ბავშვები, ჩვეულებრივ, კარგავენ პირველ კბილს 6-7 წლის ასაკში. თუმცა, ზოგიერთს შეიძლება უფრო მალე მოძვრეს, ან ცოტა მოგვიანებით. ამაზე გავლენას ახდენს, თუ როდის ამოეჭრა პირველი და ბოლო სარძევე კბილი.
საშუალოდ ბავშვს ამოეჭრება პირველი სარძევე კბილი 6 თვის ასაკში და შემდეგ 3-4 ახალი კბილი ყოველ 3-4 თვეში. ეს გრძელდება დაახლოებით 2-დან 2.5 წლამდე. ამ ასაკში თქვენს შვილს უნდა ჰქონდეს 20 სარძევე კბილი.
თუ პატარას პირველი კბილი ნაადრევად ამოეჭრა ან ადრეულ ასაკში დასრულდა კბილების ამოსვლა, მაშინ შესაძლოა სარძევე კბილებიც ადრე დაკარგოს. მეორეს მხრივ, თუ მას არ ჰქონდა პირველი კბილი 12-15 თვის ასაკამდე, შესაძლოა დაიგვიანოს სარძევე კბილების მოცვლის პროცესმაც.
სარძევე კბილების მოვლის შესახებ წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ კლინიკა “ალბიუსის” სტომატოლოგთან და სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან ზურა ალხანიშვილთან.
მუდმივი კბილების მიღება
ბავშვი ჯერ მოიცვლის ქვედა ორ შუა კბილს, რომლებსაც ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელები ეწოდება. შემდეგ, ზედა ორი შუა კბილი ამოვარდება, რასაც მოჰყვება ეშვები და საღეჭი კბილები (მოლარები). 11-13 წლამდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს და მოძვრეს ყველა სარძევე კბილი.
მუდმივი კბილები მალე იწყებს ამოჭრას, სარძევე კბილის ამოვარდნიდან. ეს პროცესი დასრუელდება 17-22 წლისთვის.
კბილის ფერია
კბილის ფერია ზღაპრებიდან და მულტფილმებიდან შეიძლება უკვე ნაცნობია თქვენი ბავშვისთვის და თქვენი გადასაწყვეტია, „მოვა“ თუ არა ეს ჯადოსნური არსება თქვენს პატარასთან ამოვარდნილი სარძევე კბილის წასაღებად. ამბობენ, რომ კბილის ფერიის ციხე-სიმაგრეში ოქროს ზარია, რომელიც რეკავს, როდესაც რომელიმე ბავშვი კბილს კარგავს. ფერია კი ელოდება შუაღამის დადგომას პატარას ოთახში მოსაფრენად და კბილის წასაღებად. და ვინ იცის, იქნებ წერილიც დაუტოვოს, სადაც ბავშვს შეახსენებს პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობას, დღეში ორჯერ 2 წუთით კბილების გამოხეხვის აუცილებლობას და მადლობას გადაუხდის მოვლილი და ჯანსაღი კბილისთვის.
წყარო: www.verywellfamily.com