Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” ექიმი-ალერგოლოგი და პედიატრი ნინო მჭედლიშვილი გვესაუბრება სეზონური ალერგიის მთავარ  სიმპტომებზე და როგორ უნდა დაიცვან თავი სხვადასხვა ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებმა ახალი კორონავირუსის პირობებში.

გვესაუბრეთ ალერგიულ რინიტზე და   მის ძირითად სიმპტომებზე.

ალერგიული რინიტი მოსახლეობის დაახლოებით 20 % -ის აღენიშნება ნებისმიერ ასაკში. შესაძლოა იყოს სეზონური, მაგალითად მხოლოდ გაზაფხულის პერიოდში ემართებოდეთ  ან მთელი წლის განმავლობაში აწუხებდეს ადამიანს. სეზონურ ალერგიულ რინიტს ძირითადად იწვევს ხეების, ბალახებისა და სარეველების ყვავილის მტვრის მარცვლები. მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგენებია ოთახის მტვრის ტკიპები, ნესტის სოკოს სპორები, ცხოველის ქერტლი, ტარაკანი, რაც ძირითადად შენობის შიგნით გვხვდება.

ალერგიული რინიტის ძირითადი სიმპტომებია ცხვირიდან უხვი წყლისებური გამონადენი, გახშირებული ცემინება, გემოვნების შეცვლა, ტკივილი სახის არეში, თვალების ქავილი, სიწითლე, თვალის ქვედა ქუთუთოების შეშუპება და კანის ფერის გამუქება ე.წ. „მუქი რგოლების“ არსებობა, ყურების და ყელის ქავილი, იშვიათად ტკივილის შეგრძნება, პირღია სუნთქვა, ღამით ხშირი გაღვიძება, დაღლილობის შეგრძნება, შრომის უნარის დაქვეითება.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 20-40 %-ს ასევე აღენიშნებათ ასთმაც, რომელსაც ახასიათებს ხველა და/ან მსტვინავი სუნთქვა,  სულხუთვა, სუნთქვის გახშირება შეტევის დროს.

როგორ განვასხვავოთ ალერგია სხვა ინფექციებისგან და ამ შემთხვევაში ახალი კორონავირუსისგან?

ხშირად პაციენტებს უჭირთ გაარჩიონ, ცხვირიდან გამონადენის მიზეზი არის ალერგია, გაციება თუ გრიპი. ახლა უკვე საყურადღებო გახდა ახალი კორონავირუსული ინფექცია. 

გაციებას იწვევს ვირუსის დახლოებით 200-მდე ქვეტიპი. იგი თვითგანკურნებადი დაავადებაა, მიმდინარეობს სიმპტომების მსუბუქი გამოვლინებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ცემინება,  ცხვირის გაჭედვა და/ან ცხვირიდან გამონადენი, უფერო ან მომწყვანო-მოყვითალო ფერის, მსუბუქი ხველა, რომელიც უხშირესად უმჯობესდება ცხვირის და ყელის სიმპტომების ალაგების შემდეგ. იშვიათად ახასიათებს ცხელება, კუნთების ტკივილი,  თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება ყურის და სახის არეში. 

გრიპის ვირუსს ახასიათებს სეზონურობა, ძირითადი სიმპტომებია ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ხველა ,  ზოგჯერ ყელის ტკივილი, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი.

ახალი კორონავირუსის დროს წამყვანია მაღალი ცხელება, მშრალი ხველა, დაღლილობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი, პაციენტების უმრავლესობას აქვს სიმპტომების მსუბუქი გამოვლინება, ზოგიერთი შესაძლოა უსიმპტომოც იყოს, თუმცა შესაძლოა გართულდეს ფილტვების ანთებით და სუნთქვის მძიმე უკმარისობით განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში. თუმცა, რადგან ახალი კორონავირუსი ბოლომდე შესწავლილი არაა, არ ვიცით შორეული გამოსავალი. 

რას გულისხმობს სეზონური ალერგია  და რა საპრევენციო ზომებს უნდა მიმართონ პაციენტებმა  ?

სეზონური ალერგია გულისხმობს წლის გარკვეულ პერიოდში ისეთი  სიმპტომების არსებობას როგორიცაა ცხვირიდან უხვი წყლისებური გამონადენი, გახშირებული ცემინება, გემოვნების შეცვლა, ტკივილი სახის არეში, თვალების ქავილი, სიწითლე, თვალის ქვედა ქუთუთოების შეშუპება და კანის ფერის გამუქება ე.წ. „მუქი რგოლების“ არსებობა, ყურების და ყელის ქავილი, იშვიათად ტკივილის შეგრძნება, პირღია სუნთქვა, ღამით ხშირი გაღვიძება, დაღლილობის შეგრძნება, შრომის უნარის დაქვეითება.

