Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობის დროს, როდესაც თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ ღამის ტკბილი ძილი, შესაძლოა საათობით ვერ იძინებდეთ. მოსახერხებელი პოზის შერჩევა რთულდება, რადგან ზურგზე და მუცელზე ძილი საუკეთესო არჩევანი არ არის ორსულისთვის. აი, რა უნდა იცოდეთ, რათა კომფორტულად და უსაფრთხოდ იწვეთ ამ მდგომარეობის დროს.

ძილის პოზები ორსულობის დროს

მუცელზე ძილი

თუ თქვენ მუცელზე ძილი გიყვართ, შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ ასე, სანამ გაზრდილი მუცელი მოგცემთ ამის შესაძლებლობას. შემდეგ კი უკვე მოგიწევთ სხვა პოზიციის შერჩევა.

ზურგზე ძილი

ექსპერტების რეკომენდაციით, ორსულმა მე-2 და მე-3 ტრიმესტრში თავი უნდა აარიდოს ზურგზე ძილს. ზურგზე წოლისას თქვენი მზარდი საშვილოსნო და ნაყოფი აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელსაც სისხლი ქვედა კიდურებიდან გულისკენ მიაქვს. ამ დაწოლამ შესაძლოა გაამძაფროს ბუასილი და  ტკივილი წელის არეში, გააძნელოს საჭმლის მონელება, ხელი შეუშალოს ცირკულაციას და გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა, შესაბამისად თავბრუსხვევა. ასევე, ამ დროს ნაყოფს რთულად მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.

მაგრამ ნუ იღელვებთ, თუ გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ღამით ზურგზე გადმოხვედით. უბრალოდ, მოერიდეთ ამ  მდგომარეობას ორსულობის განმავლობაში ხანგრძლივი პერიოდით.

მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე ძილი

მეორე და მესამე ტრიმესტრში ორივე მხარეს ძილი – სასურველია მარცხენა, თუ ეს შესაძლებელია – იდეალურია თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის. ეს პოზიცია ეხმარება  სისხლის მიმოქცევას და საკვები ნივთიერებების მიწოდებას პლაცენტისთვის და აძლიერებს თირკმლის ფუნქციონირებას, რაც ნიშნავს კიდურების ნაკლებ შეშუპებას.

რჩევები ორსულობის კომფორტულ საძილე პოზიციებზე

არ გჩვევიათ გვერდზე წოლა? ან ყოველთვის ასე გეძინათ, მაგრამ, ამ მდგომარეობაში გიჭირთ? აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწორ პოზიციაში კომფორტული ძილისთვის:

გამოიყენეთ უამრავი ბალიში. ფეხებს შორის მოათავსეთ ერთი ბალიში,  მეორე ბალიში ზურგს უკან დაიდეთ – ან სცადეთ სხვა კომბინაცია, რომელიც ძილში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ორსულთა ბალიში.

თუ ბალიშები არ გამოგადგათ, სცადეთ საწოლის ნაცვლად ნახევრად ვერტიკალურ მდგომარეობაში ძილი გადასაწევ სავარძელში.

გაითვალისწინეთ, ნორმალურია დისკომფორტის შეგრძნება რამდენიმე ღამის ან თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში. თქვენი სხეული დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, მოერგება ახალ პოზიციას.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5