Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რატომ არ შეიძლება 12 თვემდე ჩვილებისთვის ძროხის რძე?

ჩვილებს არ შეუძლიათ ძროხის რძის მონელება ისე სრულად და მარტივად, დედის რძის და მისი შემცვლელი ადაპტირებული ნარევისგან (ფორმულისგან) განსხვავებით. ის  შეიცავს ცილებისა და მინერალების მაღალ კონცენტრაციას, რამაც შეიძლება გადატვირთოს  თქვენი პატარას მოუმწიფებელი  თირკმელები.

ძროხის რძეში არ არის საკმარისი რაოდენობით რკინა, C ვიტამინი და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებები ჩვილებისთვის. ამან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემიაც კი, ვინაიდან ძროხის რძის ცილამ შეიძლება გააღიზიანოს პატარას საჭმლის მომნელებელი სისტემა და განავალში სისხლი წარმოქმნას. დაბოლოს, ძროხის რძე არ უზრუნველყოფს ჯანმრთელ ცხიმების ტიპებს მზარდი ჩვილებისთვის.

დაახლოებით 12 თვიდან თქვენი ბავშვი მზად იქნება ძროხის რძის გადასამუშავებლად და შეგიძლიათ ჩართოთ ჯანსაღი კვების ნაწილად ბურღულეულის, ხილის, ბოსტნეულისა და ხორცეულის გვერდით.

რატომ უნდა მისცეთ 12 თვიდან ბავშვებს  ძროხის რძე?

ძროხის რძე მდიდარია კალციუმით, რომელიც აშენებს ძვლებსა და კბილებს, ხელს უწყობს სისხლის შედედების რეგულაციას და კუნთების კონტროლს. ის ასევე D ვიტამინის წყაროა, რომელიც ეხმარება კალციუმის შეწოვას და უმნიშვნელოვანესია ძვლების ზრდისთვის.  

რძე ასევე უზრუნველყოფს ცილებს ზრდისთვის და ნახშირწყლებს, რათა თქვენს შვილს მისცეს საჭირო ენერგია მთელი დღის განმავლობაში. და თუ თქვენი ბავშვი მიიღებს საკმარის კალციუმს თავიდანვე,  არსებობს მტკიცებულებები, რომ მას მაღალი წნევის, ინსულტის, მსხვილი ნაწლავის კიბოს და მენჯბარძაყის სახსრის ძვლების მოტეხილობის განვითარების უფრო დაბალი რისკი ექნება.

საჭიროა თუ არა ძუძუთი კვების შეწყვეტა, როდესაც ბავშვი ძროხის რძის დალევას დაიწყებს?

არ არსებობს ამის საჭიროება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ძუძუთი კვების გაგრძელებას 2+ წლამდე.

რა რაოდენობით რძე უნდა დალიოს ახლად ფეხადგმულმა ბავშვმა?

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, 1 წლის პატარას შეუძლია მიიღოს  საკმარისი რაოდენობით კალციუმი და D ვიტამინი  დღეში 2 ჭიქა რძიდან ან სხვა რძის პროდუქტებიდან (იოგურტი, ყველი). 2 წლის პატარას 2.5 ჭიქა რძიდან ან სხვა რძის პროდუქტებიდან.

ახლად ფეხადგმული ბავშვისთვის უცხიმო რძე ჯობია?

არა. 2 წლამდე ბავშვებმა უნდა მიიღონ მოუხდელი რძე, რადგან მათ სჭირდებათ მასში შემავალი ვიტამინები და მეტი ენერგია. 2 წლიდან შეიძლება ნახევრად მოხდილი რძის ჩართვა თქვენი პატარას მენიუში, თუ ის კარგი მჭამელია და მრავალფეროვნად იკვებება.

გაითვალისწინეთ ბავშვის ზედმეტი წონა ან ოჯახური ისტორია ქოლესტერინის და გულ-სისხლძარღვთა  დაავადებების კუთხით, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია თავიდანვე უცხიმო რძე.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს არ მოეწონა ძროხის რძე?

თუ ბავშვს ძროხის რძე არ მოეწონა, შეურიეთ ის დედის რძეს ან ფორმულას 1:3 პროპორციით და დროთა განმავლობაში გაზარდეთ მისი წილი. ასევე, შესთავაზეთ ოთახის ტემპერატურის რძე. თუ მიუხედავად ამ მცდელობებისა, თქვენი პატარა ვერ შეიყვარებს მას, ეცადეთ სხვა რძის პროდუქტებით მიიღოს კალციუმი.

არ მისცეთ თქვენს შვილს “ნედლი” ან არაპასტერიზებული რძე. პასტერიზაციის გარეშე, რძე შეიძლება შეიცავდეს მავნე ბაქტერიას ან პარაზიტს, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

შეიძლება ბავშვს ჰქონდეს რძის ალერგია?

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიხედვით, ჩვილების 2-3%-ს შეიძლება გამოუვლინდეს რძის ალერგია. მისი ძირითადი სიმპტომებია:

  • დისკომფორტი მუცლის არეში
  • ჭინჭრის ციება ან გამონაყარი, განსაკუთრებით პირისა და ნიკაპის არეში
  • ფაღარათი
  • ღებინება
  • შეშუპება
  • ქავილი

ცხვირის ქრონიკული გაჭედვა, ხველა, ცემინება ან სუნთქვის სირთულეები იმის ნიშანია, რომ რძის ალერგია გავლენას ახდენს თქვენი პატარას სასუნთქ სისტემაზე და ამის შესახებ აცნობეთ პედიატრს.

ბავშვს სჭირდება გადაუდებელი დახმარება, თუ:

  • ძალიან ფერმკრთალი ან მივარდნილია
  • მთელ სხეულზე აქვს ჭინჭრის ციება.
  • შეშუპებულია თავის ან კისრის არეში
  • აქვს სისხლიანი ფაღარათი
  • მას აქვს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.

თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი ბავშვი ალერგიულია ძროხის რძეზე, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მოერიდოთ საკვებს, როგორიცაა ხაჭო, შედედებული ან შესქელებული რძე, ნაყინი, იოგურტი, მარგარინი, რომელიც შეიცავს რძეს, კარაქს, რძის შოკოლადს და ფხვნილს.  კანონის მიხედვით,  ყველა ალერგენი მკაფიოდ უნდა აღინიშნოს კვების პროდუქტებზე. ამ შემთხვევაში, ეტიკეტზე უნდა ეწეროს  “რძე”.

წყარო: https://www.babycenter.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5