ორი წლის ანიტა ფაცაციამ მთელი საქართველო სიკეთის უზარმაზარ ჯაჭვში ჩააბა. ცოტა ხნის წინ, ანიტას ოჯახის გადაწყვეტილებით “ანიტას ფონდი” დაფუძნდა და ახლა უკვე, მისი სახელით ბევრი სიკეთის გაკეთება იგეგმება. ჩვენ ვესაუბრეთ მარიკო სადრაძეს, ანიტას დედას და “ანიტას ფონდის” დამფუძნებელს, ფონდის მთავარ მიზნებზე და სამომავლო კეთილ საქმეებზე.
მარიკო, მოგვიყევით „ანიტას ფონდის“ შექმნის იდეასა და გადაწყვეტილებაზე.
„ანიტას ფონდის“ შექმნა იყო არა იდეა, არამედ მოცემულობა. ძალიან მალევე გავიაზრე რამხელა ვალდებულება დამეკისრა და დავდექი არჩევანის წინაშე: ან უნდა ამერიდებინა თავიდან ეს ყველაფერი ან მომეკიდებინა ხელი. ზუსტად ამ დროს მოვიდა ეს გადაწყვეტილებაც. ჩემთვის ძალიან რთულია ამ პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ფონდის საშუალებით შევძლებდი მადლობა გადამეხადა იმ უამრავი ადამიანისთვის, რომლებმაც ჩემს გამო თავი არ დაზოგეს და ახლაც მამხნევებენ. მინდა მათ სიკეთეს სიკეთით ვუპასუხო. იმხელა მხარდაჭერასა და სიყვარულს ვგრძნობ, სურვილი მაქვს როგორმე ამ ადამიანებს დავუბრუნო ეს დადებითი ემოციები.
ანიტას გარშემო სასწაული მოხდა და ახლაც ხდება. ათასობით ადამიანი მწერს, რომ ჩვენმა ამბავმა ბევრ რამეზე დააფიქრა და სიკეთის კეთების სურვილი აღუძრა. მინდა, რომ ეს სიყვარულის, ემპათიის, ერთობის ცეცხლი კი არ ჩავაქროთ, არამედ გავაღვივოთ.
მთელი არსებით მაქვს გასიგრძეგანებული, რას განიცდიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების ოჯახის წევრები. მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, ფიზიკურად ვერ ვახერხებ ანიტას ბიუჯეტით დავეხმარო ყველას, ვისაც ეს სჭირდება, ზუსტად ამან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფონდის შექმნის აუცილებლობა. ჩვენს გარდა ბევრი ფონდია, რომლებიც გვერდში უდგანან ადამიანებს და ყველას ერთად ბევრის გადარჩენა შეგვიძლია.
როგორ იპოვეთ ძალა საკუთარ თავში გეზრუნათ სხვებზეც, გაგევრცელებინათ სიკეთე ანიტას სახელით?
როდესაც ადამიანს ასეთი რამ ემართება, მე ვფიქრობ, რომ დარჩე ცოცხალი – ერთადერთი სწორი არჩევანი ესაა. რადგან ღმერთმა დაგტოვა, უნდა დარჩე. თუკი გადავწყვიტე ვიცოცხლო, არ მინდა ვიყო უსარგებლო ადამიანი, რომელიც სულ სხვებისგან ითხოვს დახმარებასა და თანადგომას.
ძალა მაპოვნინეს ამ ფიქრებმა, ჩემმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, ქართველმა ერმა და ადამიანებმა, რომლებიც სითბოსა და სიყვარულს არ იშურებენ. თითოეული თბილი სიტყვა, ჩემთვის დიდი ნუგეშია. რაც მთავარია, ძალას მაძლევს ჩემი გოგო, ანიტა და მის მიმართ ჩემი განუზომელი, უსასრულო სიყვარული.
რა იქნება “ანიტას ფონდის” პრიორიტეტი და როგორ შეარჩევთ ბენეფიციარებს?
ფონდის ბენეფიციარები იქნებიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, განურჩევლად ასაკისა. სუბიექტური მიზეზების გამო, თავიდან იყო იდეა, რომ პრიორიტეტად დაგვესახა პატარები, მაგრამ შემდეგ გავიაზრეთ, რომ ოჯახის წევრის გასაჭირი ნებისმიერ ასაკში მტკივნეულია. მივხვდით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვეჭიდოთ სირთულეებს, ამიტომ არ გავაკეთებთ ასაკობრივ შეზღუდვას.