პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ “გამმას” კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის თერაპევტი დეა ჯიაძე.

რა განაპირობებს ჩვენს ბედნიერებას?
გეცოდინებათ, რომ ზრდასრულ ასაკში ბედნიერების ხელისშემწყობი ფაქტორების შესახებ ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი კვლევა ჰარვარდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. ამ კვლევამ ისეთი ფაქტები გამოავლინა, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება.
მკვლევრები აკვირდებოდნენ მონაწილეებს მთელი მათი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში. აღნიშნული კვლევა დაიწყო ბოსტონში და მოიცვა 3 თაობა: ბებია-ბაბუა, მშობლები და შვილები, რომლებიც ახლა მოიაზრებიან როგორც „ბეიბი ბუმერები“ (დემოგრაფიული კოჰორტა, რომელიც მოიცავს აშშ-ში, 1946-1964 წლებში შობადობის მკვეთრი მატების პერიოდში დაბადებულთა თაობას).
გაანალიზებულია 2000-ზე მეტი ადამიანი 85 წლიანი ლონგიტუდური კვლევის განმავლობაში. ამ დიდი პოპულაციის 8 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დაკვირვების შედეგად, კვლევამ გამოავლინა კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან ყველაზე მეტად დაკავშირებული ფაქტორები. სტატიაში შეჯამებულია ავტორთა ძირითადი იდეები და მიგნებები.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები?
85 წლიანი კვლევის ყველაზე ბედნიერ მონაწილეებს 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდათ საერთო: საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვა ადამიანებთან მოსიყვარულე ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ნათელია, რომ კარგი ჯანმრთელობა არსებითად მნიშვნელოვანია კარგად ცხოვრებისთვის. თუმცა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყო ჯანმრთელობისა და ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი პრედიქტორი სიბერის დროს.
პროფესიული წარმატება არ არის საკმარისი.
მხოლოდ პროფესიული წარმატება არ იძლევა ბედნიერების გარანტიას, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სიამოვნების მომგვრელი იყოს. კვლევამ გამოავლინა, რომ ისინი, ვინც ყველაზე ბედნიერები იყვნენ, არ იყვნენ ხალხისგან განცალკევებულები. სინამდვილეში, ყველაზე ბედნიერი ადამიანები უფრთხილდებოდნენ და ხელს უწყობდნენ ჯანსაღი პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. დასაქმებულთა შორის არსებული განათლების და კულტურული ცნობიერების მაღალი დონე მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებასა და ჯანდაცვაზე უკეთეს ხელმისაწვდომობას.
სოციალური უნარები
მარტოობა ქმნის სირთულეს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების დროს. უმნიშვნელოვანესია გვყავდეს ვიღაც, ვისთანაც შევძლებთ ჩვენი წუხილის გაზიარებასა და ემოციურ „განიავებას“. აქედან გამომდინარე, ვოლდინგერი, რომელიც ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორია და წიგნიც გამოსცა ბედნიერი ცხოვრების შესახებ, გვირჩევს შევაფასოთ, განვავითაროთ, გავამყაროთ და გავაფართოოთ ურთიერთობები. ის ამას სოციალური კავშირების შენარჩუნებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობებს, ისევე როგორც ფიზიკურ მომზადებას, სჭირდება მუდმივი პრაქტიკა. მეგობრობასა და ურთიერთობებს სჭირდება მუდმივი ძალისხმევა, რათა ის არ მინელდეს და გამოიფიტოს. დახმარება შეიძლება გაგიწიოთ მარტივმა სატელეფონო ზარმაც. მნიშვნელოვანია, ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომლებიც ბედნიერების მომგვრელია და ხელს უწყობს ურთიერთობათა ქსელის გაფართოებას. ასეთია მაგალითად სპორტი, ჰობი ან მოხალისეობრივი საქმიანობები.
ბედნიერება მუდმივი არაა
სოციალური მედია თითქმის ყოველთვის გვაჩვენებს ადამიანთა ცხოვრების დადებით მხარეს და შთაგვაგონებს, რომ ყველა უზრუნველად ცხოვრობს. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ არავის ცხოვრება არ არის სირთულეებისა და გამოწვევების გარეშე. სოციალური უნარები ხელს უწყობს სტრესის და სირთულეების წინაშე მედეგობას.
არასდროსაა გვიანი ცხოვრების ცვლილება ახალი ურთიერთობებისა და გამოცდილებების საშუალებით. კვლევამ აჩვენა, რომ კარგი მოვლენები ხდება მოულოდნელად იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ამ ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ეს შესაძლებელი ხდება სოციალური უნარებისა და ურთიერთობების მუდმივი განვითარების საშუალებით. ამ გზით ადამიანებს საშუალება ეძლევათ გახდნენ უფრო ჯანსაღი, დასძლიონ რთული სიტუაციები და მიაღწიონ ბედნიერებას, რომელიც ყველას გვწადია.
ასე რომ, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, დაამყარეთ და შეინარჩუნეთ მოსიყვარულე ურთიერთობები და იქნებით ბედნიერები, – ასე გვირჩევენ მეცნიერები.
გამოყენებული მასალა: