Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” წარმოგიდგენთ რუბრიკას “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან”. ჩვენი სტუმარია ნატო ტორონჯაძე, Bizon.ge-ის დამფუძნებელი და GAU-ს ბიზნეს სკოლის ვიცედეკანი, რომელიც გაგვიზიარებს ბავშვთან ერთად სახლიდან მუშაობის ერთი დღის გამოცდილებას.

ჩვენ ვართ 4 ერთმანეთზე დამოკიდებული არსება: ნატო – დედა, ახლახან შეიქმნა 30 წლის, გიგი – მამა, უკვე კარგა ხანია 30-ისაა, იკი – ბავშვი (ხანდახან მონსტრიკი ბავშვი), 6 წლის და ლუი – ძაღლი, ან გოჭი, ან გოჭძაღლი, 2,5 წლის (ადამიანურად 14-15-ის).

09:00-09:30 საათი: ვახელ ჯერ მხოლოდ მარცხენა თვალს და უკვე მესმის იკის ნაბიჯების ხმა, რომელიც შემობანცალდება ჩემს ოთახში და მეკითხება: ნატო გძინავს? ნატო ნატო ნატო (დედას არ მეძახის), ნატო მე გავიღვიძე, ნატო შენ გაიღვიძე?

– არა იკი, მე არ გამიღვიძია ჯერ 😀 არადა 10:00 საათზე უკვე ქოლი მაქვს..

იკი მისწორებს: – ქოლი არა ნატო, ზარი, ზარი, ქართულად უნდა თქვა.

15 წუთში ვცდილობ გავაღვიძო ჩემში პროფესიონალი, ვიჯღაბნი მსუბუქ მაკიაჟს და მივრბივარ.. იკიც მორბის. უნდა შევასწრო ცალკე ოთახში და ჩავკეტო კარი, თორემ ჩემს ტრეინინგს ჩატარება არ უწერია 😊 ვასწრებ და იკი უკმაყოფილოდ ბუზღუნებს კართან – მაინც შემასწრო! და მიდის მამასთან – გიგი, გიგი გაიღვიძე, გა ი ღვი ძე ეეე!

გიგიც დგება „გაღვიძებული“ – 10-14:00 საათამდე ჩემი სამუშაო დროა, 14:00  საათიდან გიგისი..

ალტერნატიული განვითარებაც არსებობს, როდესაც იკი ესწრება ჩემს ზარს:

ასეთ დროს ლეპტოპიდან ჩემი კოლეგების კითხვა ისმის: რაღაც ხრაშუნის ხმა ისმის?

ამ დროს იკი ერთდროულად ჭამს ბულგარულს, სტაფილოს და გახუხულ პურს. საერთდ არ ხმაურობს, საერთოდ! 😊))

გაღვიძების შემდეგ იკის და გიგის რამდენიმე არჩევანი აქვთ: ვარჯიში, ეზოს მოვლა, აწყობა, ჭიდაობა, ან უბრალოდ არაფრის კეთება, სრულიად არაფრის 😊))

მნიშნველოვანი ოჯახური გადაწყვეტილება: კარანტინის დაწყებიდანვე ეკრანთან დაკავშირებულ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება – დავადგინეთ, რომ დღეში მხოლოდ ერთხელ ვუყურებთ ტვ-ს, 1,5 საათი.

ამ გადაწყვეტილებით ყველამ დავისვენეთ, იკიმ იცის რომ შეუძლია ყურება და იცის, რა დრო აქვს ამისთვის, ჩვენც ვიცით, რომ ამაზე შეთანხმებულები ვართ და შესაბამისად ყველა ჯერზე არ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება: ვაიმე, ზედმეტი ხომ არ მოსდის? ეხლა არის ამის დრო? და ა.შ.

13:30-15:00 საათი: დადგა ეს ნანატრი, ყველაზე საყვარელი პერიოდი – იკი თვითონ ირჩევს მულტფილმს, ამჯერად ჩვენი ფავორიტია Ninjago, წითელი, მწვანე, შავი ნინძები და ამ დროს აუცილებლად ისმის ხმა: – ნატო, ხილი დამიჭერი, ხილიიი, ხილიიიი – მეც ვამზადებ ასორტს, ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, (სანამ ახალი ხილი შემოვა).

კი, იკი არის ბავშვი რომელსაც უყვარს ხილი 😊

15:30-16:30 საათი: ამას მოსდევს ყველაზე რთული დრო – სადილი:

იკის დედამიწის ზურგზე, ყველაზე ძალიან ეზარება ჭამა, მე კიდევ ყველაზე ძალიან მაგიჟებს ეს გაააწეეეელიიიიილიიიიი პროცესი სუფის ჭამის, რომელიც უკვე 5 ჯერ გაცივდა, 10 ჯერ განუტევა სული და უბრალოდ უნდა, რომ მალე დამთავრდეს მისი ტანჯვა..

– ესეც უნდა ვჭამო, და ესეც (უყურებს კატლეტს)? – მეკითხება სევდიანი თვალებით

– კი, ყველაფერი – მე არ ვდრკები 😊

– მაშინ წიგნი წამიკითხე!

