ორსულობის ტესტის გაკეთებამდე თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ საკუთარ თავს, რათა აღმოაჩინოთ ადრეულის ორსულობის სიმპტომები. თუმცა, მათი უმრავლესობა ჰგავს მენსტრუაციის წინა სიმპტომებს და რთულია მათ შორის განსხვავების პოვნა.
მენსტრუაციის დაგვიანება
მენსტრუაციის დაგვიანება ორსულობის ადრეული სიმპტომია, განსაკუთრებით თუ მანამდე ციკლი მოწესრიგებული გქონდათ.
დაღლილობა
წარმოიდგინეთ მთაზე ასვლა ვარჯიშის გარეშე, მაშინ როცა ზურგჩანთა ყოველ დღე მძიმდება. დაღლილობა ორსულობის ადრეული სიმპტომია. ამ დროს მთელი ენერგია მიდის პლაცენტის ასაშენებლად, რომელიც ნაყოფის სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემაა.
ორსულობის ადრეული ნიშნები
ყნოსვის გამძაფრება
გაძლიერებულმა ყნოსვის შეგრძნებამ შეიძლება წარსულში თქვენთვის მსუბუქი სუნი მძიმე და აუტანელი გახადოს. თუ თქვენი ცხვირი მოულოდნელად ხდება უფრო მგრძნობიარე, შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ ორსულად ხართ.
დილის გულისრევები
ორსულობის პატარა ვადაზეც შეიძლება გულისრევის შეგრძნება გაგიჩნდეთ, დღის ნებისმიერ პერიოდში, მაგრამ უფრო ხშირად დილით, რის გამოც მას „დილის ავადმყოფობას“ უწოდებენ. ეს ორსულობის ჰორმონების, პროგესტერონის და ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონის მომატების დამსახურებაა და ძირითადად, 6 კვირისთვის იწყება.
საჭმლისადმი ზიზღი
ჰორმონალური ცვლილებების გამო თქვენმა ზემგრძნობიარე ცხვირმა შეიძლება ორსულობის კიდევ ერთი ნიშანი გამოიწვიოს: საჭმლისადმი ზიზღი. შეიძლება შეგზიზღდეთ იმ საჭმლის სუნი, რომელიც ადრე გიყვარდათ. ნუ დაღონდებით. ეს შეგრძნებები, როგორც წესი, გაივლის მეორე ტრიმესტრში.
გუნება-განწყობილების ცვლილებები
დაახლოებით ორსულობის მეოთხე კვირისთვის, თქვენ შეიძლება იგრძნოთ განწყობილების სწრაფი ცვლილებები, პრემენსტრუალური სიმპტომის მსგავსად. ეს ისევ და ისევ ჰორმონების მომატების გამო ხდება. შეიძლება უცებ იგრძნოთ ამაღლებული განწყობილება და მალევე უგუნებობა.
ჰორმონალური ცვლილებების პარალელურად, თქვენი ცხოვრებაც იცვლება, ამიტომ ნორმალურია ასეთი შეგრძნებები. იკვებეთ ჯანსაღად, დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და იძინეთ საკმარისად. ისუნთქეთ ღრმად და ეს ყველაფერი დაგეხმარებათ.
ცვლილებები მკერდის არეში
ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი იწყებენ ორგანიზმის რძის წარმოებისთვის მზადებას, რაც იწვევს მკერდის ცვლილებებს და მგრძნობელობის გაზრდას.
გამუქებული არეოლები
ორსულობის ჰორმონები ამზადებს თქვენს სხეულს დიდი ცვლილებისთვის, ამიტომ თქვენი არეოლები (ძუძუს ყავისფერი ნაწილები) ხდება უფრო მუქი და იზრდება დიამეტრში.
გახშირებული შარდვა
ჩასახვიდან 2-3 კვირის შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ შარდვის მომატებული მოთხოვნილება. ეს არის ორსულობის ჰორმონის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონის მომატებით გამოწვეული, რაც ზრდის სისხლის დინებას თქვენი თირკმლებისკენ, რაც ეხმარება მათ უფრო ეფექტურად გაასუფთავონ თქვენი და თქვენი პატარას სხეული ნარჩენებისგან. თქვენი მზარდი საშვილოსნო აწვება თქვენს შარდის ბუშტს, რაც ნაკლებ ადგილს ტოვებს შარდისთვის, რის გამოც ხშირად გიწევთ ტუალეტში სიარული.
შებერილობა
ჯინსის შეკვრა გიჭირთ? ადრეული ორსულობის შებერილობა ძნელია განასხვავოთ მენსტრუაციის წინა შებერილობისაგან. მაგრამ ამას ბევრი ქალი მალევე გრძნობს დაფეხმძიმების შემდეგ. ამას ჯერ ვერ დააბრალებთ პატარას, მაგრამ შეგიძლიათ დააბრალოთ ორსულობის ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც ანელებს საჭმლის მონელებას და აძლევს საკვებ ნივთიერებებს მეტ დროს, რომ გადავიდეს თქვენს სისხლში და მიაღწიოს თქვენს ნაყოფამდე. სამწუხაროდ, შებერილობას ხშირად თან ახლავს შეკრულობა. ამის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ უჯრედისით მდიდარი საკვები.
ბაზალური ტემპერატურის მომატება
თუ ბაზალური ტემპერატურის საზომ თერმომეტრს იყენებთ დილით პირველი ტემპერატურის გასაზომად, შეამჩნევთ, რომ მან 1 გრადუსით მოიამატა ჩასახვის შემდეგ და ასე დარჩება ორსულობის განმავლობაში.
სისხლიანი გამონადენი
ახალი დედების 30%-ს აღენიშნება მცირე გამონადენი ან სისხლდენა ჩასახვიდან დაახლოებით 6-12 დღეში, რაც ზოგჯერ არის ნიშანი იმისა, რომ ემბრიონი ემაგრება საშვილოსნოს კედელს, რასაც შეიძლება თან ახლდეს მენსტრუაციის მსგავსი სპაზმები მუცელში.
ზოგიერთი ქალი ორსულობის ადრეულ ვადაზე არაფერს გრძნობს, მაგრამ ზოგს ყველა სიმპტომი ერთად აწუხებს. თუ თქვენ დაგიგვიანდათ მენსტრუაცია და განიცდით დაღლილობას, დილის გულისრევებს, გაქვთ გამონადენი და მგრძნობიარე მკერდი, შეგიძლიათ შეიძინოთ ორსულობის ტესტი ან მიხვიდეთ ექიმთან და ჩააბაროთ სისხლი ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონის განსასაზღვრად.
რაც შეიძლება ადრე დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, რათა თავიდანვე სწორად იზრუნოთ ნაყოფის და თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ დადასტურდა, რომ ორსულად ხართ, გილოცავთ! თქვენ წინ დიდი თავგადასავალი გელოდებათ.