტყამთ და გიბიძგებთ შიგნიდან. მეორე მხრივ, ბავშვის მოძრაობის შეგრძნება  დამამშვიდებელი და იმედისმომცემია, დაახლოებით ამ დროისთვის თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ დააკვირდეთ ბავშვის მოძრაობას და დღიურად დაითვალოთ ბიძგები.
  • დაღლის შეგრძნება. ნორმალურია, რომ ამ დროისთვის მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, ბოლოს და ბოლოს თქვენი ორგანიზმი იმისთვის მუშაობს, რომ ახალი სიცოცხლე შექმნას. დამატებით, თქვენი დაღლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტითაც, რომ კარგად ვერ იძინებთ ღამით. სცადეთ, ჩათვლიმოთ დღის განმავლობაში. კარგი კვება და ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ ენერგიის მატებაში. მუდმივად ესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ განიცდით თქვენს დაღლილობას. 
  • კანის ქავილი. რამდენადაც შენი მუცელი იზრდება, ორსულობის 31-ე კვირაში გავრცელებულია მუცლის ქავილი. გარდა ამისა შეიძლება სხვა ადგილების გექავებოდეთ, მაგალითად მკერდი. სცადეთ შეამსუბუქოთ კანის ქავილის დისკომფორტი დამატენიანებელით და ბევრი წყლის სმით.

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • მუცლის ზრდასთან ერთად გაგიჭირდებათ იპოვოთ ძილისთვის კომფორტული პოზა. ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან დაიძინოთ გვერდზე ერთი ან ორივე მოხრილი ფეხით. შეგიძლიათ ერთი ბალიში მოათავსოთ მუხლების ქვეშ მეორე კი მუცლის ქვეშ ან გამოიყენოთ ადამიანის სიგრძის ორსულობის ბალიშები დამატებითი კომფორტისთვის.
  • შესაძლებელია გაინტერესებდეთ უსაფრთხოა თუ არა სექსი ორსულობისას მაშინ, როცა მუცელი გეზრდებათ. თუ ნორმალური ორსულობა გაქვთ და ორივენი, თქვენ და თქვენი პარტნიორი კომფორტულად გრძნობთ თავს მესამე ტრიმესტრშიც კი უსაფრთხოა გქონდეთ სექსი. კომფორტული პოზიციის პოვნას შეიძლება დასჭირდეს დრო, თუმცა იექსპერიმენტეთ და იპოვეთ თქვენთვის სასურველი პოზა. დაეკითხეთ თქვენს ექიმს, თუ ღელავთ სექსის შესახებ ან გაქვთ რაიმე სხვა კითხვა. 
  • ახლა იქნება კარგი დრო იმისთვის, რომ დაიწყოთ ფიქრი ბავშვს ძუძუთი კვებავთ თუ შეარჩევთ ხელოვნურ საკვებს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ლაქტაციის კონსულტანტს თქვენს არჩევანზე და დაუსვით ყველა კითხვა, რაც გაქვთ. იმ შემთხვევაში თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას, შესაძლებელია დაგჭირდეთ ლაქტაციის გაკვეთილებზე დასწრება. თუ არ იცით რომელი კვების მეთოდი აირჩიოთ, თქვენი ექიმი დაგეხმარებათ და გაგესაუბრებათ ნებისმიერ საშუალებაზე, მოწყობილობაზე, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, მაგალითად რძის გამოსაწველი და ბოთლები, სად იყიდოთ ისინი. თუ გეგმავთ ხელოვნურ კვებას, შეგიძლიათ კითხოთ რჩევა, რომელი ფორმულა იქნება საუკეთესო თქვენი პატარასთვის. თქვენ გაქვთ საკმარისი დრო კვების მეთოდის ასარჩევად და შეგიძლიათ აირჩიოთ მას შემდეგაც კი, როცა ბავშვი დაიბადება, თუმცა ამ ეტაზე მოფიქრება არ დააზარალებს არავის.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • საჭიროა თუ არა ორსულობის ამ ეტაპზე მივიღო დამატებითი მკვებავი ნივთიერებები?
  • რა არის ბავშვის ნაადრევი დაბადების რისკი?
  • ვის შეიძლება დავუკავშირდე, თუ კითხვები გამიჩნდება თქვენი სამუშაო საათების შემდგომ?
  • როდის უნდა შევწყვიტო მუშაობა? არის რაიმე, რასაც უნდა ან არ უნდა ვაკეთებდე სამსახურში ამ ეტაპზე?
  • როგორ უნდა შევიკრა უსაფრთხოების ღვედი, როცა დიდი მუცელი მაქვს?
  • ორსულობის 31-ე კვირაში რომელი სიმპტომები არ უნდა უგულებელვყო? 

თქვენი გეგმები

  • გადაწყვიტე ვინ გინდა იყოს შენთან მშობიარობის დროს. ეს შეიძლება იყოს შენი პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი ან ოჯახის წევრი. 
  • შეიძლება უკვე განხილული გაქვთ დეკრეტული შვებულების საკითხი თქვენს უფროსთან, თუმცა კარგი იქნება თუ ამ ეტაპზე დაუბრუნდებით ამ საკითხს და დაიწყებთ თქვენი საქმეების გაზიარებას თანამშრომლებისთვის იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი საკითხები არ დარჩეს უყურადღებოდ ბოლო წამამდე. 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/31-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5