Skip to content Skip to sidebar Skip to footer

„დედამიცისს“ ესაუბრება ოკუპაციური თერაპევტი და ადრეული განვითარების სპეციალისტი თამარ ნოზაძე.

გვესაუბრეთ ბავშვის განვითარების ძირითად სფეროებზე.

შესაძლოა შეგვხვდეს ბავშვის განვითარების სფეროების სხვადასხვა ტიპის დაყოფა, თუმცა უმეტესწილად გამოყოფენ განვითარების 6 სფეროს: ბავშვის ფიზიკური განვითარება, რომელიც  იყოფა ნატიფ და მსხვილ მოტორულ უნარებად. მსხვილი მოტორული უნარები გულისხმობს ნებისმიერი ტიპის მოძრაობას, სადაც ჩართულია ბავშვის თავი, მთლიანი ტორსი, ხელები  და ფეხები; ნატიფ მოტორიკაში იგულისხმება მაჯის ქვემოთ, თითებით მანიპულაცია და დახვეწილი მოძრაობები. შემდეგი სფერო გახლავთ შემეცნებითი-კოგნიტიური სფერო ანუ გონებრივი განვითარება, რომელსაც რამდენიმე სახელით ვხვდებით, ასევე სოციალურ-ემოციური განვითარების სფერო, მეტყველება-კომუნიკაციის სფერო და ბოლო სფერო – ადაპტური უნარები, რომელშიც იგულისხმება ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარება, როგორიც არის ბავშვის დამოუკიდებლად კვება, ჩაცმა-გახდა, ტუალეტის გამოყენება და სხვა ყოველდღიური აქტივობები.  

რას გულისხმობს ბავშვის ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკური განვითარება ორ სფეროს მოიცავს, მსხვილი მოტორული უნარების და ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას. როდესაც ბავშვის განვითარებას ვუყურებთ, იქმნება წარმოდგენა, რომ თითქოს ეს ორივე სფერო თანაბრად ვითარდება, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ ვითარდება მსხვილი მოტორული უნარები, რომელსაც მოჰყვება ნატიფი მოტორული უნარების განვითარება. შესაბამისად, როგორც ჩვილობის ასაკში, ასევე მოზრდილ ასაკში, მნიშვნელოვანია მსხვილი მოტორული უნარების განვითარების ხელშეწყობა, რადგან თუ ბავშვი თავს ვერ იჭერს ან ვერ ზის, მას გაუჭირდება სათამაშოებით მანიპულირებაც, ასევე დიდ ასაკშიც, როდესაც არ არის მოქნილი, არ დაძვრება ხეებზე და ღობეებზე, მას შესაძლოა არ ჰქონდეს წერის კარგი უნარი ან კონსტრუქციის აწყობის უნარი. ყველა სფეროს თავისი ადგილი აქვს განვითარებაში, თუმცა, წლამდე ბავშვებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური უნარების, განსაკუთრებით მსხვილი მოტორული უნარების განვითარება. 

რა არის ბავშვის ძირითადი ტიპური განვითარების ნიშანსვეტები მოტორულ სფეროში? 

როგორც წესი, ნიშნულები არის ასეთი: ბავშვი სწავლობს თავის ჭერას, ბრუნვას, ცოცვას, ჯდომას, ხოხვას, დგომას და ბოლოს სიარულს. ეს ერთგვარი კანონზომიერებაა.  

რა ნიშნები მიუთითებს ბავშვის მოტორული სფეროს განვითარების შეფერხებებზე, რაზეც დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მოტორული სფეროს თითოეულ უნარს – ჯდომა, დგომა და ა.შ. აქვს დაახლოებითი ასაკობრივი ზღვარი, შესაბამისად პედიატრები, ნევროლოგები  და ბავშვთან მომუშავე სხვა სპეციალისტები, რომელთანაც ბავშვი ხვდება, ადარებენ ბავშვის მოტორულ უნარებს არსებულ ნორმას და თუ ბავშვი არ ახორციელებს შესაბამის უნარს შესაბამის ასაკში, რეკომენდებული შეიძლება იყოს ფიზიკური თერაპია, ვარჯიში, მშობლის მხრიდან სტიმულირება და სხვა, რადგან ხშირად ბავშვების მოტორული სფეროს განვითარების შეფერხება მშობლების მხრიდან ნაკლები სტიმულირებითაა გამოწვეული. 

რა არის ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი აუცილებელი პირობა?

მშობლების უმეტესობას ბავშვის ფიზიკური განვითარება ჰგონია უფრო დიდ ასაკში, როცა ბავშვი ჯდომას, დგომას და სიარულს იწყებს, მაგრამ ბავშვის ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა ბევრად უფრო პატარა, 1-2 თვის ასაკიდან იწყება. 

როდესაც ბავშვი ტიპური განვითარების არის და  ჯანმრთელობის და განვითარების პრობლემა არ აქვს, თუ ჩვენ ხელს არ შევუწყობთ მისი მოტორული უნარების განვითარებას, ის მაინც განივითარებს ამ უნარებს – მაინც დაიჭერს თავს, მაინც დაჯდება, გაივლის და ა.შ. თუმცა ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვით დაგვიანებული, თუმცა მოტორული სფეროს განვითარების დაყოვნებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა სფეროების განვითარებაზეც, და პირიქით, თუკი მოვახდენთ ბავშვის მოტორული სფეროს სტიმულირებას, ეს აისახება მის მთელ განვითარებაზე: მაგალითად, თუ ბავშვს მივცემთ სივრცეს, რომ იხოხოს, აძვრეს, ჩამოვიდეს დივნიდან და ა.შ., ეს აისახება მისი პრობლემის გადაჭრის უნარებზე მომავალში და მეორე მხრივ, როდესაც ბავშვები ხვდებიან, რომ ფიზიკურად კარგად გამოსდით რაღაცები და იღებენ შექებასაც გარშემომყოფებისგან, იწვევს ბავშვების კმაყოფილებას და აისახება მათ მაღალ თვითშეფასებასა და ემოციურ რეგულაციაზე. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5