Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა იწვევს ფაღარათს ორსულობის დროს?

შეკრულობისგან განსხვავებით, რომლის გამოწვევაც შეუძლია ორსულობის ჰორმონებს, ფაღარათი ორსულობის დროს იმის შედეგია, რაც ორსულის სხეულის გარეთ ხდება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული საკვების, ძალიან ბევრი სითხის მიღების, ზოგიერთი პრენატალური ვიტამინის ან ვარჯიშის დაწყების დამსახურება. ასევე, მშობიარობის დაწყებამდე ორსულის კუნთები დუნდება და ემზადება მშობიარობისთვის, რაც შეიძლება დიარეის მიზეზი გახდეს.

ფაღარათის სხვა მიზეზები შეიძლება გახდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსი,  ნაწლავური პარაზიტები და ბაქტერიები. ამიტომ, დაურეკეთ თქვენს ექიმს, როდესაც შეამჩნევთ ამ სიმპტომს.

როგორ გავუმკლავდეთ ფაღარათს ორსულობის დროს?

მოერიდეთ გარკვეულ საკვებს:

  • ჩირი (განსაკუთრებით ქლიავის. ფაღარათის დროს ჩათვალეთ, ქლიავი თქვენი მტერია.);
  • ცხიმიანი ან ცხარე საკვები;
  • რძე (განსაკუთრებით, თუ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა).

ადრე რეკომენდებული იყო ე.წ. BRAT დიეტა – ბანანი, ბრინჯი, ვაშლის პიურე, გახუხული პური), რადგან ის მსუბუქია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და ხელს უწყობს განავლის გამყარებას. თუმცა, ახლანდელი მიდგომის მიხედვით, ის ვერ გვაძლევს სხვა ვიტამინებსა და მინერალებს (განსაკუთრებით თუთიას). ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, ფაღარათის დროს მივიღოთ შემდეგი პროდუქტები:

  • სახამებლის შემცველი სხვა საკვები, როგორიცაა კარტოფილი, უშაქრო მარცვლეული და კრეკერი;
  • მოხარშული ბოსტნეული და ბოსტნეულის სუპები;
  • მჭლე ხორცი;
  • მოხარშული კვერცხი;
  • იოგურტი, მაწონი, განსაკუთრებით ლაქტობაცილების შემცველი.

დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად. ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ ჩათვლის საჭიროდ ელექტროლიტების ან სამკურნალო წამლების დანიშვნას.

დაურეკეთ ექიმს, თუ

  • კუჭის მოქმედება 3-ზე მეტჯერ გქონდათ დღეში;
  • დიარეა 48 საათზე მეტხანს გრძელდება, დიეტის მიუხედავად;
  • განავალი სისხლიანია, შეიცავს ლორწოს ან  თხევადია;
  • ცოტა ხნის წინ ახლო კონტაქტში იმყოფებოდით ვინმესთან, რომელსაც ვირუსი ჰქონდა;
  • ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი დიარეა არის ნიშანი იმისა, რომ მშობიარობა გეწყებათ. ზოგჯერ ფაღარათი ნაადრევი მშობიარობის ნიშანია.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5