Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სმენისა და მეტყველების თერაპევტი თეონა გვალია მშობლებს  სთავაზობს იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელიც დაეხმარებათ მათ სმენის დაზიანების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში.

როგორი უნდა იყოს სმენის დაზიანების მქონე ბავშვების მხარდამჭერი გარემო?

მშობლებს არაერთი სპეციალისტის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი თავად არიან. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მათ სჭირდებათ ინფორმაცია. იმისთვის, რომ მშობელი იყოს ეფექტიანი და წარმატებული საკუთარი შვილის მხარდაჭერის პროცესში, უნდა იცოდეს რა არის და რამ გამოიწვია სმენის დაზიანება, იცნობდეს თავისი შვილის სმენის დაზიანების ტიპსა და ხარისხს, სმენის დამხმარე ტექნოლოგიებს, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდებს, სმენისა და მეტყველების განვითარების ეტაპებს და ა.შ.

რაც შეეხებათ მშობლებს, რომელთა შვილებსაც უკვე მორგებული აქვთ სმენის დამხმარე ტექნოლოგია და შესაბამის რეაბილიტაციაში არიან ჩართულები, უნდა ახსოვდეთ, რომ თავად არიან თავიანთი შვილის ძირითადი მასწავლებლები. სახლი ბავშვის განვითარების უპირველესი გარემოა, სადაც ის თავისი დროის უდიდეს ნაწილს ატარებს. ამიტომ ძირითადი შრომა ბავშვის განვითარების კუთხით მშობლების/ოჯახის გასაწევია. აქვე განვიხილოთ რამდენიმე სტრატეგია სახლის პირობებში სმენისა და მეტყველების განვითარებისთვის.

სმენის დამხმარე ტექნოლოგი (სასმენი აპარატი, კოხლეარული იმპლანტი და სხვ.) ბავშვს უნდა ეკეთოს ყოველთვის, როცა ღვიძავს (სულ მცირე, 10 საათი დღის განმავლობაში). ტექნოლოგია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში და შესაბამისად დარეგულირებული.

რა იქნება თქვენი უშუალო რეკომენდაცია მშობლებისთვის, იმისათვის, რომ სწორად და ეფექტიანად დაუჭირონ მხარი სმენის დაზიანების მქონე ბავშვებს ( და არამარტო)?

ბავშვს სჭირდება მოსმენის შესაძლებლობით, ენითა და მეტყველებით მდიდარი გარემო. მასთან თამაშისას და ურთიერთობისას გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის ყოველი მოქმედება. მაგ: „აი, ახლა ავიღებ ვაშლს, გავრეცხავ და ერთად მივირთვათ“, „ლუკა (პირობითად) მიირთმევს ვაშლს. შენ მიირთმევ წითელ ვაშლს“ და ა.შ.

მისდიეთ ბავშვის ინტერესს. დააკვირდეთ, რა მოსწონს, რა აინტერესებს, რაზეა კონცენტრირებული და იქ ჩაერთეთ. თუ ხედავთ, რომ მისი ყურადღება მიპყრობილია, პირობითად, სათამაშო მანქანისკენ, ეთამაშეთ მანქანით. გამოეცით მანქანის ხმა, აღწერეთ მანქანა – რა ფერია, რამდენი საბურავი აქვს, რამდენი კარი აქვს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მანქანით და ა.შ.

თქვენი ინტერესი მასთან თამაშის უნდა იყოს გულწრფელი. უნდა გინდოდეთ და მოგწონდეთ მასთან ერთად თამაში და სხვადასხვა აქტივობა. ბავშვები ამას გრძნობენ და იგივეთი გპასუხობენ.

მასთან ურთიერთობისას, თამაშისას, გაამახვილეთ ყურადღება ნებისმიერ შემთხვევით ხმაზე, მაგ. რაღაც ჩამოვარდა, ვიღაცამ დაიძახა, მუსიკა ჩაირთო და ა.შ. მიაქცევინეთ ყურადღება ბავშვს ასეთ ბგერებზე.

