პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქართველიშვილი.
გვესაუბრეთ, რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე მულტფილმები? რა უნდა გავითვალისწინოთ მშობლებმა?
აბსტრაქტული ანიმაციური ფილმების ყურება არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ძალიან უყვართ. პატარები სიამოვნებით ისხდებოდნენ მთელი დღე და დატკბებოდნენ ახალ-ახალი მულტფილმების ყურებით. ეს ერთი მხრივ უვნებელი პროცესი, რომელიც მშობლებს გარკვეულ თავისუფალ დროს აძლევს, შეიძლება ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლო არ იყოს.
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ დროის ოდენობა, რომელსაც ბავშვი ანიმაციური ფილმების ყურებას უთმობს და ასევე, მისი ასაკი. 3 წლამდე ასაკის ბავშვების ტექნიკასთან ურთიერთობა უნდა იყოს მაქსიმალურად მწირი, ხოლო სკოლამდელ ასაკში არ უნდა აღემატებოდეს 2-3 საათს. აუცილებელია, ბავშვი მულტფილმებს მშობლიურ ენაზე უყურებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სწავლობს მეტყველებას ან ახლად ამეტყველებულია.
რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფდით?
სწორად შერჩეული მულტფილმები შესაძლოა მნიშვნელოვანი დამხმარე იყოს სწავლების პროცესში: მათი გამოყენებით ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ სხვადასხვა ამბავი გარე სამყაროზე, აბსტრაქტულად ვამოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გავაცნოთ სხვადასხვა კულტურა, სამოსი, ტრადიცია და რაც მთავარია, ცუდისა და კარგის გარჩევაც. ბავშვებს სჭირდებათ თვალსაჩინოებები გარკვეული საკითხების გასააზრებლად და მულტფილმები ამისთვის იდეალური საშუალებაა. შესაძლოა, ვასწავლოთ საკუთარი ემოციების სახელდება კონკრეტული ანიმაციური გმირის მაგალითზე, ვიმსჯელოთ მათთან ერთად ამ გმირების საქციელებზე და შევადაროთ ჩვენს ქმედებებსაც. ყოველივე ეს მოგვცემს საშუალებას, ხელი შევუწყოთ ბავშვის აზროვნების განვითარებას.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მულტფილმების დიდი რაოდენობით ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები, ეკრანის ყურებისას ადამიანი იშვიათად ახამხამებს თვალებს, რაც სკლერის გამოშრობას იწვევს. ამასთან ნერვული სისტემის გადატვირთვა ჰიპერსტიმულაციით, ბავშვი ეკრანიდან იმდენად ბევრ ინფორმაციას იღებს, რომ ტვინი ვეღარ ამუშავებს და იმატებს შფოთვის დონე. გარდა ამისა, ეკრანთან გატარებული დრო ბავშვებში ზრდის დეპრესიის, ჭარბი წონის (მცირდება ფიზიკური აქტივობა), შიშების, სხვადასხვა აშლილობის, ყურადღების გაფანტულობის თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების ალბათობას.
რას ურჩევთ მშობლებს?
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ასაკის შესაბამისი მულტფილმები შევთავაზოთ, გარკვეული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
გასათვალისწინებელია, რომ წიგნები არ უნდა ჩანაცვლდეს ანიმაციური ფილმებით, რადგან ანიმაცია უკვე გამზადებული სიუჟეტია, ხოლო წიგნის კითხვა (როცა ვუკითხავთ ან კითხულობენ) აბსტრაქტული აზროვნების, ყურადღების და მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს. მულტფილმების ყურებას აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და აუცილებელია მათი სწორი ბალანსი.