Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” რუბრიკა “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან” წარმოგიდგენთ მომღერლისა და საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ახალი დღის” წამყვანის ელენე კალანდაძის “ერთ მშვენიერ თვითიზოლაციის დღეს”.

გამარჯობა, მე ვარ ელენე კალანდაძე, 30 წლის და მყავს 5 წლის შვილი, სახელად ლილი, ჩემი სუპერგოგო და ლამაზი ადამიანი.

მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ ის რომ, მას მერე რაც იზოლაციაში ამოვყავი თავი, უფრო მეტად დავუახლოვდი საკუთარ თავსა და შვილს. ამ პერიოდმა ბევრ თემაზე დამაფიქრა, ბევრი მივიწყებული გრძნობა თუ მოგონება გამახსენა, მომცა დროის ფუფუნება და ცხოვრების გარკვეულწილად გადაფასების შესაძლებლობა. შესაბამისად, ამან დედასა (ჩემსა) და შვილს (ლილის) შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა. 

თურმე როგორია ლილი მაშინ, როდესაც ის თავის მეორე სახლში, ანუ ბაღში (“ნაბიჯ-ნაბიჯ”) იმყოფება, როგორ იქცევა, როგორ უხარია ან წყინს, როგორ უსმენს და იაზრებს… ამ ყველა გამოვლენილმა ემოციამ დამანახა ჩემი შვილის მეორე მხარე, რომელიც სიურპრიზებით სავსე ყოფილა. (როდესაც ლილი დაიბადა, ერთადერთი სურვილი ჩავიფიქრე, რომ ყველა ადამინის მიმართ კეთილი ყოფილიყო, ეს თვისება საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მე, როგორც მშობელი, ვიყო ამაყი და მადლიერი.) ლილი იმდენად კეთილი პიროვნება ყოფილა (რაც მე კიდევ არ ვიცოდი) და ამ ფაქტმა კიდევე უფრო მეტად დამაიმედა, მეტად დავრწმუნდი, რომ მასთან ერთად ყველაფერი კარგად იქნება. 

რაც შეეხება ჩვენი დღის რეჟიმს, ის საოცარი სიყვარულით იწყება, აი ის მომენტი როდესაც ყურთან მოდის ახლოს და ჯერ ოდნავ ჩუმად, მაგრამ სავსე სითბოთი ცდილობს გამაღვიძოს, შემდეგ კი უფრო თავდაჯერებული “დე გაიღვიძე”, რომელიც სილასავით მხვდება იმ მომენტში, თუმცა ამას მოსდევს ბევრი სიყვარულის გაცვლა, საუბარი და სიზმრების გაზიარება, რომელიც მუდამ უცნაურობებითაა სავსე. სიზმრებს ეძახის “ზღაპრებს” და მართლა ზღაპრებივითაა. თურმე როგორი წარმოსახვის უნარი ჰქონია ამ პატარა არსებას, რომლის ქვეცნობიერიც იმახსოვრებს და ღამღაბოთ სიზმრების სახით ესახება ხოლმე. 

ლილის ენერგიით გაღვიძებული მზად ვარ ხოლმე, რომ პოზიტიურად შევუდგე სახლის საქმეებს, საუზმის მომზადებას, ყვავილების მორწყვასა და ბაღის დავალებების თავმოყრას. რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება მუსიკის თანხლებით, ჩვენი საერთო საყვარელი სიმღერა Limahl – Neverending Story. 

– ლილი, ვინ გინდა რომ გამოხვიდე, როდესაც გაიზრდები?

– მინდა გამოვიდე მხატვარი და მსახიობი.

შესაბამისად, მკითხველიც კარგად მიხვდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ლილი სულ ხატავს და ძალიან არტისტული გახმოვანებებით თამაშობს საკუთარი სათამაშოებით ანდა იმ ნივთით, რომლითაც იმ მომენტში იხიბლება.

დაილოცოს ვიდეო გაკვეთილები, როდესაც zoom – ში შევდივართ და გვხვდება ლილის ყველა საყვარელი მეგობარი და პედაგოგი, ისინი ვინც ჩემს შვილს უხალისებენ ცხოვრებას. ამ მომენტში ვხედავ ლილის თვალებში მონატრების ნაპერწკლებსა და დარცხვენილ ღიმილს. როგორი გულწრფელია პატარების ერთმანეთში საუბარი, მეც თავისთავად მითრევს მათ ვირტუალურ ურთიერთობაში. 30 წუთის განმავლობაში პატარები და პედაგოგები ბევრ ინფორმაციას ცვლიან ერთმანეთში. მეც ცხადია იქვე ვარ ახლოს და ვისმენ (სხვაგვარად არ შემიძლია, იმდენად საყვარლობაა არ მინდა გამოვრჩე).

ლილის ეს მონდომება და გაკვეთილების ყურადღებით მოსმენა ყოველთვის უფასდება. დაფასება კი შემდეგია: ცოტა სახრახუნო და Ghibli – ს რომელიმე ანიმე, რომელიც მე მგონი უკვე ამოვწურეთ. თითქმის 2 საათიანია ყველა ანიმე, შესაბამისად ეს დრო მთლიანად მიწევს რომ ვუთარგმნო და განვუმარტო ის ეპიზოდები რომელიც მას არ ესმის. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, რომ ანიმეების განხილვა ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა. 

ახლოვდება კომენდანტის საათი (ცხადია, ლილიმ სულ ცოტა ხნის წინ გაიგო სიტყვა “კომენდანტი “,  თუმცა ისე გამოთქმით ამბობს ხოლმე რომ, ეჭვი მაქვს ზუსტად იცის მისი მნიშვნელობა”), აუცილებლად გავდივართ 9 საათზე აივანზე, ვაკვირდებით სიჩუმეს და ლილი კი ამ დროს “ღამის სიჩუმეს სასაცილო ფრაზებით” ფანტავს. 🙂

ღამის რიტუალის დროც დგება, ოჰ როგორ იწელება ეს პერიოდი:

– ლილი, წამო დავწყვეთ!

– აუ, ჯერ არ მინდა რა.

– ლილი მეთქი! ძილის დროა!

– ხო კაი, მაშინ მომიყევი რამე.

– დე, ახლა ძალიან გვიანია, დილით მოვყვეთ.

– კაი მაშინ მიმღერებ?!

– რა თქმა უნდა, დედი.

ტრადიციულად ვასრულებთ, იავნანას ანდა Somewhere over the rainbow – ს. ყველაზე მეტად მიყვარს დღის ეს მონაკვეთი, ამ დროს გაზიარებული ემოციები და საოცარი ქიმია, რომელიც ტრიალებს ხოლმე დედასა და შვილს შორის. ისეთი დაკვირვებით ვუცქერ ხოლმე ჩემს შვილს და იმდენი ბედნიერი ფიქრებით ვიტენი საკუთარ ტვინს. ამ დროს კიდევ უფრო ნათლად ვაანალიზებ, თუ რამდენად ბედნიერი ქალი ვარ. 

დიახ, ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ის რაც მაშინ ჩავიფიქრე, 13 ოქტომბერს, დღითი დღე მისრულდება, ჩემი გოგო საოცრად კეთილი ადამიანია. 

ლილითი ყოველი დღე ლამაზი და იმედიანია. ის არის ჩემი თვითიზოლაცია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5