Skip to content Skip to sidebar Skip to footer

            
ლაქტაციის კონსულტანტის შორენა ლაღაძის ბლოგი


ოთხი წლის წინ, როდესაც ჩემი ორსულობის შესახებ შევიტყვე, პირველი, რაც დავგეგმე ძუძუთი კვება იყო. ვიცოდი, რომ ამ თემაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მეტი ცოდნა მომეგროვებინა.
მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოში ბუნებრივი კვების ისეთი სავალვალო სტატისტიკა იქნებოდა, როგორიც რეალურად არის. ვფიქრობდი, რომ ქალები ყველაფერს აკეთებდნენ საკუთარი შვილების ძუძუთი გამოსაკვებად, მაგრამ სამწუხაროდ, საჭირო ინფორმაციის ძიების პროცესში უამრავ მითსა და ამ მითების მსხვერპლ დედებს შევეჩეხე.
ინფორმაციის გადამოწმება, სწორისა და არასწორის გაფილტვრა ჩემი პროფესიაა. ჟურნალისტი ვარ. უფრო კონკრეტულად – გამომძიებელი ჟურნალისტი. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ყველა დედა არ ფლობს იმ უნარებს, რასაც მე, ამიტომ ხშირად ხდებიან არასწორი, არასრული და არასანდო ინფორმაციის გავლენის ქვეშ. ამის გაცნობიერების შემდეგ, მიზნად დავისახე რომ სხვა ქალებს, ახალბედა დედებს დავხმარებოდი და ამას ვაკეთებ კიდევაც.
ჩემი პირველი სტატია, ისევე როგორც სხვა დანარჩენები ამ საიტზე დედის რძისა და ბუნებრივი კვების სიკეთეების შესახებ იქნება.
დავიწყოთ იქედან, რომ დედის რძე პერსონალური საკვებია. ის თქვენს მკერდში უშუალოდ თქვენი შვილისათვის, ჰორმონების გავლენით მზადდება. ადამიანის რძის ერთ-ერთი შესანიშნავი მახასიათებელია ის, რომ მისი შემადგენლობა თითქმის ყველა კვების დროს, ბავშვის მოთხოვნილებების მიხედვით იცვლება და ზუსტად არის მორგებული მოზარდი ჩვილის ყველა მოთხოვნას.

თუ შენ ორსულად ხარ, შეამჩნევდი როგორ იცვლის ფორმასა და ზომას შენი მკერდი, მუქდება და დიდდება არეოლა (ყავისფერი არე ძუძუსთავის ირგვლივ), მგრძნობიარე ხდება ძუძუსთავები – ეს იმის ნიშანია, რომ ჰორმონები ემზადებიან რძის წარმოებისათვის. ორსულობის ბოლო კვირებში შესაძლოა შეამჩნიო მკერდიდან სქელი, მუქი ყვითელი ან ყავისფერი გამონადენი – ეს ხსენია, შენი შვილის პირველი საკვები.  ქალების უმეტესობას ხსენი ბავშვის დაბადებამდე არ აქვს – ეს არაფერს არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, გექნება თუ არა ხსენი ორსულობაში, შენ მაინც შეძლებ აწარმოო რძე. ათეულობით წლების მანძილზე, ასობით ქალზე დაკვირვებამ მეცნიერებას მისცა ზუსტი პასუხი დედის რძის შესახებ – ქალების 99% მთელს მსოფლიოში შეუძლია ჰქონდეს რძე, თუ ისინი ძუძუთი კვების პროცესს სწორად დაიწყებენ და სწორადვე გააგრძელებენ. ძუძუთი კვება რთული პროცესია, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი, აუცილებლად გასათვალისწინებელი წესი აქვს. ამ წესების დაცვის გარეშე ძუძუთი კვება წარმატებული ვერ იქნება.

რა ხდება მკერდის შიგნით?

ორსულობისას შენი პლაცენტა ააქტიურებს თავის ტვინში ორ ჰორმონს – ესტროგენსა და პროგესტერონს, რაც თავის მხრივ, რთავს შენს სხეულში სხვა ჰორმონებს, რომლებიც ამზადებენ მკერდს რძის წარმოებისათვის.

მკერდის დიდ ნაწილს შეადგენს კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილი, ასევე მკერდის ნაწილებია სარძევე ჯირკვლები – სადაც ჩნდება რძე და სარძევე არხები, რომელთა მეშვეობითაც სარძევე ჯირკვლებში დამზადებული რძე ძუძუსთავებამდე მიდის. მკერდის ცხიმოვანი ქსოვილი ყველა ქალს სხვადასხვა რაოდენობის აქვს. აი, ჯირკვლები და სადინარები (არხები) – ყველა შემთხვევაში ერთნაირი რაოდენობისაა. სარძევე არხებს არაფერი ფარავს ან კეტავს, ისინი ღიაა და თავისუფალი. შესაბამისად, ცნება სარძევე სადინარების გახსნის შესახებ, მცდარია.

მკერდი შენი მომავალი შვილისათვის რძის წარმოებისათვის ემზადებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შენ დედის საშვილოსნოში იყავი. მაშინ, როდესაც შენი სქესი ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბდა შენს მკერდში სადინარები და სარძევე ჯირკვლები.

