Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვთა სასწრაფო “პედიატრის” ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი- ეკატერინე ყიფიანი “დედამიცისთან” საუბრობს ბავშვის ტემპერატურულ რეაქციებზე. როგორ უნდა ვმართოთ ტემპერატურა, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ასეთ დროს. 

გვესაუბრეთ ტემპერატურულ რეაქციაზე, რომელიც მშობლების შეშფოთებას იწვევს და სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ ტემპერატურის სამართავად.  

ტემპერატურული რეაქცია ეს არის ბავშვთა ავადობის ყველაზე ხშირი სიმპტომი, რაც  შესაბამისად იწვევს ღელვას მშობლების მხრიდან. პირველ რიგში,  უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ტემპერატურა,  როდის ვთვლით, რომ საქმე გვაქვს ცხელებასთან და როგორი უნდა იყოს პრაქტიკული ჩარევა საჭირო ასეთ დროს. ჩვილებში, ორ თვემდე ასაკის ბავშვებში 37.3 -მდე ნორმაა. გარდა ამ ასაკისა, სხვა შემთხვევაში, როდესაც ნიშნული სცდება 37-ს, ვამბობთ რომ გვაქვს ტემპერატურული რეაქცია. განსხვავებულია მისი მახასიათებლები: არსებობს ჰექტიური ცხელება, ფებრილური ცხელება, სუფებრილური ცხელება და ა.შ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ნიშნულს წერს ელექტროთერმომეტრი ან გვაჩვენებს ჩვეულებრივი სიცხის საზომი.სიცხე იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციაა, შესაბამისად, თუ ამას შევხედავთ, როგორც  ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გამოხატულებას, ამ შემთხვევაში ღელვის პოტენციალი შედარებით იკლებს.

რაზე უნდა გაამახვილონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება ბავშვის ტემპერატურული რეაქციის დროს და როდის უნდა მისცენ  სიცხის დამწევი პრეპარატი?

მოზრდილ ადამიანს რომ ჰკითხო, ვიღაცისთვის მარტივია 38 სიცხით ჩვეული ცხოვრების გაგრძელება, სახლში თუ გარეთ, და ვიღაცისთვის 37.5 გრადუსზე იტყვის, რომ ყველაფერი ტკივა, რომ ძალიან ცუდადაა, საწოლიდან ვერ დგება და ა.შ. იდენტური რეაქციები აქვს ბავშვებსაც  ტემპერატურულ რეაქციაზე. ზოგი მარტივად უძლებს მაღალ ტემპერატურას, ზოგისთვის ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტი. შესაბამისად, მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ არა იმ ციფრებზე თუ რას აჩვენებს თერმომეტრი, არამედ იმაზე თუ როგორია მისი შვილის მდგომარეობა. თუ მშობელი ხედავს რომ ტემპერატურა ბავშვს აწუხებს, გახდა გაღიზიანებული, ჭირვეული, თითქოს არ უნდა თამაში, არ უნდა აქტივობებში ჩაბმა, ასეთ დროს სასურველია მივცეთ ბავშვს ტემპერატურის დამწევი საშუალება, რომელსაც აქვს ორგვარი მოქმედება: არის ტემპერატურის საწინააღმდეგო და მას აქვს ერთგვარი ეფექტი ტკივილის გაყუჩების. ასეთი პრეპარატების ორი ჯგუფია: იბუპროფენი და პარაცეტამოლი, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით გამოდის სხვადასხვა ქვეყნებში და ასეთ შემთხვევაში, სწორი დოზირებით, რომელიც პედიატრის მიერ იქნება განსაზღვრული შეგვიძლია მივცეთ ბავშვს, და არა  იმ ეტიკეტის მიხედვით, რომელიც მოჰყვება ანოტაციის სახით მედიკამენტს. ამიტომ, აღარ არის აქტუალური ვუყუროთ ტემპერატურის ციფრებს, ეს ექიმებს შეიძლება  გვჭირდებოდეს გარკვეული მონიტორინგისთვის, რათა  ექიმმა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები, უმჯობესდება თუ არა მდგომარეობა, იწყება თუ არა გამოჯანმრთელების პროცესი ან პირიქით, ხომ არ გვაქვს გართულება. 