ეცადეთ, რომ ურთიერთობისას თქვენი და ბავშვის თვალები იყოს ერთ დონეზე, რომ შეძლოს გიყუროთ სახეზე/თვალებში. წაახალისეთ ურთიერთობისას  გიყუროთ სახეზე, დაამყაროს თვალით კონტაქტი თქვენთან. თვალით კონტაქტი სხეულის ენის ერთ-ერთი ფორმაა და კომუნიკაციისას ის ძალიან მნიშვნელოვანია. ის იძლევა იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე უბრალოდ სიტყვები.

მყისიერად უპასუხეთ ბავშვის ნებისმიერ შემოხედვას ან მის მიერ წარმოთქმულ ნებისმიერ ბგერას და გაახმოვანეთ ის. ამისთვის საჭიროა კარგად დააკვირდეთ, სავარაუდოდ რისი თქმა უნდოდა თქვენთვის და თქვით ეს ხმამაღლა. მაგ. ბავშვი აწყობს კოშკს კუბიკებით, ერთი კუბიკი თქვენთან ახლოს დევს. ბავშვი გიყურებთ თქვენ, მერე კუბიკს. თქვენ ამბობთ: „კუბიკი გინდა? აჰა, აიღე კუბიკი“ ან ეუბნებით: „შეგიძლია მითხრა, კუბიკი მინდა“. დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად არის ბავშვი მეტყველებისთვის.

ურთიერთობისას ისაუბრეთ შედარებით ნელა, შედარებით მოკლე წინადადებებით, ოდნავ წამღერებით, მკვეთრად გამოყავით სიტყვა, რომელიც გინდათ ბავშვმა ისწავლოს და ხშირად გაიმეორეთ ეს სიტყვა. მაგ: ოჰ, ვნახოთ, რა ხილი გვაქვს აქ. მსხალი, ვაშლი, ატამი. ვაშლი წითელია, ვაშლი მრგვალია, ვაშლი ტკბილია, წვნიანია, მე მიყვარს ვაშლი. მოდი, მივირთვათ ვაშლი და ა.შ.

თუკი ბავშვს უსვამთ კითხვას, დაელოდეთ კიდეც პასუხს მისგან. მაშინაც კი, როცა იცით, არ გიპასუხებთ, უნდა მისცეთ დრო. მხოლოდ ასე შეძლებს გაიგოს, რომ კომუნიკაციას სჭირდება პასუხის გაცემა, პასუხის მოსმენა, რიგის დაცვა.

გაიმეორეთ მის მიერ გამოცემული ბგერები, ჟესტები, მიმიკები, რათა წაახალისოთ, რომ მანაც იგივე გააკეთოს – გაიმეოროს თქვენ მიერ ნათქვამი, თქვენი ჟესტი და მიმიკა. 

ჩართეთ კომუნიკაციაში ემოცია. თქვენი მეტყველება გაამდიდრეთ შესაბამისი მიმიკით და ბუნებრივი ჟესტებით.

შექმენით სიტუაციები, რომლებიც გამოიწვევს ბავშვის გაოცებას. მაგ: ჩამოაცვით წინდა ფეხის ნაცვლად ხელზე. სცადეთ, სასეირნოდ წასვლის წინ მისი ქურთუკის ჩაცმა, მას კი თქვენი გაუწოდეთ. ეს დაგეხმარებათ მიიპყროთ ბავშვის ყურადღება და მიაწოდოთ თქვენთვის სასურველი ფრაზები, ასევე, ელოდოთ მისგან უკუკავშირს.

ყოველთვის შეაქეთ, როცა თქვენთვის სასურველ მოქმედებას განახორციელებს. შეაქეთ მცდელობებისთვისაც. გულწრფელი სიხარული გამოხატეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერების გამო.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5