Skip to content Skip to sidebar Skip to footer


ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) 2026-2027 წლების სეზონზე 6 თვის და უფროსი ასაკის ყველა ბავშვის გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიურ ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევს, თუ ბავშვს აცრის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვს.

განახლებული რეკომენდაციები განსაკუთრებით მძიმე გრიპის სეზონს მოჰყვა, რომელმაც შეერთებულ შტატებში თითქმის 200 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აკადემიის განმარტებით, გრიპის ვაქცინები მრავალჯერ არის შესწავლილი და ბავშვებში უსაფრთხო გამოყენების გამოცდილება არსებობს. ვაქცინაცია არა მხოლოდ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს ამცირებს, არამედ ხელს უშლის გრიპის ისეთ შემთხვევებსაც, რომლებიც ექიმთან ვიზიტის აუცილებლობას იწვევს.

რა აჩვენა 2025–2026 წლების გრიპის სეზონმა?

ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მკვლევრების კვლევის თანახმად, გრიპის ვაქცინაცია ბავშვებსა და მოზარდებში გრიპით გარდაცვალების რისკს დაახლოებით 80%-ით ამცირებს.

გარდა ამისა, CDC-ის შეფასებით, 2024-2025 წლების სეზონზე ვაქცინაციამ ბავშვებსა და მოზარდებში დაახლოებით 15 000 ჰოსპიტალიზაციისა და 245 გარდაცვალების შემთხვევა თავიდან აიცილა.

რას რეკომენდაციას უწევენ პედიატრები 2026–2027 წლების სეზონზე?

ამერიკის პედიატრიის აკადემიის განახლებული რეკომენდაციები რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს:

  • ვაქცინაციის ასაკი: აცრა რეკომენდებულია 6 თვის და უფროსი ასაკის ყველა ბავშვისთვის, რომელსაც სამედიცინო უკუჩვენება არ აქვს.
  • ვაქცინის შერჩევა: შესაძლებელია ნებისმიერი ლიცენზირებული გრიპის ვაქცინის გამოყენება, რომელიც შეესაბამება ბავშვის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. აკადემია რომელიმე კონკრეტულ ვაქცინას უპირატესობას არ ანიჭებს.
  • დოზების რაოდენობა: საჭირო დოზების რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე პირველი აცრის დროს და მის წინა ვაქცინაციის ისტორიაზე.
  • ვაქცინაციის დრო: რეკომენდებულია აცრა ვაქცინის ხელმისაწვდომობისთანავე, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ორი დოზა სჭირდებათ. ოპტიმალური დაცვისთვის სასურველია ვაქცინაციის დასრულება ოქტომბრის ბოლომდე.
  • ორსულობა და ძუძუთი კვება: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ორსულებისთვისაც, რადგან ის როგორც დედის, ისე ჩვილის დაცვას უწყობს ხელს. ძუძუთი კვების პერიოდში დედის ვაქცინაციაც უსაფრთხოდ მიიჩნევა და ჩვილის დაცვასაც უზრუნველყოფს.

რა უნდა ვიცოდეთ გრიპის მკურნალობის შესახებ?

აკადემიის რეკომენდაციები გრიპის მკურნალობის საკითხსაც ეხება.

ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობა რეკომენდებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გრიპი დაუდასტურდათ ან მასზე ეჭვი არსებობს და რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან, დაავადება მძიმედ ან პროგრესულად მიმდინარეობს, ან გრიპის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ანტივირუსული მკურნალობა შესაძლოა ასევე განიხილებოდეს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ და გართულებების მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, თუ მკურნალობის დაწყება დაავადების პირველი სიმპტომებიდან 48 საათის განმავლობაში მოხერხდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველწლიური ვაქცინაცია?

გრიპის ვირუსი სეზონურად იცვლება, ამიტომ წინა წელს ჩატარებული აცრა მომდევნო სეზონზე ოპტიმალური დაცვის გარანტიას არ იძლევა.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია არა მხოლოდ ინფიცირების შემთხვევების შემცირება, არამედ დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების პრევენცია.

მნიშვნელოვანია: ვაქცინაციის საკითხზე გადაწყვეტილება ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შესაძლო უკუჩვენებების გათვალისწინებით, პედიატრთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა მიიღოთ.


წყარო: www.healthychildren.org

გთხოვთ გაითვალისწინოთ: dedamicis.ge-ზე განთავსებული სტატიები წარმოადგენს საინფორმაციო/საგანმანათლებლო კონტენტს და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი