Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ატოპიური დერმატიტი ბავშვთა ასაკის ყველაზე გავრცელებული კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც  ადრეული ასაკიდან ვლინდება. “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” ექიმი-ალერგოლოგი და პედიატრი ნინო მჭედლიშვილი გვიხსნის, რა ფაქტორების გათვალისწინებით   არის შესაძლებელი ატოპიური დერმატიტის გამწვავების თავიდან აცილება ბავშვებში.

რა არის  ატოპიური დერმატიტის მთავარი გამომწვევი მიზეზი ბავშვებში?

ატოპიური დერმატიტი ხშირად მოიხსენიება, როგორც ეგზემა (საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებული ტერმინია ასევე დიათეზი ), კანის დაზიანებაა, რასაც ახასიათებს სიმშრალე, ქავილი, აქერცვლა, სიწითლე. გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.


ატოპიური დერმატიტის მიზეზები სრულყოფილად შესწავლილილი არაა, თუმცა ვიცით რომ  მემკვიდრულ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ატოპიური დერმატიტი კანის ზედა შრის (ეპიდერმის) დისფუნქციის შედეგია. ეპიდერმისი პირველი დამცავი შრეა. როდესაც იგი დაუზიანებელია, აკავებს გამღიზიანებლებს, ალერგენებს და მიკრობებს ორგანიზმში შეჭრისგან.


ბავშვებში ატოპიური დერმატიტი ხშირად დაკავშირებულია საკვებთან, ამიტომ უნდა შეფასდეს ალერგოლოგის მიერ, დროულად უნდა გამოვლინდეს “დამნაშავე”, მაპროვოცირებელი ალერგენი ეფექტური მკურნალობისა და პროგნოზისთვის განსაზღვრისთვის, ცნობილია ასეთი ტერმინი “ატოპიური მარში”, რაც კარგად ასახავს ალერგიული დაავადებების პროგრესს, იწყება ადრეულ ასაკში, მოიცავს ატოპიურ დერმატიტს, კვებით ალერგიას, ალერგიულ რინიტს და შემდგომ უკვე ასთმას.

რა ასაკიდან ვლინდება ატოპიური დერმატიტის ნიშნები ბავშვებსა და მოზრდილებში?


პაციენტების უმრავლესობას ატოპიური დერმატიტის პირველი სიმპტომები 5 წლამდე ასაკში უვლინდებათ. გამოხატულია კანის ქავილი, სიწითლე, მცირე შეშუპება, სიმშრალე, გაკაწვრა (ექსკორიაციები), რაც დამატებით ახდენს კანის ანთებას, აუარესებს ქავილს. 

ატოპიური დერმატიტის გამოვლინება ინდივიდუალურია და იცვლება დროთა განმავლობაში. დაზიანებას ახასიათებს სხეულის სპეციფიურ ადგილებში ლოკალიზება, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა დაზიანდეს მრავლობითი უბნები.


• ჩვილებში შესაძლოა იყოს წითელი, მშრალი, აქერცვლადი უბნები, კიდურებზე, ლოყებზე და თავზე. 


• ბავშვებში და მოზრდილებში უხშირესად დაზიანება ლოკალიზებულია კისრის უკან, იდაყვის და მუხლის მომხრელ ზედაპირებზე, ასევე სახეზე, მაჯაზე და მტევანზე. კანი შესაძლოა გასქელდეს და გამუქდეს ხშირი გაკაწვრით, ასევე დაინფიცირდეს ქავილის შედეგად, განვითარდეს წითელი მტკივნეული, შეშუპებული უბნები, ზოგჯერ ჩირქის შემცველი.


დიაგნოზი ემყარება ანამნეზის შეგროვებას და ფიზიკურ გასინჯვას, ამის შემდეგ ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

რა ფაქტორები ამწვავებს ატოპიურ დერმატიტს და რა იქნება თქვენი რეკომენდაცია  მშობლებისთვის?


ატოპიური დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა წლების განმავლობაში არ ჰქონდეს სიმპტომები და შემდეგ ისევ გაუარესდეს. ამიტომ,  მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, რათა  თავიდან ავიცილოთ ატოპიური დერმატიტის  გამწვავება. მაპროვოცირებელი ფაქტორებია:


•სიცხე, ოფლიანობა, სიცივე
•სტრესი
•ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა
•ქიმიკატები და გამწმენდი საშუალებები მაგალითად: საპნები, სუნამო, კოსმეტიკა. ასევე, შალი ან სინთეტიკური ქსოვილები, მტვერი, ქვიშა, სიგარეტის კვამლი.

მნიშვნელოვანია, კანი იყოს მუდმივად დატენიანებული. დამატენიანებელი და დამარბილებელი კრემები და მალამოები ატენიანებენ კანს და ხელს უშლიან მის გამოშრობას. საუკეთესო დამატენიანებლებია სქელი კრემები, რომელიც მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავენ წყალს. უფრო ეფექტურია, თუ მათ წაუსმევთ ბავშვს დაბანის შემდეგ დაუყოვნებლივ.


დაბანა შესაძლებელია ყოველდღიურად, თუმცა უმჯობესია გამოიყენოთ საპონი საპნის გარეშე, PH ნეიტრალური საპნები ან მხოლოდ წყალი. დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 წუთს, წყლის ტემპერატურა სასურველია იყოს 37ºC, დაბანის შემდეგ უნდა გაამშრალოთ ნაზად, რბილი ბამბის პირსახოცით. გამშრალების შემდეგ სწრაფად დაუტენიანეთ კანი დამარბილებელი და დამატენიანებელი ჰიპოალერგიული კრემით ან ბალზამით. გამწვავების შემთხვევაში დროულად უნდა მოხდეს მკურნალობა, ექიმის მიერ რეკომენდებული საშუალებებით, რათა ავიცილოთ თავიდან გართულება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5