ორსულობის დროს, ჰორმონები სარძევე არხებსა და რძის წარმომქმნელ ჯირკვლებს  აფართოვებს და ზომაში ზრდის. ბავშვის დაბადების მერე, შენს ტვინში ორი ჰორმონი იწყებს გააქტიურებას – პროლაქტინი, რომლის მოვალეობაც რძის წარმოებაა და ოქსიტოცინი, იგივე ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს მკერდში სადინარების გაფართოვებას და მასში რძის მომოქცევას. პროლაქტინის დახმარებით მკერდში არსებული სარძევე ჯირკვლები იწოვენ შენი სისხლის თეთრ უჯრედებს, სისხლში არსებულ ცილებს, ცხიმებს, შაქრებს, ვიტამინებს , ანტისხეულებს, ამინომჟავებს და თქვენს ორგანიზმში არსებულ სხვა ათიათასობით სასარგებლო ნივთიერებას და ქმნიან რძეს, ამგვარად წარმოქმნილი რძე ოქსიტოცინის დახმარებით მიედინება სადინარებში, მიდის ძუძუსთავამდე და იქედან – თქვენი ახალშობილის პაწაწინა პირში ჩაიღვრება.

რძის სადინარების სისტემა ხსენისა და რძის წარმოქმნისათვის მზადაა ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ასე რომ შენ იმ შემთხვევაშიც შეგიძლია რძის წარმოება, თუ შენი პატარა ნაადრევად დაიბადება.

ხსენი
ქალების უმეტესობას ჰგონია, რომ რძე ბავშვის დაბადებისთანავე მოდის. რეალურად, რძის მოსვლამდე ყველა ქალს აქვს ხსენი, რომელიც რძეზე უფრო მნიშვნელოვანი საკვებია შენი ახალშობილისათვის.

ხსენი ანტისხეულებით სავსე ძალიან სქელი, მუქი ყვითელი სითხეა (ის შესაძლოა იყოს ყავისფერი, სისხლისფერი, ნარინჯისფერი) და ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილის იმუნიტეტისათვის. ხსენს (იგივე კოლოსტრიუმი) ექიმები პირველ აცრას უწოდებენ და მოუწოდებენ ყველა დედას, მიუხედავად იმისა, გეგმავენ თუ არა ისინი ძუძუთი კვებას, აუცილებლად მისცენ შვილებს ხსენი.

ხსენი არის საუკეთესო საკვები იმ საკვებთა შორის, რაც შეიძლება ბავშვს სიცოცხლის მანძილზე მისცეთ. ადამიანის ხსენს აქვს ვიტამინებისა და ანტისხეულების მაღალი შემცველობა, მაგრამ იგი მცირე რაოდენობით გამომუშავდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალშობილს სჭირდება ზუსტად 5 მლ ხსენი, რაც 1 პატარა  ჩაის კოვზია. მეტის ჭამისა და მონელების უნარი ბავშვს ამ ასაკში არ აქვს.

კოლოსტრიუმში არის ნახშირწყლები, ცილები, ანტისხეულები და რთული ცხიმები შედარებით დაბალი რაოდენობით (რადგან ახალშობილებში რთული ტიპის ცხიმის მონელება ძნელია).

ახალშობილებს ძალზე პატარა კუჭი აქვთ და კოლოსტრიუმი მათ სიცოცხლისათვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას აწვდის ძალიან კომპაქტურ ფორმაში, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ იგი მცირე რაოდენობისაა, სწორედ ბავშვის კუჭის სიმცირის გამო.

ხსენს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, რაც ხელს უწყობს ბავშვის პირველი განავლის გამოყოფას, რომელსაც მეკონიუმი ეწოდება. იგივე თვისება ხელოვნურ რძეს არა აქვს.

ხსენი ასუფთავებს ახალშობილის სხეულს ზედმეტი ბილირუბინისაგან,  სისხლის ზედმეტი, მკვდარი უჯრედებისაგან, რომლებიც წარმოიქმნება ნაყოფის სხეულში არსებული დიდი რაოდენობით სისხლის მოცულობის შემცირების გამო.

კოლოსტრიუმი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს, სახელწოდებით “სეკრეტორული იმუნოგლობულინი” (IgA), რომლებიც ხელს უწყობენ ჩვილის ყელის, ფილტვებისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაცვას.

ხსენში ლეიკოციტები ასევე დიდი რაოდენობითაა; ისინი ეხმარებიან ჩვილის მავნე ვირუსებისა და ბაქტერიებისგან თავდასაცავად იმუნიტეტის ,, ასაშენებლად”.

კოლოსტრუმის მიღება აყალიბებს სასარგებლო ბაქტერიებს  ბავშვის კუჭ-ნაწლავში. იგივე არ ხდება ხელოვნური რძის მიღების დროს.

ნაადრევი ჩვილებისათვის ხსენი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ადამიანის რძე შეიცავს სპეციალურ კომპონენტებს, ე.წ. ზრდის მოდულატორებს, რომლებიც ეხმარება ნაადრევი ბავშვებს საჭმლის მომნელებელ სისტემას დროულად ჩამოყალიბდეს და ასევე იმაში, რომ ისინი დროულად დაეწიონ წონისა და სიმაღლის ნორმებს და შესაბამისად განვითარდნენ გონებრივად.

გამოკვლევების თანახმად,  ახალშობილებს, რომლებმაც კვება დაიწყეს ხელოვნური რძით, უფრო გვიან უყალიბდებათ მომნელებელი სისტემა, ვიდრე ბავშვებს, რომლებმაც დედის ხსენი მიიღეს.