Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” რუბრიკის “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან” სტუმარია მუსიკოსი, პროფესიით ექიმი და გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტი, წლინახევრის ჰელენის დედა ლიანა შენგელაია.

ვარ მუსიკოსი, ჯგუფი ჰილერ თვინსის წევრი, რომელიც დაარსდა ემირატებში და რომელიც არის აქტიური ინგლისში და აქაც.

ასევე ვარ პროფესიით ექიმი და გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტი. კინო ინდუსტრიაშიც ვცადე ბედი და ჩემს ტყუპისცალთან ერთად “ვარსკვლავურ ომებში” მივიღე მონაწილეობა.

პერიოდულად, ქალთა ჯანმრთელობის თემების ირგვლივ ვლოგებსაც ვამზადებ, ასევე ვარ წლინახევრის ჰელენის დედა.

მე, როგორც პროფესიით ექიმი დედა ძალზედ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დედისა და შვილის ჯანმრთელობას, ვცდილობ შევინარჩუნო ჯანსაღი კვების სტილი ჩემს შვილთან ერთად. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციების გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, დედა-შვილის პირველად სხეულის კონტაქტის შემდეგ ბავშვისთვის რეკომენდირებულია დედის რძე 1-2 წლამდე. მოგეხსენებათ, დედის რძე არის საუკეთესო ბავშვისთვის და ასევე დედის ჯანმრთელობისათვის, რადგან იმუნურ სისტემას და შესაბამისად ბევრი დაავადების აცილებას ხელს უწყობს.

მე, როგორც ხელოვანი, ჩემს პატარას ორსულობის პერიოდიდან კლასიკურ მუსიკას ვასმენინებ.  რადგან ცნობილია, რომ მუსიკას აქვს ძალიან დადებითი თვისება ბავშვის განვითარებისთვის. ხშირად ვუმღერი სიმღერებს და მისთვის ვუკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ამასობაში ახალი სიმღერებიც დავუწერე. 

პატარა ჰელენს გამორჩეულად უყვარს წიგნები და ხშირად ვუკითხავ ხოლმე. ერთად ვმღერით, ვხატავთ, ვცეკვავთ და ასევე გვიყვარს იოგა. ვცდილობ მრავალფეროვნად გავატაროთ შინ ყოფნის დრო, მითუმეტეს ასეთ პერიოდში.

ჩემი დილის რუტინაში, სანამ ბავშვი გაიღვიძებს შედის ლიმონიანი წყალი, შემდეგ 10 წუთიანი მედიტაცია, სხვათა შორის ეხლახანს მოვრჩი 21 დღიან დიიპაკ ჩოფრას მედიტაციას. ასევე, სახის მოვლის რუტინასაც ვაკეთებ. დილას,  სახის მასაჟით დაბანვით ვიწყებ, ანტიოქსიდანტის შრატს ვისვამ, რასაც მოსდევს მზისგან დამცავი კრემის (30 spf-ით) წასმა. თუ თვალები შეშუპებული მაქვს, გვირილის ჩაის თბილ ბალიშებს ვიდებ თვალებზე. ამ ყველაფრის მერე, ჯანსაღ საუზმეს მივირთმევ (ურძეო შვრიის ფაფა ხილითა და თაფლით). დღის განმავლობაში ვცდილობ ჩემს პატარას მოვუმზადო სხვადასხვა ჯანსაღი საკვები, სადაც აუცილებლად ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, დიეტური ნახშირწყლები, ცილები უნდა შედიოდეს. ჰიდრატიციისთვის სითხის სახით – ხილის წვენს და ბუნებრივ რძეს ღებულობს. საღამოობით ძილის წინ ვცდილობ ბავშვი ჭამით არ გადავტვირთო და გვირილას ჩაის ვაძლევ, რომ კარგად დაიძინოს.

ჩემი პატარა ხელს მიწყობს ჩემი საყვარელი საქმეებიც ვაკეთო. კარანტინის პერიოდში ბევრი შემოთავაზებები მქონდა საზღვარგარეთიდან ჩემი მუსიკალური დუოსთვის (“Healer Twins”) ონლაინ ლაივები ჩამეწერა.

მაგალითად, ბრიტანეთთან რამოდენიმეჯერ გვქონდა ჩართვა ამ პერიოდში, პირველი იყო კოვიდის ბრძოლისთვის მსოფლიო ჯანდაცვის კამპანიის ფონდის საქველმოქმედო კონცერტი და შემდეგ ქალთა მხარდასაჭერ ორგანიზაციის ფონდისთვის (women’s aid) – ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, რომლის რიცხვმაც მოგეხსენებათ ამ პერიოდში საკმაოდ იმატა. ამ გამოწვევაზე სხვადასხვა ინსტრუმენტებზე მომიწია დაკვრა – უკულელე, მელოდიკა, კაჰონი და გიტარაზე,  ჩემი პატარა კი შეიკერზე უკრავდა! 🙂

როგორც კვლევებმა აჩვენა, სტატისტიკურად ქალთა ძალადობა ძალზე მომატებულია, ამიტომ ალბათ აუცილებელია ყველა ქალმა იცოდეს თავდაცვის ხერხები. მე, მაგალითად “კრავ მაგაზე” ვიარე ლონდონში ცხოვრებისას და კიკბოქსინგი  ვისწავლე.  დიდ ქალაქებში, ზოგადად განსაკუთრებით სასარგებლოა იცოდე თავდაცვის წესები.

ღამე ვცდილობ ადრე დავიძინო. ბავშვს საღამოს 9-10 ზე ვაძინებ… სწორედ, როცა ბავშვს სძინავს ჩემი შემოქმედების დროც მაშინ მიჩნდება.

ამ ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობაზე საუბრების სერიის შევქმნაც გადავწყვიტე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წარმატებულ ქალ მეცნიერებს/ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს ვეპატიჟები აქტუალური თემების განსახილველად.

ძალიან მიყვარს თავისუფალ დროს ხატვაც და რა თქმა უნდა ჩემი პატარაც დავხატე ერთხელ, როცა იგი 6 თვის რომ იყო. ამ პანდემიის დროს ჩემი ყოველდღიური  მრავალფეროვანი რუტინის ამსახველი სკეჩიც გავაკეთე.

სიმღერა, რომელიც დავწერე ჩემი ბავშვისთვის როცა დაიბადა ( “Milky Island”!) და რაც ძალიან უყვარს, ვაპირებ ძალიან მალე ჩავწერო სტუდიაში.

დიდი ხანია რაც ჩემი უსაყვარლესი სპორტი,  ჩოგბურთი არ მითამაშია და იზოლაციის პერიოდში ფედერერის მიერ წამოწყებულ გამოწვევაზეც არ ვთქვი უარი, რაც ნიშნავდა შენი ოთახის კედელთან თამაშს.

მე ცხოვრებას ვუდგები მრავალპროფილურად, რადგან ინტერესები სულ მემატება და არ ვიზღუდავ თავს იმაში თუ რა ვაკეთო. ასევე აუცილებელია პოზიტიურობის შენარჩუნება, რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში იყო. უნდა გვჯეროდეს, რომ სირთულეების გადატანა გვაძლიერებს. იმისათვის,  რომ საუკეთესო დედები ვიყოთ, აუცილებელია ჩვენს თავზეც ვიზრუნოთ, რაც რა თქმა უნდა ხელს შეგვიწყობს უკეთესად ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე.

სიყვარულით,

ლიანა შენგელაია

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5