„ფუფხები“, იგივე სებორეული დერმატიტი ჩვეულებრივ იწყება ბავშვის სიცოცხლის პირველ სამ თვეში და შეიძლება გაგრძელდეს პირველ დაბადების დღემდე.

საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში „ფუფხები“ არ აწუხებს ბავშვს – და ასევე, არსებობს რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მის თავიდან ასაცილებლად და მკურნალობისთვის.
სებორეული დერმატიტი არის კანის ანთებითი მდგომარეობა – წითელი და ყვითელი ფერის ქერცლები. ეს ჩვეულებრივ იწყება ბავშვის თავზე და ზოგჯერ წარბებზე, ცხვირზე, კისერზე, საზარდულზე, იღლიებში და ქუთუთოებზე.

ზოგჯერ ის ქავილს იწვევს, ამიტომ სათანადო მკურნალობის გარეშე ზოგიერთ ჩვილს შეიძლება ფხანის შედეგად უფრო გაუღიზიანდეს და შეამჩნიოთ სიწითლე, სისხლდენა ან ინფექცია.
რა იწვევს „ფუფხებს“?
ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს კანის ამ მდგომარეობას. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ „ფუფხები“ ჩნდება იმის გამო, რომ დედის ორსულობის ჰორმონები ბავშვის სისტემაში რჩება დაბადებიდან გარკვეული დროის განმავლობაში, რაც ზრდის სკალპზე ზეთის წარმოებას.
ასევე, კანის სოკომ შეიძლება გამოიწვიოს „ფუფხები“.
როგორ ვუმკურნალოთ „ფუფხებს“?
- მინერალური ზეთით ან ვაზელინით დაუმასაჟეთ თავი. საფუძვლიანად ჩამობანეთ შამპუნით, რათა მოაცილოთ კანის ფანტელები და ზეთი. მოერიდეთ ზეითუნის ზეთს.
- დღეში რამდენჯერმე ნაზად ჩამოვარცხნეთ რბილი ჯაგრისით.
- დედის რძე: წაუსვით ეს ბუნებრივი საოცრება თავზე და შესაძლოა ეს დაგეხმაროთ ფუფხების მოცილებაში.
- ნატურალური და სამკურნალო შამპუნები: არაერთი მსუბუქი, არა სამკურნალო შამპუნია სპეციალურად დამზადებული ბავშვის „ფუფხებისთვის“. გამოიყენეთ ყოველდღე, სანამ არ ნახავთ შედეგს, შემდეგ მხოლოდ კვირაში ორჯერ.
როგორ ავიცილოთ თავიდან „ფუფხები“?
სამწუხაროდ, „ფუფხების“ თავიდან აცილების საშუალება არ არსებობს. თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები დაგეხმარებათ სიმპტომების შემცირებაში:
- ჩვეულებრივ, მდგომარეობა თავის ოფლიანობის დროს უარესდება, ამიტომ იზრუნეთ, რომ ბავშვის თავი მაქსიმალურად გრილად და მშრალად იყოს.
- არ დაახუროთ ქუდი სახლში და გარეთ, თუ არ არის მზიანი ან ცივი ამინდი.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ზემოთ ჩამოთვლილმა მკურნალობამ არ იმოქმედა, მიმართეთ პედიატრს. ასევე, თუ „ფუფხები“ ძალიან გაწითლდა ან ჩირქი შეამჩნიეთ, ეს შეიძლება მიუთითებდეს ბაქტერიულ ან სოკოვან ინფექციაზე, რომელიც ექიმის დაკვირვებას საჭიროებს.
წყარო: www.whattoexpect.com