Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ალბათ, გსმენიათ უამრავი აზრი და იდეა აუტიზმის შესახებ, მაგრამ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ იცით, რა არის მართალი და რა მცდარი. ამ სტატიაში გთავაზობთ 10 მითს აუტიზმის შესახებ.

მითი 1: აუტიზმის მქონე ადამიანებს არ სურთ მეგობრების ყოლა.

სიმართლე: თუ თქვენს კლასში ვინმეს აქვს აუტიზმი, მას მეტი ძალისხმევა სჭირდება სოციალური უნარებისთვის, ამიტომ შეიძლება გაუჭირდეს თანატოლებთან ურთიერთობა. შესაძლოა, ის  ჩანდეს უფრო მორცხვი და არამეგობრული, მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ  მას არ შეუძლია თქვენსავით გამოხატოს ურთიერთობების სურვილი.

მითი 2: აუტიზმის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ განიცადონ ან გამოხატონ ემოციები – სიხარული ან სევდა.

სიმართლე: აუტიზმი არ ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანს არ შეუძლია თქვენსავით ემოციების განცდა, უბრალოდ, ის სხვაგვარად გამოხატავენ ემოციებს და სხვაგვარად აღიქვამენ თქვენი გრძნობების გამოხატვას.

მითი 3: აუტიზმის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სხვისი ემოციების გაგება. სიმართლე: აუტიზმი ხშირად ახდენს გავლენას არავერბალურ ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარებზე. ამიტომ, შეიძლება აუტიზმის მქონე ადამიანს გაუჭირდეს სხეულის ენით გამოხატული სევდის გაგება ან სარკაზმის გარჩევა ვინმეს ხმის ტონში. მაგრამ, თუ ემოციებს გამოხატავთ პირდაპირ, მეტია ალბათობა იმისა, რომ მან იგრძნოს ემპათია და თანაგრძნობა სხვების მიმართ.

მითი 4: აუტიზმის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხება აქვთ.
სიმართლე: ხშირად, აუტიზმს თან ახლავს იმდენივე გამორჩეული შესაძლებლობა, რამდენიც გამოწვევა. აუტიზმის მქონე ბევრ ადამიანს აქვს ნორმალური ან მაღალი IQ და ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული მონაცემები – მათემატიკაში, მუსიკასა და სხვა საქმიანობებში.

მითი 5: აუტიზმის მქონე ადამიანები გვანან დასტინ ჰოფმანის გმირს ფილმიდან „წვიმის კაცი“.
სიმართლე:  აუტისტური სპექტრის აშლილობა ნიშნავს, რომ მისი მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანებში. თუ თქვენ იცნობთ ერთ ადამიანს აუტიზმით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ ერთ ადამიანს იცნობთ. ამ ადამიანის შესაძლებლობები და შეზღუდვები არ არის აუტიზმის მქონე სხვა ადამიანების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების ინდიკატორი.

მითი 6: ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ აუტიზმის ტიპიურ მახასიათებლებს, უბრალოდ უცნაურები არიან, გაიზრდებიან და გაუვლით.
სიმართლე:  აუტიზმი წარმოიშობა ბიოლოგიური გარემოებებისაგან, რომელიც ტვინის განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას და ბევრისათვის ეს მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. 

მითი 7: აუტიზმი მხოლოდ ბავშვებს ემართებათ.

სიმართლე: აუტიზმის მქონე ბავშვები იზრდებიან და ხდებიან აუტიზმის მქონე უფროსები.

მითი 8: აუტიზმი უბრალოდ ტვინის დაავადებაა.

სიმართლე: კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბევრ ადამიანს აგრეთვე აქვს თანამდევი მდგომარეობები, როგორიცაა ეპილეფსია, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მგრძნობიარობა საჭმლის მიმართ და ალერგიები.

მითი 9: აუტიზმი გამოწვეულია ცუდი მშობლობით.

სიმართლე: 1950-იან წლებში გაჩნდა ჰიპოთეზა, რომელიც მიიჩნევდა, რომ აუტიზმი გამოწვეული იყო ემოციური სითბოს ნაკლებობის მქონე დედების გამო. ეს კვლევებით არ დასტურდება და დიდი ხანია უარყვეს.

მითი 10: აუტიზმის შემთხვევები მყარად იზრდება ბოლო 40 წლის განმავლობაში.
სიმართლე: აუტიზმის შემთხვევები 600%-ით გაიზარდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. 1975 წელს საშუალოდ 1500 ადამიანიდან ერთს ჰქონდა აუტიზმი, ხოლო 2014 წელს საშუალოს 59-დან ერთს ჰქონდა აუტისტური სპექტრის აშლილობა.

წყარო: https://www.autismspeaks.org/blog/11-myths-about-autism

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5