Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბევრ ორსულს აინტერესებს, თუ როგორ იგრძნობს მშობიარობის დაწყებას, რამდენ ხანში იმშობიარებს ან როგორ უნდა მიხვდეს, ჭინთვები ნამდვილად მშობიარობის მომასწავებელია თუ ცრუ განგაშია?

რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან ყველა მშობიარობა განსხვავებულია, მაგრამ იმის ცოდნა, თუ რა ხდება  მშობიარობის წინ და რომელ  ნიშნებს უნდა დააკვირდეთ, დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თქვენს პატარასთან  შეხვედრის დრო რამდენად ახლოსაა.

1. მუცლის დაწევა

მშობიარობამდე 2-4 კვირით ადრე ნაყოფი იწყებს ჩასვლას მენჯის არეში. თქვენ შესაძლოა უფრო ხშირად გაგიჩნდეთ მოშარდვის სურვილი, რადგან პატარას თავი თქვენს შარდის ბუშტს აწვება.

2. საშვილოსნოს ყელის გახსნა

თქვენი საშვილოსნოს ყელიც მშობიარობისთვის ემზადება: ის მშობიარობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე იწყებს გახსნას.

3. ზურგის ტკივილის გაძლიერება

განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თქვენი პირველი ორსულობა არ არის, მშობიარობის მოახლოებისთანავე შეიძლება ხშირად იგრძნოთ წელის არეში ტკივილი. თქვენი კუნთები და სახსრები იჭიმება და ემზადება  მშობიარობისთვის.

4. სახსრების მოდუნება

თქვენი ორსულობის განმავლობაში, ჰორმონმა რელაქსინმა თქვენი სახსრები მოადუნა. ეს ბუნებრივი გზაა თქვენი მენჯების გასახსნელად, რათა თქვენმა პატარამ გზა იოლად გაიკვლიოს.

5. ფაღარათი

საშვილოსნოს მსგავსად სხვა კუნთებიც ემზადება მშობიარობისთვის, მათ შორის სწორი ნაწლავის კუნთებიც. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. დარწმუნდით, რომ საკმარის სითხეს იღებთ და  გახსოვდეთ: ეს კარგი ნიშანია!

6. თქვენ წყვეტთ წონაში მატებას (ან იკლებთ)

ზოგიერთი მომავალი დედა ორსულობის ბოლოს რამდენიმე კილოგრამსაც კი კარგავს.

ეს ნორმალურია და გავლენას არ მოახდენს თქვენი ბავშვის დაბადების წონაზე. ის კვლავ იმატებს, მაგრამ თქვენ იკლებთ ამნიონური სითხის დაბალი დონის, ხშირი შარდვის და  შესაძლოა, მეტი მოძრაობის გამო.

7. ზედმეტად დაღლილად გრძნობთ თავს … ან „დაბუდების“ სურვილი გაქვთ

ორსულობის ბოლო კვირებში რთულდება ღამის ძილი. გაეცანით ჩვენს სტატიას ამ თემაზე https://dedamicis.ge/romelia-dzilis-usafrtxo-poza-orsulobis-dros/

თუმცა, ზოგიერთ დედას ენერგიის ამოფრქვევა ეწყება (ასევე ცნობილია როგორც „დაბუდების“ ინსტინქტი), რადგან მშობიარობის დღე ახლოვდება და ვერ უწევს წინააღმდეგობას  ყველაფრის დალაგების და ორგანიზების სურვილს. ესეც ნორმალურია, სანამ არ გადააჭარბებთ.

8. ლორწოვანი საცობის ჩამოვარდნა.

ორსულობის განმავლობაში, ლორწოვან საცობს დალუქული აქვს საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოში ბაქტერიები რომ არ შეიჭრას. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ან კვირამდე ადრე ის ვარდება და თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ მოვარდისფრო, სისხლიანი ან გამჭვირვალე ვაგინალური გამონადენი.  ის შეიძლება გამოვიდეს ერთიანად (ის ცხვირის ლორწოს ჰგავს) ან პატარა ნაწილებად, თუმცა შეიძლება საერთოდ ვერ შეამჩნიოთ  და ზოგიერთმა ქალმა მშობიარობამდეც  არ დაკარგოს ის.

მშობიარობამდე ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, მომატებულ ან/და გასქელებულ, ვარდისფერ ვაგინალურ გამონადენს შეამჩნევთ. მას სისხლიან შოუს უწოდებენ და კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ მშობიარობა გარდაუვალია.

მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მშობიარობას, თუ ყელი არ გაიხსნა 34 სმ-მდე ან არ გაქვთ ტკივილები.

9. უფრო ძლიერი და ხშირი შეკუმშვები

თუ მუცელში შეკუმშვებს გრძნობთ, შეიძლება განიცდიდეთ ბრექსტონ-ჰიქსის სინდრომს, რომელსაც შეიძლება  პრაქტიკული კუმშვებიც ვუწოდოთ. ისინი ამზადებენ ორგანიზმს მშობიარობისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშობიარობა გეწყებათ. მათ უფრო ხშირად იგრძნობთ, როცა ხართ დაღლილი ან გაქვთ წყლის ნაკლებობა, ასევე ძირითადად დღის ბოლოს. ბრექსტონ-ჰიქსი ძლიერდება, როდესაც ახლოვდება მშობიარობის დღე. შეგიძლიათ განასხვავოთ რეალური და ცრუ შეკუმშვები? ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებისგან განსხვავებით, მშობიარობის ტკივილი რეგულარული ინტერვალით გექნებათ და  არ გაივლის თქვენი პოზიციის შეცვლით.

მშობიარობის ადრეული შეკუმშვები შეიძლება იგრძნოთ ძლიერი მენსტრუალური სპაზმებით მუცლის ქვედა ნაწილში ან  ზურგის ქვედა ნაწილში ან ორივეში ერთად და ტკივილი გადაეცემა ფეხებსაც.

10. წყლების დაღვრა

ფილმებიდან შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ წყლები აუცილებლად უნდა დაღვაროთ, სანამ მშობიარობა დაგეწყებათ. თუმცა, ასე მშობიარობების მხოლოდ 15%-ში ხდება. სინამდვილეში, სანაყოფე წყლების დაღვრა მშობიარობის ერთ-ერთი ბოლო ნიშანია.

სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ ზუსტად  ისევ არ გეცოდინებათ, როდის გამოაცხადოთ  “დროა!” და მოემზადოთ თქვენი ბავშვის შესახვედრად.  შეეცადეთ, ამაზე არ იღელვოთ, ახლა ალბათ ხშირად გიწევთ ექიმთან სიარული და ის დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად ახლოსაა მშობიარობის თარიღი.

აუცილებლად უნდა დაურეკოთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ სისხლდენა ან კაშკაშა წითელი გამონადენი (არა ყავისფერი ან ვარდისფერი);
  • ღვრით წყლებს, განსაკუთრებით თუ სითხე  მწვანე ან ყავისფერია. ეს შეიძლება იყოს მეკონიუმის, ანუ თქვენი პატარას პირველი განავლის ნიშანი, რაც შეიძლება საშიში იყოს, თუ ბავშვი მას ჩაყლაპავს  დაბადების დროს;
  • თვალებში გრძნობთ გაბუნდოვანებას ან გაორებას;
  • გაქვთ მწვავე თავის ტკივილი ან უეცარი შეშუპება. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს პრეეკლამფსიის სიმპტომები, რომელიც ხასიათდება ორსულობით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევით და მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5