Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბრტყელტერფიანობა ტერფის თანდაყოლილი ან შეძენილი  დეფორმაციაა. ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა პროგრესირებს და შესაძლოა, ხერხემლისა და კიდურების სხვადასხვა დეფორმაციები  გამოიწვიოს.  ორთოპედი ქეთევან  გოცირიძე გვესაუბრება ტერფის ყველაზე გავრცელებული პრობლემის შესახებ ბავშვებში.

რა არის ბრტყელტერფიანობა?

ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ბრტყელი ტერფი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაცია, რომელიც ტერფის თაღის სრულ ან ნაწილობრივ არარსებობაში გამოიხატება. აღნიშნული დაავადება ძალიან გავრცელებულია მოზარდებში. 

როდის შეიძლება დაისვას დიაგნოზი?

როგორც ამერიკელი ორთოპედი ლინ ტ. სტაჰელი ამბობს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 2-3 წლის ასაკში იწყებს. ასე რომ, ყველა ბავშვს 3 წლამდე  რბილი ტერფი აქვს, რაც ნორმას შეესაბამება. ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი 3-4 წლის ასაკში ისმევა, თუმცა ორთოპედთან ვიზიტი სასურველია განხორციელდეს დაბადებიდან მესამე თვეს, შემდგომ პერიოდში რაიმე დარღვევის გამოსარიცხად. 

რა სიმპტომები ახასიათებს ბრტყელტერფიანობას?

ბრტყელტერფიანობას ძირითადად ახასიათებს ქვემო კიდურების ტკივილი, დატვირთვისას ადვილად დაღლა და ხერხემლის და წელის არეში ტკივილიც, ზოგჯერ შეიძლება თავის ტკივილის მიზეზიც გახდეს.

როგორ შეიძლება ბრტყელტერფიანობის მკურნალობა?

ასეთ დროს გააჩნია ბრტყელ ტერფს და გააჩნია ხარისხს, ამის მიხედვით ვნიშნავთ მკურნალობას. მკურნალობა შეგვიძლია დავიწყოთ სპეციალური ვარჯიშით, შეგვიძლია  გავუკეთოთ ინდივიდუალური სუპინატორები ან მძიმე შემთხვევაში შეიძლება ოპერაციული მკურნალობა.

რა გართულებებს იწვევს ბრტყელტერფიანობა?

ეს  გართულებებია: ბავშვები ადვილად იღლებიან თანატოლებთან შედარებით, უჭირთ სპორტული აქტივობები, მაგალითად: ფეხბურთის თამაში და არსებობს რისკი, რომ მომავალში სხვა სახსრების ტკივილი და დეფორმაციაც გამოიწვიოს და ხერხემლის დეფორმაციაც გააღრმავოს. 

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ პრევენციისთვის?

პრევენციისთვის საჭიროა ბავშვისთვის სწორი ფეხსაცმლის შერჩევა. რეკომენდირებულია უსუპინატორო, მყარი ფეხსაცმელი. ასევე, კარგია ფეხშიშველი სიარული უსწორმასწორო ზედაპირზე. ხშირად ეშლებათ და ბავშვს 4 წლამდე აცმევენ სუპინატორიან ფეხსაცმელს, რომელიც ტერფის თაღის ჩამოყალიბებაში მონაწილე კუნთებს ადუნებს და ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5