ეს სტატია წარმოადგენს ნაწილს სერიისა “პირველყოფილი ყვირილი”, რომელიც შეისწავლის პანდემიის გავლენას ამერიკაში მომუშავე დედებზე.
სტატიის ავტორია მედიცინის დოქტორი პუჯა ლაქშმინი, Gemma-ს დამფუძნებელი, ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, რომელიც ეძღვნება ქალთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მუშაობს წიგნზე თვითმოვლის ტირანიის შესახებ.
მე ქალთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სპეციალიზირებული ფსიქიატრი ვარ და პანდემიის განმავლობაში ჩემთან სამკურნალოდ მოსული ყოველი დედა ყოველდღე ებრძოდა გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეულ დაღლილობას, გაბრაზებასა და უმწეობის განცდას.
ეს არ არის სენსაციური ახალი ამბები. მშობლების, განსაკუთრებით დედების „გადაწვა“ საერთაშორისო უბედურების განმსაზღვრელი პრინციპია. კლინიკური დონის „გადაწვა“ მოიცავს 3 სიმპტომს: გამოფიტვა, ამაოების განცდა და პირადი კავშირების შენარჩუნების სირთულე. და მაინც, ვფიქრობ, რომ ეს ტერმინი ვერ აღწერს მათი სასოწარკვეთის სიღრმეს. ისინი არიან დედები, რომლებიც შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგებიან: ბავშვის სკოლაში გაგზავნა და დავირუსების რისკი ან სამსახურში არ გამოცხადება;
რისი გაკეთება შეგიძლიათ?
გაითვალისწინეთ, რომ ეს პრობლემები სისტემურია. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ თუ მსოფლიო კრიზისის დროს თავს დამნაშავედ და გამოფიტულად გრძნობთ, ეს სხვა ადამიანების გაკეთებული გადაწყვეტილებების გამო ხდება. თქვენ ვერ გამოასწორებთ ეროვნული პანდემიის პოლიტიკას.
თავი დააღწიეთ “სწორი” არჩევანის ხაფანგს. როდესაც საქმე პანდემიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ეხება, სრულყოფილი არჩევანი არ არსებობს. შესანიშნავი გამოსავლის პოვნის დაუძინებელი მოთხოვნილება გიქმნით კონტროლის ილუზიას.
როდესაც აღმოაჩენთ, რომ გონებრივად აქეთ „იხრებით“ გაიხსენეთ, რომ გაქვთ არჩევანი, როგორ უპასუხებთ თქვენს ფიქრებს და ჩაერთვებით მათში. მაგ. როდესაც სწორი პასუხის მოძებნზე ხართ ორიენტირებული, სცადეთ თქვათ, „და აი, ჩემი გონება ისევ მეუბნება, რომ სრულყოფილი პასუხი არსებობს“. გონებისათვის ყურადღების მიქცევა ავითარებს ფსიქოლოგიურ მოქნილობას, რაც გაძლევთ ემოციურ სივრცეს კითხვის დასმისათვის, არის თუ არა ფიქრის ეს გზა პროდუქტიული ან თუნდაც რეალისტური.
გასაკეთებელი საქმეების სიაში მეტი ამოცანის, თუნდაც “თვითმოვლის” დამატება არ არის გადაწვის პანაცეა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შეიძლება ამან უფრო მეტი საზრუნავი მოგიმატოთ, თუ უხილავ შრომას, რომელიც თან ახლავს ოჯახის მართვას, დაემატება დანაშაულის განცდა მარცხის გამო.
მე ხშირად ვეუბნები ჩემს პაციენტებს, რომ “თვითმოვლის” ნამდვილი სამუშაო არის იმის აღიარება, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს ნება დართოს დაიბრუნოს დრო და ენერგია. ეს შეიძლება ნიშნავდეს მძიმე საუბარს პარტნიორთან (თუ გყავთ), ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელთან იმის შესახებ, თუ რა ამოცანებია ამჟამად რეალისტური და რა მოიცდის.
დააკვირდით, როგორ ესაუბრებით საკუთარ თავს. ჩემი პაციენტები მეუბნებიან: „მე უფრო მეტს უნდა ვაკეთებდე“. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ქალებმა გაითავისეს კულტურა, რომელიც ითხოვს მათგან აიღონ მზრუნველობის მთელი ტვირთი ისე, რომ თან ეს საქმე უმნიშვნელოდ ჩათვალონ.
გახსოვდეთ, რომ მსოფლიოში შექმნილი ამ არეულობის მიზეზი თქვენ არ ხართ. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დაიდანაშაულოთ თავი ზედიზედ სამი ვახშმის შეკვეთის გამო, შეეცადეთ საკუთარ თავს უთხრათ მსგავსი ფრაზა: „ჩემს სახლში ქაოსია, რადგან სამყარო ქაოტურია და არა იმიტომ, რომ ცუდი დედა ვარ“. შეახსენეთ მას, რომ ამჟამინდელი მიზანი სრულყოფილება და წესრიგი კი არ არის, არამედ – თანაგრძნობა და მოქნილობა.
მოახმარეთ თქვენს ხელთ არსებული მცირე დრო იმას, რაც თქვენ გჭირდებათ. ჩვენი ურთიერთობების ხარისხი კავშირშია ემოციურ სიჯანსაღესთან და კმაყოფილებასთან ცხოვრებაში. პარტნიორობის, მეგობრობისა და ოჯახური კავშირების ნამდვილობის განვითარებას შეუძლია შეამციროს „გადაწვის“ ინტენსიურობა.
პროაქტიულად მიმართეთ თქვენი რისხვა. დოქტორი კალი საირუსი, ფსიქიატრი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორი, გირჩევთ ნაბიჯის წინ გადადგმას, თუ ეს შეგიძლიათ. ”შიში იმისა, რომ ვინმეს გრძნობები არ დააზიანოთ, არ შეაწუხოთ, ან პრობლემები არ შეიქმნათ, მკრთალდება იმ ნაწილთან შედარებით, რომელსაც დაკარგავთ, როდესაც ამას არ გააკეთებთ”, – ამბობს ის. ასე რომ, გადადგით ნაბიჯი. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ზოგჯერ მოითხოვოთ Zoom-ში შეხვედრა შეიცვალოს სწრაფი სატელეფონო ზარით, ან გამოიკითხოთ, როგორ გაითვალისწინებს ეფექტურობის შეფასება პანდემიის დროს მშობლობის მოთხოვნებს.
დაბოლოს, არ არსებობს მარტივი ა(მო)ხსნა მასობრივი საზოგადოებრივი ღალატისა, რომელიც განიცადეს დასაქმებულმა დედებმა გასული წლის განმავლობაში; ასე თავის მოჩვენება შეურაცხყოფას დაამატებს მიყენებულ ზიანს. ვიმედოვნებ, რომ პრობლემის სისტემური ბუნების აღიარებით, დედები შეძლებენ გათავისუფლდნენ დანაშაულის შეგრძნებისა და სტრესისაგან, რომელიც მათ არ დაუმსახურებიათ.
წყარო: www.nytimes.com