პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნანა ნაცაური.
როგორ უნდა აიდგას ბავშვმა ფეხი ფეხსაცმლით და ფეხსაცმლის გარეშე?
როდესაც ბავშვი სიარულს სწავლობს, მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბუნებრივად და ფეხსაცმლის გარეშე განვითარდეს. ფეხსაცმლის ტარება გავლენას ახდენს სიარულის მანერაზე, ბალანსზე, ქვედა კიდურის განვითარებაზე, პოზასა და ტერფის თაღზე. კვლევებზე დაყრდნობით, ბრტყელტერფიანობა იმ ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება, რომლებიც ჩვილობის ასაკიდან ფეხსაცმელს მოიხმარენ, ვიდრე მათში, რომლებიც ფეხშიშველები დადიან. თაღის განვითარებისთვის კრიტიკული პერიოდი ექვს წლამდეა, ამიტომ ადრეულ ბავშვობაში სასურველია ფეხშიშველი სიარული.
რა დადებითი მხარეები აქვს ფეხშიშველ სიარულს?
• სენსომოტორული (მგრძნობელობით-მოძრაობითი) განვითარება. ფეხშიშველი სიარული ასტიმულირებს ტერფებში 20 0000-მდე ნერვულ დაბოლოებას და ააქტიურებს ტვინში ვესტიბულურ და პროპრიოცეპტიურ სისტემებს. ეს ეხმარება ბავშვებს საკუთარი სხეულის სივრცეში ორიენტირებაში და ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა ბალანსი და კოორდინაცია.
სანამ დგომასა და სიარულს ისწავლიან, ჩვილები თავიანთ სხეულსა და გარემოს ფეხშიშველი სიარულით აღიქვამენ. შიშველი ფეხებით ეხებიან საფენების, ლოგინების, საწოლების, მანქანის სავარძლების, ეტლებისა თუ იატაკის ზედაპირებს და ტერფების საშუალებით ეცნობიან მათ ტექსტურასა და ტემპერატურას.
2018 წელს გერმანიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეხშიშველი თამაში ხელს უწყობს მოტორული უნარების გაუმჯობესებას.
როცა ბავშვი ფეხშიშველი მოძრაობს, ტერფის დაზიანებისგან თავის ასარიდებლად უფრო ნელა და ფრთხილად დადის, რაც საშუალებას აძლევს უკეთ აღიქვას ყოველი ნაბიჯი. ეს მომავალში ტიპური სიარულის მანერისა და სწორი პოზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გაუმჯობესებულმა სიარულის მანერამ შესაძლებელია შეამციროს მენჯ-ბარძაყის, მუხლის სახსრისა და ზურგის პრობლემები.
ანგელა ჰანსკომი, პედიატრიული ოკუპაციური თერაპევტი და წიგნის „Balanced and Barefoot“ ავტორი, გვირჩევს, რომ ბავშვები ხშირად ვატაროთ ფეხშიშველები როგორც სახლში, ასევე, გარეთ. „გარეთ სიარული ბუნებრივ იმპულსებს აწვდის ტერფებს, როდესაც ისინი სხვადასხვა ზომის კენჭებზე და უსწორმასწორო ადგილზე დადიან“ – წერს ის. ტაქტილური (შეხების) უკუკავშირი ფეხშიშველი სიარულის დროს სასარგებლოა ყველა ასაკის ბავშვისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ სიარულს.
რა გავლენას ახდენს ფეხშიშველი სიარული იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე?
დადასტურებულია, რომ ფეხშიშველი სიარული ხელს უწყობს ანტიოქსიდანტების ზრდას, ანთების შემცირებას და ძილის გაუმჯობესებას. ნესტიან მდელოებზე თუ სველ სანაპიროზე ფეხშიშველი სიარული ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირებას და ამით აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს ფეხზე არ უნდა შესცივდესდა ცივიატაკზე სიარულისას აუცილებლად გამოიყენეთ წინდები.
• დაზიანების თავიდან აცილება. ადამიანებს, რომლებიც ფეხშიშველები დადიან ან ატარებენ მინიმალისტურ ფეხსაცმელს, უვითარდებათ შედარებით ფართო ტერფები, რაც ხელს უწყობს სხეულის წონის თანაბრად განაწილებას და ტრავმების თავიდან აცილებას.
• ტერფის კუნთების გაძლიერება. 2018 წ. ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ „ტრადიციულ“ ფეხსაცმელს შეუძლია ფეხის კუნთების შესუსტება, ხოლო ფეხშიშველი სიარული ან თხელძირიანი ფეხსაცმლის ტარება აძლიერებს მათ და ხელს უწყობს ტიპური სიარულის მანერის ჩამოყალიბებას.
რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ფეხშიშველი სიარული?
პედიატრიული ფიზიკური თერაპევტი ანდრეა ჰეივორდი აღნიშნავს, რომ თუ სიარულის პირველ წლებში შეამჩნევთ რომელიმე ამ ნიშანს, უნდა მიმართოთ თქვენს პედიატრს, ორთოპედს ან პედიატრიულ ფიზიკურ თერაპევტს:
- ტერფების შიდა როტაცია (ტერფები შეაქვს შიგნით);
- X-ისებრი ფეხები (დგომისას ან სიარულისას მუხლების ერთმანეთთან მიახლოება);
- ბუშტუკები ან კალიუსი (გასქელებული და ზოგჯერ გამაგრებული კანის უბანი);
- თითის წვერებზე განმეორებითი სიარული.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხშიშველი სიარული ბავშვისთვის რეკომენდებულია, არსებობს გამონაკლისები. ატიპიური ტერფისა და ქვედა კიდურების განვითარების შემთხვევაში აუცილებელიც არის სპეციალური ფეხსაცმლის ტარება.
რა თქმა უნდა, ბავშვებს ფეხსაცმელი სჭირდებათ. ქალაქის ტროტუარები და თოვლიანი მოედნები არ არის ფეხშიშველი სიარულისთვის განკუთვნილი, მაგრამ თბილი სახლები, სათამაშო მოედნები და ტალახის გუბეები იდეალურია საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის მიზნით! ასე რომ, თუ თქვენი შვილი წინდებს იხდის, არ დაუშალოთ და უფლება მიეცით თავისუფლად გადაადგილდეს შესაბამის გარემოში.