Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვის დაბადებას არა მხოლოდ ბედნიერი და სასიამოვნო  ემოციები მოჰყვება, ასევე მოჰყვება შიშები, სევდა  და ზოგჯერ დეპრესია. მშობიარობის შემდგომი ხასიათის ცვლილებები სამ ფაზად იყოფა:  ე.წ. ‘baby blues’, ანუ ქართულად – მცირე უხასიათობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას სხვადასხვა მიზეზი აქვს, თუმცა მისი სიმპტომატიკა ბევრი ქალისთვის ნაცნობია. ფსიქოლოგი ნუცა გულდედავა “დედამიცისთან” საუბრობს  მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე, მის სიმპტომატიკაზე და სპეციალისტთან მიმართვის შესახებ.

გვესაუბრეთ მშობიარობისშემდგომ დეპრესიაზე. რა იწვევს მას?

მშობიარობის შემდგომი ხასიათის ცვლილებები შეგვიძლია დავყოთ სამ  ქვეკატეგორიად: ე.წ. ‘baby blues’, ანუ ქართულად – მცირე უხასიათობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი.

თუ რა იწვევს  მათ, ამის ცალსახა და ერთი პასუხი, ცხადია, არ არსებობს. განვიხილოთ ფიზიოლოგიური და ემოციური ფაქტორები.

მშობიარობის შემდეგ, ქალის ორგანიზმში ბევრი ჰორმონალური ცვლილება ხდება, მკვეთრად ვარდება ჰორმონები – ესტროგენი და პროგესტერონი, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის მიერ წარმოებული სხვა ჰორმონებიც შეიძლება დრამატულად დაეცეს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებას.

რაც შეეხება ემოციურ მხარეს: როდესაც დედა მუდმივად დაღლილი და უძინარია, შესაძლოა მარტივი პრობლემების მოგვარებაც კი მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, რაც თავის მხრივ, იწვევს ქალის ფრუსტრაციასა და შეგრძნებას, რომ თითქოს ის კარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე. ეს კი, შესაძლოა გახდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზი.

როდის ვითარდება დეპრესია მშობიარობის შემდეგ და რა სიმპტომატიკით აღინიშნება?

‘baby blues’ მდგომარეობას ახასიათებს ხასიათის სწრაფი ცვალებადობა, ხშირი ტირილი, შფოთვა, გამოფიტულობა, უძილობა ან მომატებული ძილიანობა. უნდა აღინიშნოს, რომ ის ახალბედა დედების დაახლოებით 85 %-ს გამოუცდია.

‘baby blues’ ჩვეულებრივ სტანდარტულად ბავშვის დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ იწყება და 2 კვირაში ქრება ჰორმონალური ბალანსის აღდგენასთან ერთად. 

თუმცა თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა, ან გამოვლინდა უფრო ინტენსიური სახით, მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, თვეში ან 1 წელში, ამას უკვე ეწოდება პოსტ პარტუმ (მშობიარობის შემდგომი) დეპრესია, რომელიც  არაა დეპრესიის ცალკე გამოყოფილი სახე.

ეს არის სევდა, უიმედობის განცდა, სიცარიელის შეგრძნება, ენერგიის ნაკლებობა, ხშირად ხდება, როცა დედები ემოციურ კავშირს ვერ გრძნობენ ბავშვთან, რაც იწვევს საშინელი დანაშაულის  შეგრძნებას ბავშვის, ოჯახისა და საზოგადოების მიმართ, რადგან გარემო მოითხოვს იყო იდეალური დედა, ყველაფერი მოასწრო, თან კარგ ფორმაში იყო, რაც, ცხადია კიდევ უფრო ამწვავებს დედის მძიმე განცდებს. 

როდის არის აუცილებელი დედამ მიმართოს სპეციალისტს და  მანამდე რა გზებით გაუმკლავდეს დეპრესიულ შემოტევებს?

ზოგადად, ფსიქოთერაპევტისა თუ ფსიქიატრის ჩართულობა მაშინაა საჭირო, როცა ადამიანის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად ვარდება და მისი ფსიქიკური მდგომარეობა მას სრულყოფილ ფუნქიონირებასა და საკუთარ თავთან ჰარმონიულად ყოფნაში ხელს უშლის. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ის მდგომარეობაა, სადაც ახალბედა დედა, ოჯახის წევრების მხარდაჭერის გარეშე, ფაქტობრივად მარტოა  მისი ახალი როლისა და გამოწვევების წინაშე. ამიტომ, ამ დროს ფუნდამენტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანაგრძნობასა და სიყვარულს. ქალმა უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არაა, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობს და განიცდის.

რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და როგორ მკურნალობენ?

პოსტ პარტუმ დეპრესიას მკურნალობენ ისევე, როგორც დეპრესიას: მედიკამენტოზურად, ფსიქოთერაპიით, ან ორივე ერთად. 

ცხადია, არ არსებობს მკურნალობის სტანდარტული ხალგრძლივობა.

კარგი ინფორმაცია ისაა, რომ პოსტ პარტუმის შემთხვევაში, წარმატების მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ზოგადად დეპრესიას ახასიათებს უიმედობის განცდა, ხშირად პაციენტებს არ აქვთ დიდი მოლოდინი ფსიქოთერაპიისგან; 

ასევე უჭირთ ფსიქოთერაპიაზე მისვლის გადაწყვეტილების მიღება და შემდგომ, ამის განხორციელება და კიდევ უფრო რთულდება ახალბედა დედების პირველი თვეებისას, რადგან დედებს ფაქტობრივად არცერთი წამი არ აქვთ თავისუფალი და მთელი მათი კონცენტრაცია და ენერგია ბავშვზეა მიმართული.

როგორ უნდა დაეხმაროს მას პარტნიორი, ოჯახის წევრები?

მშობიარობის შემდგომი დეპრესიისას, ქალის მდგომარების გაუმჯობესებაში, უდიდესი როლი აქვს ოჯახისა და საყვარელი ადამიანების ჩართულობას.

ჩვენ ახალბედა დედების მისამართით, ხშირად მოგვისმენია ფრაზები: “არაუშავს, გაგივლის, ფეხმძიმედ ვინ არ ყოფილა” ანუ, ფაქტობრივად მათი განცდების სრულიად უგულებელყოფა ხდება და ამ სოციალური წნეხის გამო, კიდევ უფრო რთულია, შენ თავს გამოუტყდე, რომ შესაძლოა ლოგინიდან ადგომაც არ გინდოდეს, მითუმეტეს, როცა არამხოლოდ შენი თავი, არამედ ცალკე სხვა არსებაც შენზეა დამოკიდებული და თითქოს ეს ყველა ფაქტორი არ უტოვებს დედას იმის უფლებას, რომ არ იყოს კარგად. ამიტომ, ფუნდამენტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვაგრძნობინოთ მათ, რომ მათი განცდები, პოზიტიური თუ ნეგატიური, ლეგიტიმური და მისაღებია. რომ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცუდი დედები არიან. ახალბედა დედებს ჩვენგან ამის მოსმენა ძალიან სჭირდებათ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5