ფრჩხილების სწრაფი ზრდა, როგორც თქვენი სხეულის მრავალი ცვლილება ორსულობის დროს, ჰორმონების ნორმალური მატების შედეგია. შეიძლება ყოველ მეორე დღე მოგიწიოთ მაკრატლის გამოყენებამ, მაგრამ ზოგიერთ მომავალ დედას აქვს ფრჩხილების უფრო სერიოზული პრობლემები, მათ შორის თეთრი ხაზები ან წერტილოვანი ლაქები, გახლეჩვა, მტვრევადობა, ჩაზრდილი ფრჩხილები, ფრჩხილის გაყოფა ფუძიდან და გასქელება.
სუსტი, მტვრევადი ფრჩხილები ორსულობის ნიშანია?
თქვენს ფრჩხილებს შეიძლება უფრო მეტი პრობლემა ჰქონდეს ორსულობის დროს, თუმცა სუსტი, მტვრევადი ფრჩხილები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორით, როგორიცაა ბიოტინის ნაკლებობა თქვენს დიეტაში. ბიოტინი არის B კომპლექსის ვიტამინი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ფრჩხილის სიმაგრე და სისქე. მას ასევე შეუძლია შეინარჩუნოს თქვენი თმის და კანის ჯანმრთელობა. დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარის ბიოტინს საკვებიდან (თხილი, კვერცხი, შვრია, ისპანახი, ბროკოლი, ბანანი და დაუცეხვავი მარცვლეული).
როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს ორსულობის დროს?
- არ დაიკვნიტოთ. ახლა შესანიშნავი დროა ამ მავნე ჩვევისგან გასათავისუფლებლად.
- კარგად გაიშრეთ თითები (და ფრჩხილები) დაბანის შემდეგ, რადგან წყალი ასუსტებს ფრჩხილებს.
- უპირატესობა მიანიჭეთ მოკლე ფრჩხილებს, რადგან ასე ნაკლებად დაზიანდება და თან გაგიადვილდებათ ბავშვის მოვლა.
- არ დაგენანოთ დამატენიანებელი კრემი თითებისა და ფრჩხილებისთვის.
- გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები რეცხვის დროს.
- ნუ მოიჭრით ნუნებს, უმჯობესია თუ ფრჩხილის ფუძისკენ გადასწევთ მსუბუქად.
- არ უმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხილებს თვითნებურად, მიმართეთ დერმატოლოგს.
- ინფექციის რისკის შესამცირებლად, ატარეთ ფრჩხილის მოვლის საკუთარი ხელსაწყოები სილამაზის სალონში. გაწმინდეთ ისინი სპირტის შემცველი ხსნარით გამოყენებამდე.
- მოერიდეთ ტოლუოლის, ფორმალდეჰიდის, ფტალატებისა და აცეტონის შემცველ პროდუქტებს.
წყარო: www.whattoexpect.com