მშობლებს მაღალ ტემპერატურასთან ერთად ასევე აშინებთ მოსალოდნელი ფებრილური გულყრის შიში. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი  ასეთ სიტუაციაში?

ფებრილური გულყრა ვითარდება მაღალ ტემპერატურაზე. ძირითადად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში. განსაკუთრებით პირველი ეპიზოდი არის   ძალიან რთული მშობლისთვის. მაგრამ, მინდა გითხრათ, ფებრილური გულყრა 99.9 %  კეთილ თვისებიანია და ის დამაზიანებელ კვალს არ ტოვებს ტვინის ქსოვილზე. მას  აქვს  გარკვეული გენეტიკურ წინასწარგანწყობაც, როცა რომელიმე მშობელს აღენიშნებოდა მსგავსი რამ,   არის ალბათობა, რომ ბავშვსაც ჰქონდეს მიდრეკილება ფებრილური გულყრისადმი. ჩარევის თვალსაზრისით სასურველია მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, მოათავსოს ბავშვი  გვერდულ პოზიციაში, რათა მოხდეს სასუნთქი გზების გახსნა და ასევე თავიდან ავიცილოთ ასპირაცია (გადაცდენა). მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ჟანგბადის მიწოდება – მიიყვანეთ ან გახსენით ფანჯარა, ისე რომ ჰაერის ნაკადი მოხვდეს ბავშვს. 

როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის, ანუ ჰიპოთერმიის  შემთხვევაში?

არანაკლებ მნიშვნელოვანია და ბევრად მეტად ვუფრთხით ექიმები ჰიპოთერმიას, ტემპერატურის ნორმაზე მეტად დაწევას. ჰიპოთერმიად განიხილება მდგომარეობა , როდესაც ტემპერატურა არის 35 C-ზე დაბალი. ასეთ დროს აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ბავშვი, თუ სძინავს აუცილებლად უნდა გავაღვიძოთ. ძირითადად , ამ დროს კანი არის ძალიან ცივი, მარმარილოსებრი შეფერილობის, წებოვანი, ოფლით დაფარული. აუცილებლად, მომენტალურად უნდა გავხადოთ სველი ტანსაცმელი, გავამშრალოთ, შევცვალოთ ის ახლით. ჰიპოთერმიის დროს მშობლები უშვებენ ერთ შეცდომას: გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი არის ძალიან ცივი იწყებენ მის ინტენსიურ გათბობას, ბევრს აცმევენ, ახურავენ საბანს, სვამენ ღუმელთან, ადებენ ცხელ სათბურებს და ა.შ. ცხელი სათბურების დადება, განსაკუთრებით მაგისტრალური სისხლძარღვების მიმდებარედ კატეგორიულად არ შეიძლება, ვინაიდან ცივი სისხლის მოძრაობა ხდება ამ დროს და შეიძლება გულის გაჩერება გამოვიწვიოთ,  რადგან ამ დროს ოფლის გამოყოფა გაიზრდება და სითხის დაკარგვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ტემპერატურა კიდევ დაიწევს. ამ დროს მთავარი პრინციპია: გაათბეთ და არ გააცხელოთ და მხოლოდ და მხოლოდ გააქტიუროთ ბავშვი. ბავშვის აქტივობასთან ერთად ტემპერატურა აუცილებლად აიწევს. თუ გააქტიურება არ შეგვიძლია, სასურველია ბავშვს მივცეთ თბილი, ცოტათი ტკბილი სითხე, რაც ამ დროს ძალიან გვეხმარება. თუ გავიდა 40 წუთი და ტემპერატურა არ ადის მაღლა, არამედ ისევ იკლებს, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ უნდა მიმართოთ კლინიკას. 

