ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს აქვთ უმწიფარი საჭმლის მომნელებელი სისტება. ამიტომ დედის რძე საუკეთესო საჭმელია მათი პატარა მუცლისთვის.
კვლევების თანახმად, ნაადრევად დაბადებული ახალშობილები უკეთ ინელებენ დედის რძეს, ვიდრე მის შემცვლელ ადაპტირებულ ხელოვნურ ნარევს.
დედის რძეში შემავალი საკვები ნივთიერებები:
ცილები: ნაადრევი ახალშობილის პატარა მუცელი ძნელად გადაამუშავებს ცილებს. როდესაც ბავშვს აქვს რძეზე ალერგია, მას სწორედ ძროხის რძის ცილა უქმნის პრობლემას. ძუძუთი კვების ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ დედის რძე შეიცავს უფრო ადვილად ასათვისებელ შრატს, ვიდრე ფორმულა და სხეული უფრო ადვილად ითვისებს მისგან მიღებულ ცილებს. შესაბამისად, მისი მონელებაც უფრო სწრაფად ხდება.
ცხიმები: იმის გამო, რომ ნაადრევი ჩვილი დაბადების დროს, როგორც წესი, ძალიან მცირე წონას ატარებს, მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კარგი ზრდა. დედის რძე შეიცავს ლიპაზას, რომელიც ეხმარება ნაადრევ ბავშვებს მასში არსებული ცხიმების სრულად მონელებაში. ცხიმების უკეთესი შეწოვა დღენაკლულისთვის ძუძუთი კვების მნიშვნელოვანი სარგებელია.
ნახშირწყლები: დედის რძე შეიცავს როგორც ლაქტოზას (შაქარს), ისე ოლიგოსაქარიდებს (ნახშირწყლების ტიპი). ნაადრევი ჩვილი დედის რძიდან ლაქტოზის 90% -მდე იღებს, რაც მას მინერალების ადვილად ათვისებაში ეხმარება. ოლიგოსაქარიდები აფერხებენ ნაწლავის ლორწოვანზე მავნე ბაქტერიების მიერთებას, რაც, სავარაუდოდ, ამცირებს ნეკროზული ენტეროკოლიტის (NEC) რისკს, რომელიც ხშირად გვხვდება დღენაკლულებში.
იმუნოლოგიური სარგებელი:
ინფექციის შემცირება. ნახშირწყლები დედის რძეში ხელს უშლის ბავშვის ლორწოვან გარსზე ბაქტერიების “მიწებებას”. ძუძუთი კვების ეს სარგებელი ეხმარება ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს ნაკლებად გახდნენ ავად.
სპეციფიკური დაავადებებისგან დაცვა. კვლევამ აჩვენა, რომ დედის რძე ამცირებს ნაადრევი ბავშვის რამდენიმე სპეციფიკური მდგომარეობის რისკს. მაგალითად, სეფსისის, მენინგიტის და რესპირატორული ინფექციების რისკს, როგორიცაა პნევმონია და ბრონქიოლიტი.
შემდგომი სარგებელი: მიუხედავად იმისა, რომ დედის იმუნურ სისტემასა და ბავშვის იმუნურ სისტემას შორის ურთიერთობა არ არის ნათლად გააზრებული, დედები ძუძუთი კვებით გადასცემენ ამჟამინდელ ანტისხეულებს ჩვილებს. თუ დედას და ბავშვს აქვთ ვირუსი, დედის იმუნური სისტემა დაიწყებს ბავშვისთვის ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გაგზავნას დედის რძეში. მათ შორისაა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც.
შემეცნებითი სარგებელი:
კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი წონის ახალშობილებმა, რომლებსაც კვებავდნენ ძუძუთი, (შერეული კვების დროსაც) უფრო მაღალი შეფასება მიიღეს ტესტებზე, როდესაც მათი კოგნიტიური განვითარება იკვლიეს 30 თვის ასაკში. შეფასებები ასევე მაღალი იყო 7.5-8 წლის ასაკშიც.
სარგებელი დედისთვის
ძუძუთი კვებას დედებისთვის ჯანმრთელობის ბევრი სარგებელი მოაქვს. დამატებითი კალორიები, რომლებსაც წვავს ძუძუთი კვება, დაეხმარება დედებს ორსულობამდელ წონას უფრო მალე დაუბრუნდნენ. ჰორმონები, რომლებიც აწარმოებენ დედის რძეს, ხელს უწყობენ საშვილოსნოს შეკუმშვას. ძუძუთი კვებამ შეიძლება შეამციროს დედის სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოთი დაავადების რისკი, ისევე როგორც მე -2 ტიპის დიაბეტით.
ნაადრევი ბავშვის ძუძუთი კვება დედებს ეხმარება, თავი იგრძნონ მნიშვნელოვნად და იამაყონ იმით, რომ ყველაფერს აკეთებენ შვილის ჯანმრთელობისთვის.
რა თქმა უნდა, ძუძუთი კვება თქვენი პირადი არჩევანი უნდა იყოს. ეს ფაქტები დაგეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენთვისა და თქვენი შვილისთვის.
წყარო: www.verywellfamily.com