Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას ცხოვრება შვილის გაჩენის შემდეგ ორ სამყაროში მოგზაურობას დაემსგავსა. როდესაც შვილს უყურებს, თითქოს საკუთარ ბავშვობაში მოგზაურობს და ეს  ეხმარება შვილის სამყაროშიც შეაღწიოს.

როგორია დედობის გამოცდილება თქვენთვის?

ვიტყვი, რომ თავიდანვე გააზრებული მქონდა დედობის გამოწვევები და მოლოდინები და მომზადებულიც ვიყავი ამისთვის, მაგრამ ეს გააზრება, იმასთან ახლოსაც არ არის, რაც რეალურად ხდება ბავშვის დაბადების შემდეგ. რეალურად კი, უფრო რთული და საინტერესო აღმოჩნდა ეს გამოცდილება, განსაკუთრებით სოფის  ზრდასთან ერთად და უფრო და უფრო საინტერესოა მასთან გატარებული ყოველი დღე. 

როგორი  აღმოჩნდა სოფის სამყაროში თქვენი მოგზაურობა? 

ძნელია კონკრეტულად ისაუბრო აღმოჩენებზე. ყველა დღე მზრდის და  აბსოლუტურად სხვანაირად მაჩვენებს ყველაფერს. ბავშვებში საოცარი წარმოსახვის უნარია, თითქოს პარალელური სამყაროც ჰქონდეთ და ბევრჯერ ინსპირაციის წყარო გამხდარა ჩემთვის. ხშირად ვავლებ პარალელს  ჩემს ბავშვობასთან, რადგან ჩემი ბავშვობა კარგად მახსოვს, მახსოვს კონკრეტული შეგრძნებები როდესაც ამ ყველაფერს ვაკავშირებ სოფისთანაც, მასთანაც იგივეს ვამჩნევ და ეს უფრო მიადვილდებს მის სამყაროში შესვლას და მოგზაურობას; ამავედროს ძალიან მეხალისება ეს ყველაფერი, რადგან თითქოს ტელეპორტაციაა ჩემს ბავშვობაში. გარდა იმისა, რომ ვცდილობ ყველაფერი ვიცოდე სოფის სამყაროს შესახებ, ვცდილობ მისი ინტერესების რეალიზება მოვახდინო, ასევე საშუალებას ვაძლევ, ისიც იყოს ჩემს სამყაროში და ნახოს, მე რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, თუნდაც ჩემი საქმე ნახოს. ასეთმა მიდგომამ, ვაჩვენო მას, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება, ძალიან კარგ მეგობრებად ჩამოგვაყალიბა, ბევრი რამ გაგვიიოლა ორივეს. 

სოფის პირველი ნამუშევრების გამოფენა

სოფის ძალიან უყვარს სპორტის სხვადასხვა სახეობა და მისი მიზანი მედლის მიღებაა.

როცა სამოგზაუროდ მივდივართ, სოფის საყვარელი აქტივობა მუზეუმების მონახულებაა.

განსაკუთრებით უყვარს ჩემი ბავშვობის ტანსაცმლის მორგება.

და მისი განსაკუთრებულად საყვარელი მეგობარი სუზი.

მუდმივად ვცდილობ ბუნებასთან ჰქონდეს ახლო შეხება, ეს იქნება ხილის კრეფა თუ ყვავილების დათესვა, მოვლა და ა.შ.

რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც ფოტოხელოვანისთვის, შვილის გაჩენის შემდეგ?

მე ხშირად ვიღებ გოგოებს, რომლებიც არიან ძალიან ლაღები, ზოგჯერ ბავშვურები და ხშირად სოფის ვხედავ მათში.  სოფის გაჩენის შემდეგ ძალიან შეიცვალა ჩემი ხედვა, ცოტა უფრო დაიხვეწა და სხვანაირი გახდა. ხშირად დამყვება გადაღებაზე და თვითონაც იღებს და ესეც სტიმულს მაძლევს. 

მე და სოფი გადაღებაზე

სოფის გადაღებული ფოტოები:

როგორია თქვენეული  სტრატეგია უკეთესი მშობლობისთვის?

სოფიმ იცის, რომ მე ვარ, პირველ რიგში მეგობარი და მერე დედა, ანუ ამ მეგობრობით ვიგებ, რა უნდა მას და როგორ უნდა. ჩვენ  ყოველთვის სიტყვიერად ვთანხმდებით, რა როგორ გავაკეთოთ. ამიტომ, ძალიან მიადვილდება და მეკომფორტულება სოფის თანამგზავრობა თუნდაც მაშინ, როდესაც სამუშაო მაქვს, სხვაგან, სხვა ქვეყანაში.

როგორები არიან ბავშვები?

ბავშვები არიან ფერადები და სამყაროსაც ასე უყურებენ. ერთი ობიექტი შეიძლება აღიქვან ათასნაირად  და ეს არის ძალიან სასიამოვნო ჩემთვის. მათი აღქმა ცისარტყელასავით ფერადია.


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5