პედიატრი, ოჯახის ექიმი ლიდა კორკოტაძე გვიყვება ღორის გრიპის სიმპტომებსა და მართვის გზებზე.

H1N1 ანუ ღორის გრიპი A ტიპის ვირუსის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მარტივად გადადის ღორებიდან ადამიანებზე და ამიტომ ეწოდა ღორის გრიპი. აღნიშნული ვირუსი სხვადასხვა სიხშირით თითქმის ყოველწლიურად ცირკულირებს და ბოლო პერიოდში დაინფიცირების შემთხვევებმა საკმაოდ მაღალი ტიტრი აჩვენა.
დაინფიცირების გზა ჰაერ-წვეთოვანია. H1N1 საკმაოდ კონტაგიოზურია (გადამდებია), ადვილად გადადის დაინფიცირებული ადამიანის ხველების, ცემინების დროს გამოყოფილი ნაწილაკებით. მაღალი კონტაგიოზურობის გამო შესაძლოა დაავადება გავრცელდეს ინფიცირებულის მოვლის საგნებით, დაბინძურებული ზედაპირებით.
სიმპტომები ვლინდება დაინფიცირებიდან მე-2-მე-5 დღეს:
- ჰექტიური ცხელება;
- მკვეთრი საერთო სისუსტე;
- სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი;
- ყლაპვის გაძნელება;
- რინორეა, ხველა;
- ღებინება, დიარეა.
ზემოაღნიშნული სიმპტომებიდან შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე.
უნდა ითქვას, რომ შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც მაგალითად:
- სუნთქვის მკვეთრად გაძნელება;
- გადაადგილების შეზღუდვა;
- დეჰიდრატაცია;
- ფებრილური გულყრები;
- გამონაყარი.
დიაგნოზის დასმა ძალიან მარტივია: სიმპტომების დაწყებიდან პირველ 72 საათში სწრაფი ტესტი გვიდასტურებს, არის თუ არა ეს H1N1.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმპტომები მსუბუქია, მაგრამ დადასტურებული H1N1-ის შემთხვევები მაღალი, სასურველია სწრაფი ტესტი მაინც ჩატარდეს, რათა ვიცოდეთ რომელი ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე.
მკურნალობა: დაბალი რისკის კონტინგენტი პრაქტიკულად არ საჭიროებს არანაირ პატრონაჟს, თუ სიმპტომები მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. საკმარისი რაოდენობის სითხეებით დატვირთვა, ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ, ანტიპირეტიკები, მოსვენების რეჟიმი როგორც წესი უზრუნველყოფს ბინაზე სრულ განკურნებას.
რისკ-ჯგუფის პაციენტები: 2 წლამდე ასაკი, 50 წელს გადაცილებული პირები, 2-დან 4 წლამდე ასაკის ის ბავშვები, რომელთა ანამნეზშიც ხშირად ფიქსირდება ე.წ. ვიზინგი (მსტვინავი სუნთქვა), ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ქიმიოთერაპიაზე მყოფი და იმუნოკომპეტენტური პირები. მათ სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი და დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია ნებისმიერი სიმპტომის გამწვავების შემთხვევაში.
როდის მივმართოთ ექიმს?
მოზრდილების შემთხვევაში:
- სუნთქვის გაძნელება და შესუსტება, ე.წ. ზედაპირული სუნთქვა;
- შემაწუხებელი ზურგის ტკივილი;დეჰიდრატაცია და შარდის შემცირება;
- შეუპოვარი ღებინება;
- ჰექტიური ცხელება 39.5 და მეტი, რომელიც არ ემორჩილება ანტიპირეტიკებს და გრძელდება 6 სთ და მეტი.
- ცხელება 8 დღეზე მეტი;
თუ აღნიშნული სიმპტომებიდან ორი და მეტი გაქვთ, აუცილებელია გადაუდებელი ვიზიტი ექიმთან.
1 წლამდე ასაკის პატარები ექვემდებარებიან გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი ერთის არსებობის შემთხვევაში:
- ცხელება 38,5 და მეტი;
- შეტევითი ხასიათის მშრალი ხველა საათში 1-ჯერ და მეტი;
- სუნთქვის ნებისმიერი გაძნელება, იშვიათი, მკვნესარე სუნთქვა ან პირიქით გახშირებული სუნთქვა წუთში 40 და მეტი;
- სიფერმკრთალე და მკვეთრი ციანოზი ცხვირ-ტუჩის არეში, ტუჩებზე, კიდურებზე;
- წოვის რეფლექსის შესუსტება;
- მშრალი საფენი 3 სთ და მეტი.
პრევენციის საუკეთესო საშუალებაა 6 თვის ასაკიდან სრულიად მოსახლეობის და მით უფრო, მაღალი რისკის კონტინგენტის ყოველწლიური ვაქცინაცია.
ჰიგიენის ნორმების დაცვა, კერძოდ, ხელების ხშირად დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ანტიბაქტერიული, ალკოჰოლის 60% შემცველი, საშუალებებით ხელების ხშირი დამუშავება.
ნაკლებად შეხება ლორწოვან გარსებზე, მაგ. თვალი, ცხვირი;
ცხოვრების ჯანსაღი წესი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, სრულფასოვანი კვება. ინფიცირების ან ე.წ. გაციების ნებისმიერი სიმპტომების შემთხვევაში სხვებთან კონტაქტის არიდება.