ასთმის შემთხევაში  ხველა და/ან მსტვინავი სუნთქვა,  სულხუთვა, სუნთქვის გახშირება შეტევის დროს.

გასათვალისწინებელია, რომ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ალერგენსპეციფიურ იმუნოთერაპიას ვუწოდებთ,  მოიხსენიება როგორც „ანტიალერგიული აცრა“, რაც დროთა განმავლობაში მკვეთრად უმსუბუქებს სიმპტომებს პაციენტს , შესაძლოა სრულად განიკურნოს კიდეც. ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს თუ ადრეულ ასაკში აქვთ ეს მკურნალობა ჩატარებული, სამომავლოდ დაახლოებით 70%-ით უმცირდებათ ასთმის განვითარების რისკიც.

მედიკამენტების მიღება უმჯობესია გადაწყდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, პრევენციისთვის მნიშნელოვანია ალერგენების თავიდან არიდება, მაგალითად თუ კვიპაროსზე გაქვთ ალერგია, მისი ყვავილობის დროს მოერიდეთ ქარიან ამინდში გარეთ აქტივობას, უმჯობესია სეირნობა წვიმის დროს ან შემდეგ რადგან გარკვეულწილად სუფთავდება მისი ყვავილის მტვრისგან ჰაერი, მანქანით მგზავრობისას დახურეთ ფანჯარა და გამოიყენეთ კონდინციონერი, უმჯობესია HEPA გამწმენდი ფილტრით, გამოიყენეთ სათვალე, სახლში დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი რათა მოხდეს ალერგიული მტვრის ნაწილაკების ჩამორეცხვა სხეულიდან, ხშირად გამოირეცხეთ ცხვირის ლორწოვანი ზღვის მარილის შემცველი ხსნარებით, ოთახის დასუფთავება უმჯობესია მოხდეს სველი წესით და HEPA  ფილტრის მქონე მტვერსასრუტით, ტანსაცმელი და თეთრეული სასურველია გაშრეს საშრობ ოთახში პრობლემურ სეზონზე. 

როგორ დაიცვან თავი  სასუნთქი სისტემის სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს?

ახალი კორონავირუსის შესახებ ჯერ მაღალი მტკიცებულების რეკომენდაციები ბევრი არ გვაქვს, რადგან ცოტა დროა გასული და დაგროვილი მასალა სრულყოფილი არაა, თუმცა რაც გამოიკვეთა ფაქტია რომ, რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან 70 წლის და მეტი ასაკის პირები , ასევე სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე  ადამიანები, ამიტომ ასთმის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვანია საკონტროლო ვიზიტი ექიმთან, სიმძიმის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და შეტევის შემთხვევაში, სპაზმის მომხსნელი პრეპარატის მუდმივად თან ტარება, რადგან ასთმა როგორც სხვა ნებისმიერი ინფექციის დროს, ახალი კორონავირუსის დროსაც შეიძლება გამწვავდეს. 

რა ქმედებებს მოიცავს  პროფილაქტიკური ღონისძიებები კორონავირუსის პრევენციისთვის? 

რადგან ჯერ ვაქცინა არ გვაქვს, პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს ყველა იმ ქმედებას, რაც განკუთვნილია ზოგადად გრიპისმაგვარ დაავადებებთან მიმართებაში და მოწოდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ:

  • თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი მოგზაურობისგან.
  • თუ უკვე დაბრუნდნენ მოგზაურობიდან, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირების თვითიზოლაციის წესების დაცვა, რადგან თვითშეგრძნება – „მე ეს არ დამემართება,“ უკვე არაერთხელ გახდა ოჯახის წევრებისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის საბედისწერო.
  • შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.
  • ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, იმ შემთხვევაში, თუ წყალი დ საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება . ( თუმცა ბავშვებისთვის არაა რეკომენდებული სპირტის შემცველი ხსნარების გამოყენება)
  •  დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება, ხველისა და ცემინების დროს უნდა მოხდეს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარება
  • საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის ხშირი განიავება და დალაგება სველი წესით;
  • ბევრ ქვეყანაში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა , რადგან ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.