დღეს მინდა რამდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ ორსულობის და/ან ლაქტაციის პერიოდში კანის მოვლაზე.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, გაამარტივეთ რუტინა, არ გამოიყენოთ ბევრი პროდუქტი ერთად, ეცადეთ კანს ბევრი ახალი პროდუქტის დამატებით სტრესი არ მიაყენოთ. გამოიყენეთ 3 მთავარი საფეხური და თუ კანის პრობლემა გაქვთ (პიგმენტაცია, აკნე, დერმატიტი და ა.შ) მიმართეთ დერმატოლოგს და მისი რეკომენდაციით დაამატეთ სამკურნალო საშუალება.
მუდმივად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხები. გარდა იმისა, რომ კანს მზისგან მიღებული დაზიანებისაგან დაიცავთ, SPF საცხები დაგეხმარებათ პიგმენტური ლაქების პრევენციაშიც (თუ პიგმენტური ლაქები უკვე გაქვთ, ამ შემთხვევაში სჯობს დერმატოლოგს მიმართოთ).
უმჯობესია თუ შეარჩევთ ფიზიკურ, ანუ მინერალურ, არაორგანულ დამცავს (zinc oxide, titanium dioxide), რადგან ორსულობის პერიოდში კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება და შესაძლოა ქიმიურმა ფილტრებმა დამატებითი გაღიზიანება გამოიწვიოს (თუმცა, ბევრის კანი ჩვეულებრივ იღებს ქიმიურ ფილტრებსაც). მთავარია, მზისგან დამცავი კრემი აუცილებლად გამოიყენოთ.
მინერალურ მზისგან დამცავებს ხშირად თეთრი შეფერილობა დაყვება, თუმცა შეიძლება შეფერილი დამცავების შერჩევაც, რომელიც რკინის ოქსიდებსაც (iron oxide) შეიცავს და ლურჯი გამოსხივებისგანაც იცავს კანს.
ორსულობისას ხშირად კანი იფიტება და ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გამომშრალი ხდება. კარგი იქნება თუ შეარჩევთ უსუნო, (fragrance free, essential oil free) დამატენიანებელ საცხებს, რომლებსაც მაქსიმალურად მარტივი შემადგენლობა ექნება და არ გამოიწვევს კანის გაღიზიანებას. კარგი ინგრედიენტებია სილიკონი, ჰიალურონის მჟავა, შარდოვანა, გლიცერინი და ა.შ.
კანის გარემო დაბინძურებისაგან გასუფთავება აუცილებელი ეტაპია კანის მოვლის რუტინაში. შეარჩიეთ ნაზი გამწმენდი საშუალება (gentle cleanser) ეთერზეთების და პარფიუმის გარეშე, PH ნეიტრალური ( PH 5.5-6.5) რომელსაც ბევრი სულფატი არ ექნება და გამოშრობის გარეშე ნაზად გაასუფთავებს კანს. თუ მაკიაჟს ატარებთ, უპირატესობა მიანიჭეთ ორმაგ წმენდას. შეარჩიეთ ზეთოვანი გამწმენდები, რომლებიც ნაზად, მასაჟური მოძრაობებით მოგაშორებთ მაკიაჟს, ჩამოიბანეთ კანი გრილი, კანის ტემპერატურასთან მიახლოებული წყლით.
სიფრთხილე გამოიჩინეთ აქტიური ინგრედიენტების გამოყენებისას, ორსულობისას არაა შეზღუდული აზელაინის მჟავა და ალფა ჰიდროქსი მჟავები. თუმცა არ არის მიზანშეწონილი რეტინოიდების და მისი დერივატივების, ბენზოლის ზეჟანგის, ჰიდროქინონის და სალიცილის მჟავის მაღალი პროცენტული შემცველობის პროდუქტების გამოყენება.
ჯანსაღ კანს და სიმშვიდეს გისურვებთ.
კანის მოვლის საკითხებზე ეწვიეთ ბლოგს ნინიამ რაო.