როგორ მოვიქცეთ დიარეის  დროს და რა არის საგანგაშო ნიშნები

ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ, რას ვეძახით დიარეას. ნაწლავთა მოქმედების სიხშირე უნდა აღემატებოდეს სამს. პირველი, რაც მშობელმა ყურადღებით უნდა ნახოს, ხომ არ არის სისხლის მინარევი განავალში, რაც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს ანტიბიოტიკთერაპიის სახით უმეტესად. ეს არის ერთ-ერთი საგანგაშო ნიშანი დიარეის დროს, რასაც სჭირდება პედიატრთან კონსულტაცია, შემდეგ უკვე შესაბამისი კვლევები. ხშირად არის ასეთი კითხვაც: რამემ ხომ არ აწყინა თუ ვირუსია? არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, ინტოქსიკაცია რაიმე კვებითი  აგენტის სახით ხდება თუ ვირუსული  ინტოქსიკაცია პასუხი. არ იცვლება მიდგომა და არ იცვლება მკურნალობა.

როდის არის საჭირო გადასხმები, დიეტა ?

რასაც მშობლები პირველ რიგში უნდა აკეთებდნენ, ეს დაკარგული სითხის შევსებაა და ამისთვის არ არის აუცილებელი ბავშვი მოთავსდეს კლინიკაში, თუ მას შეუძლია პერორალურად სითხის მიღება. შესაბამისად, ასეთი ბავშვი გადასხმას არ საჭიროებს და მშობლებისთვის “საყვარელი” პროცედურა აზრსმოკლებულია.  ყოველ ორ წუთში მცირე ყლუპებით, ნელ-ნელა სითხის მიღება,  ბევრად  უფრო გვეხმარება, ვიდრე ერთიანად, ბავშვისთვის საკმაოდ სტრესულ გარემოში გადასხმული სითხე, რომელიც ორჯერ თუ ღებინება მოხდა ან თუ ისევ განმეორდა დეფეკაციის აქტი, დაკარგულია. ინფუზია საჭიროა თუ ბავშვს აღენიშნება ინტენსიური ღებინება ან უარს ამბობს სითხის მიღებაზე. მეორე შეცდომა, რომელსაც ასეთ შემთხვევაში მშობლები უშვებენ არის დიეტა და მაქსიმალურად გაღარიბებული საკვების მიწოდება ბავშვებისთვის, როგორიც არის ჩაი, სუხარი, მოხარშული კარტოფილის პიურე. ამ დროს არავითარი კვებითი დიეტა არ ინიშნება , ჩვეულებრივ უნდა განაგრძოთ ბავშვის კვება, ბევრად უკეთ, ბევრად მეტი კალორაჟით, ვიდრე მანამდე. რა თქმა უნდა, საუბარია ჯანსაღ კვებაზე და არა ტკბილი, ცხარე, შემწვარი საკვების ბავშვისთვის მიწოდებაზე.  ერთადერთი, რაც შეიძლება შეიზღუდოს,  ეს არის ცოცხლი ხილი და ბოსტნეული, რაც პერესტალტიკას აძლიერებს, სხვა მხრივ ცილა, რძის ნაწარმი და ბოსტნეულიც აუცილებელია, მათ შორის ორთქლზე დამზადებული და ასევე,  გაზრდილი რაოდენობით სითხე. ის რაც ბუნებრივი დამხმარეა ასეთ დროს, არის ბრინჯი , რომელიც ბუნებრივად  იწვევს სითხის შეკავებას ორგანიზმში, რაც ამ დროს ძალიან გვჭირდება, რომ ზომაზე მეტი არ დაიკარგოს და არ მოხდეს დეჰიდრატაცია, ამიტომ წვნიანის მომზადებისას შეიძლება მისი მოცულობის გაზრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მხოლოდ ბრინჯზე და წყალზე იყოს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5