ვიწყებთ წიგნის კითხვას, ან ისტორიების მოყოლას, რომელსაც ვითომ მე მაყოლებს, მაგრამ სინამდვილეში თვითონ ყვება 😊))

16:30-17:00 საათი: სადილს რომ მოვრჩებით, მე გამოვდივარ სიტყვით:

– იკი, შენ უკვე უნდა ითამაშო დამოუკიდებლად, სანამ მე სადილს გავაკეთებ, ან თუ გინდა სტაფილო გათალე – ვერ ვიტან სტაფილოს თლას და იქნებ შევტენო – უსაფრთხო სათლელით, მაგრამ ხშირად არ გამომდის 😊

–კარგი წავალ ვითამაშებ, ოღონდ აქ!

ანუ მე ვაკეთებ სადილ/ვახშამს და 2 მილიმეტრში იკი თამაშობს ლეგოებით, დიდი შანსია ჩემს აჯაფსანდალშიც მოხვდეს ერთი-ორი ნაწილი.

კიდევ კაი ამ კარანტინში, საჭმელების სწრაფი კეთება ვისწავლე 😊))

-ნატო, დღეს რამე გამოვაცხოთ რაა.

-კარგი გამოვაცხოთ [კარგია რომ გიგი არ არის სახლში, თორემ ჩვენ რასაც ვუშვებით ცხობის დროს სამზარეულოს, მარტო ჩვენ ვიცით..]

არადა მეც ახლა ვისწავლე ცხობა და მინდა რომ მოვურიო, და სულაც არ ვარ დათმობის ხასიათზე 😊)

– მე მომარევინე, მეე რა არის ნატო, მე ვარ აქ ბავშვი თუ შენ?

რა თქმა უნდა მე 😀 ვაგრძელებთ ჭიდაობა-ჭიდაობით ნამცხვრის გამოცხობას, 70% შემთხვევებში გამოგვდის!

18:30-19:30 საათი: და აი დადგა დრო გარეთ გასვლის, მივრბივართ ჩვენს ძაღლუკა ლუისთან , მიგვაქვს დინამიკი. -ნატო, „ჰანა უ ნანა“ ჩართე რა, ან „ფილს ლაიქა აი ონლი გოუ“!

ვრთავ და ვიწყებთ ცეკვას, სირბილს, ფეხბურთის თამაშს, დაჭერობანას, გაშეშობანას, გასწრობანას. გგონიათ სულ იკი იგებს? არა, არა და არა, მე არ მიყვარს წაგება 😊

ლუიც გახარებული დაგვდევს, ამ დროს ვხვდები რა ბედნიერი ვარ, ეს ბიჭი რომ ჩემი შვილია, როგორ გამიმართლა და ყველაფრის მიუხედავად როგორი მისტიური, მშვენიერი და ყოვლისმომცველია ცხოვრება.. (ხანდახან ხომ გვავიწყდება)

20:00-21:00 საათი: უკვე 8 საათია, დროა ვივახშმოთ, ანუ გახუხული პურების ფართი მოვაწყოთ, ტოსტი ტოსტი ტოსტი, კარაქი, ჯემი, ჩაიიი და იკი უკვე ხვდება რომ დაძინების დრო მოდის. აი, მანდ გვერხევა! 😀 იკი დაიბანე ხელი, იკი გაიხეხე კბილი, იკი დაიბანე, იკი იკი იკი იკი იკი , და ესეც დარბის გიჟივით, ბოლოს

21:00-21:20 საათზე  ჩახტება ლოგინში და იწყება ყველაზე საინტერესო თავგადასავალი – გიგი და იკი კითხულობენ საიდუმლო კუნძულს: – ნატო, (მიყურებს ცოტა დამნაშავის თვალებით) ამ წიგნს მარტო მე და გიგი ვკითხულობთ. ანუ დაახვიეო რა 😊

21:20-00:00 საათი: ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც იწყება ჩემი სამსახურის მეორე ცვლა ..

სახლის ადამიანურობამდე მიყვანის შემდეგ, ვუჯდები ლეპტოპს და ვაგრძელებ მუშაობას: პროექტები, პროცედურები, რიცხვები, გადაწყვეტილებები… ხანდახან მეფიქრება, სად წავიდა ის გოგო, წეღან კექსებს რომ აცხობდა და იმაზე დარდობდა, ლობიო კარგად შეკმაზა თუ არა? ან საერთოდ რეალური იყო ის, თუ ეხლა ესაა რეალური როცა სტრატეგიაზე, ბიზნესზე, სტარტაპზე ფიქრობს?

მერე აღმოჩნდება, რომ ორივე, ან სამივე, ან ხუთივე მე ვარ, Welcome, welcome, welcome, ჩემო ყველა მეო, თქვენ გარეშე მე მე არ ვარ!

00:00- საათი: სადღაც 12 ისთვის უკვე თავისუფალივით ვარ, და ნეტფლიქსის დროც მოდის, lacasa depapel, berlin, tokyo rio,მოვფრინაავ!  კაი სულ 1 სერიას შევხედავ და მერე დავიძინებ , კარგი კიდევ ერთს, და ნუ კიდევ ერთს..

∞-∞ , ვაიიი ხვალ იკი დამადგება დილიდან, დაიძინე, დაიძინე, 1 ცხვარი, 2 , 3 ,………..

ნატო, ნატო გაიღვიძე? მე უკვე გავიღვიძე, და შენ? ნატო გღვიძავს?

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5