Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ტანტრუმი?

ტანტრუმი ემოციების ამოხეთქვაა, ძირითადად ბრაზით და იმედგაცრუებით გამოწვეული. თქვენმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შეიძლება ამ დროს დაიწყოს ფეხების ბაკუნი, ყვირილი, იატაკზე გაწოლა, ნივთების სროლა, დარტყმა, ან გალურჯებამდე შეიკავოს სუნთქვა (გადაბჟირდეს). (ნუ ღელავთ, ის აუცილებლად ამოისუნთქებს, მაგრამ მაინც მოუყევით ექიმს ამის შესახებ).

ტანტრუმი ბავშვების ნორმალური და გავრცელებული ქცევაა, განსაკუთრებით 2-3 წლის ასაკში. გამხნევდით! – 4 წლის ასაკისთვის მისი შემთხვევები გაიშვიათდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ტანტრუმი?

ემოციური მიზეზები: 2-3 წლის ასაკში ტანტრუმების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ემოციების სიჭარბე. სკოლამდელ ასაკში ბავშვები განიცდიან ბევრ ემოციებს, მაგრამ არ იციან მათი გაგება და მართვა. ტანტრუმი ხშირად ხდება მაშინ, როცა ბავშვი ვერ უმკლავდება იმედგაცრუების, შიშის ან რაიმეზე უარის მიღების ემოციებს.

ტანტრუმი შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისთვის შემაწუხებელმა რამემ, მაგალითად საშიში მონსტრის სურათმა. ძილის წინ ის შესაძლოა მეტად აჟიტირებული იყოს და დაემართოს ტანტრუმი, რომელიც კავშირში იქნება დღის განმავლობაში მომეტებულ შფოთვასთან.

ფიზიკური მიზეზები: დაღლილობა, შიმშილი, დისკომფორტის შეგრძნება.

განმტკიცებული ქცევა: თქვენს რეაქციაზე დამოკიდებული, ბავშვი ისწავლის თუ არა იმას, რომ ტანტრუმი სასურველის მიღების გზაა.

როგორ გავუმკლავდეთ ტანტრუმს?

დროთა განმავლობაში, თქვენ შეძლებთ ასწავლოთ თქვენს შვილს გრძნობების სათანადოდ გამოხატვა. მანამდე, სცადეთ შემდეგი სტრატეგიები:

გადაატანინეთ ყურადღება. ეს კარგად მოქმედებს ტანტრუმის დასაწყისში. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მისთვის სასიამოვნო საქმიანობა (ხატვა ან ცხობა), როცა ხედავთ, რომ იმედგაცრუებულია.

ელაპარაკეთ წყნარად და დამამშვიდებლად. თქვენი ხმის ტონი შეიძლება დაეხმაროს ბავშვს დამშვიდებაში. მარტივი სიტყვებით უთხარით: „მე ვხედავ, როგორი განაწყენებული ხარ. აქ ვარ იმისთვის, რომ დაგეხმარო დამშვიდებაში“.

დარჩით ბავშვთან. ის ამ დროს ემოციების ქარიშხალს ებრძვის და თქვენთან  ახლოს ყოფნა სჭირდება. ოთახიდან თუ გახვალთ, შეიძლება მიტოვებულად იგრძნოს თავი.

შესთავაზეთ ფიზიკური კომფორტი. წყნარად მიუახლოვდით და, თუ ძალიან არ სხმარტალებს, აიყვანეთ ხელში. შესაძლებელია, თქვენი ჩახუტება იმდენად კომფორტული აღმოჩნდეს, რომ ამან უფრო სწრაფად დაამშვიდოს.

თანაუგრძნეთ. ასწავლეთ თქვენს შვილს გამკლავების უნარები იმის გაცნობიერებით, რომ ნეგატიური ემოციები (იმედგაცრუება, ბრაზი, სევდა) მისაღებია. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ: „მე ვიცი, როგორი გულდაწყვეტილი ხარ, რადგან პარკში წასვლა ძალიან გინდოდა, მაგრამ გარეთ ძლიერად წვიმს. მოდი, ფაზლებით ვითამაშოთ“.

უზრუნველყავით უსაფრთხოება. თუ თქვენი შვილი იმდენად გაბრაზებულია, რომ ურტყამს სხვა ადამიანებს ან შინაურ ცხოველებს, გაუჩერებლად ყვირის ან ისვრის საგნებს, აიყვანეთ და გაიყვანეთ უსაფრთხო სივრცეში, სადაც ვერ შეძლებს რამე დაუშაოს საკუთარ თავს ან გარშემომყოფებს. გააგებინეთ, რატომ არის ის იქ (იმიტომ, რომ შენ დაარტყი დაიკოს – დარტყმა მტკივნეულია და არ არის მისაღები საქციელი), და აუხსენით, რომ მასთან დარჩებით, სანამ არ დამშვიდდება. თუ საჯარო სივრცეში იმყოფებით, განმარტოვდით ბავშვთან ერთად.

როდის შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ტანტრუმს?

ხშირად ბავშვები ტანტრუმს აწყობენ იმიტომ, რომ  არ უნდათ იმის გაკეთება, რაც სთხოვეთ ან უარი უთხარით რამეზე. ამ დროს მშვიდად უთხარით, რომ  ხვდებით მათ არ მოეწონათ თქვენი პასუხი. შემდეგ დაკავდით თქვენი საქმით, თუ ეს შესაძლებელია. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ, „მე ვხედავ, როგორი გაბრაზებული ხარ იმის გამო, რომ სადილამდე ტკბილეულის ჭამის ნება არ მოგეცი. ვიცი, ძნელია მოცდა, რადგან ის კარგად გამოიყურება და მადისაღმძვრელი სუნი აქვს. მეც ველოდები, როდის მივირთმევ მას სადილის შემდეგ. მოდი, მაგიდაზე ხელსახოცების დაწყობაში დამეხმარე.“

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება სახლში უფრო ადვილია. საჯარო სივრცეში შესაძლოა წასვლა და ისეთი ადგილის მოძებნა მოგიწიოთ, სადაც დაელოდებით შტორმის გადავლას.

იყავით თანმიმდევრული და მკაცრი საკუთარი შეზღუდვის დაცვაში. თუ ბავშვს რამეზე უარს ეტყვით და ისტერიკის გამო შეუსრულებთ, მას ასწავლით, რომ ტანტრუმი კარგი გზაა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.

წყარო: www.babycenter.com

წაიკითხეთ ტანტრუმის შესახებ:

როგორ უნდა მოიქცეთ საჯარო სივრცეში ტანტრუმის დროს

როგორ ავირიდოთ ტანტრუმი

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5