Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენს ორგანიზმში ორსულობის დროს დაწყებული ცვლილებები მშობიარობის შემდგომაც გრძელდება. თქვენი სხეული ცდილობს ძალების აღდგენას და ჩვეული მდგომარეობის დაბრუნებას შესანიშნავი თავგადასავლის შემდეგ.

მშობიარობის შემდგომ პერიოდად ითვლება ბავშვის დაბადების შემდგომი 42 დღე. თქვენ ნელ-ნელა იგრძნობთ უკეთესობას. მშობიარობის შემდგომი შეკრულობის ზოგიერთი მიზეზი თავისით გაივლის, ზოგჯერ კი საჭირო ხდება მცირედი ხელისწაკვრა, სანამ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა კვლავ არ ამუშავებდა.

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ შეკრულობას?

თქვენს სხეულს ძალების აღდგენა სჭირდება

თქვენი პატარას საოცარი ღიმილი, როდესაც მას უმზერთ, თითქმის გავიწყებთ მშობიარობის ტრავმას, მაგრამ თქვენს სხეულს ის ჯერ კიდევ ახსოვს.

თუ მშობიარობის დროს დაგჭირდათ ჩაჭრა და გაქვთ ნაკერები ან საკეისრო კვეთის ჭრილობა, ეს არაცნობიერად (ან განზრახულად) შეიძლება იწვევდეს კუჭის მოქმედებისას გაჭინთვისთვის თავის არიდებას ტკივილის გამო. მოშარდვაც კი მტკივნეული შეიძლება იყოს მშობიარობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

მომატებულმა წონამ და ბავშვის მუცლით ტარებამ შესაძლოა ორსულობისას ბუასილი გამოიწვიოს. ეს თავის მხრივ იწვევს ტკივილს, რაც შესაძლოა შეკრულობის მიზეზი გახდეს ან გააუარესოს ის.

ჭინთვებმა მშობიარობისას შესაძლოა ასევე გაწელოს ან დააზიანოს თქვენი მენჯის ფსკერის ან ანალური სფინქტერის კუნთები. ამან შეიძლება გაართულოს გაჭინთვა კუჭის მოქმედების დროს, მაგრამ ნუ იღელვებთ. ეს დროებითია.

ძილის ჩვევების ცვლილებები

ბავშვის გაჩენის შემდეგ მისი განრიგი მართავს თქვენსას. ეს შეიძლება ნიშნავდეს ღამის სამ საათზე გაღვიძებას და ბავშვის გამოკვებას, რადგან მას ღვიძავს და შია.

ძილის ნაკლებობა და გადაღლილობა ახალი მშობლების გავრცელებული პრობლემაა. თქვენ ამას მოელოდით, მაგრამ სავარაუდოდ ვერ აცნობიერებდით იმ არეულობას, რასაც ის თქვენს გონებასა და სხეულში გამოიწვევდა.

ძილის ჩვევების შეცვლამ და გადაღლილობამ ასევე შეიძლება შეცვალოს თქვენი ტუალეტის ჩვევები. ძილის ნაკლებობა იწვევს მეტ სტრესს, რაც ნამდვილად ვერ ეხმარება შეკრულობას.

სტრესი

თქვენს პატარასთან შეხვედრა სასიხარულოა და თქვენს ცხოვრებას ცვლის. მაგრამ ეს ასევე სტრესის გამომწვევიც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თქვენი პირველი შვილია, თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში იქნება მოულოდნელი და რთული ცვლილებები.

ნორმალურია, განიცდიდეთ სტრესსა და ღლვას და ამასთანავე ტკბებოდეთ თქვენს პატარასთან ყოფნით. ამ გრძნობებს, პლუს ძილის ნაკლებობას შეუძლია გაზარდოს სტრესის ჰორმონების დონე, მაგ. კორტიზოლის. სტრესის ჰორმონების დიდმა ოდენობამ ზოგ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი, ზოგში – შეკრულობა. ყველა შემთხვევაში თქვენს მომნელებელ სისტემაში არეულობაა.

გაუწყლოვანება და დიეტა

ბავშვის მოვლამ შეიძლება საკუთარი თავი დაგავიწყოთ. ნორმალურია, მოიკლოთ ძილი და სწრაფად იკვებოთ, როდესაც თქვენი პატარა მთელი ხმით გაჰკივის.

მაგრამ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და თქვენი ბავშვისთვისაც. საკმარისი რაოდენობის წყლისა და სხვა სითხეების მიუღებლობამ დღის განმავლობაში შეიძლება გაუწყლოვანება გამოიწვიოს. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, თუკი თქვენ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ცვლილებებმა თქვენს დიეტაში ძუძუთი კვების დროს შეიძლება ასევე მოახდიოს გავლენა კუჭის მოქმედებაზე.

მაგ. თუკი თქვენ უარს იტყვით კოფეინზე, ან არ გაქვთ დრო მიირთვათ ხრაშუნა სალათები და უჯრედისით მდიდარი საკვები, თქვენ შეიძლება დაგაკლდეთ უჯრედისი, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა.

ნაკლები მოძრაობა

ნაკლებმა დგომამ, სიარულმა და მოძრაობამ შეიძლება ასევე მოახდინოს გავლენა საჭმლის მონელების სისტემაზე. ნაწლავები კუნთებია და თქვენი სხვა კუნთების მსგავსად მათაც საკმაო ვარჯიში სჭირდებათ, რათა შეინარჩუნონ სიძლიერე და სათანადოდ იმოქმედონ.

აქტივობის დაბალმა დონემ ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ შესაძლოა დროებით გამოიწვიოს შეკრულობა.

წამლები

ბავშვის დაბადებამ შეიძლება დაგანახოთ, რა საოცარია თქვენი სხეული, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ სუპერგმირი. რა თქმა უნდა ხართ, მაგრამ არა ისეთი, როგორიც კომიქსებშია.

თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ წამლები, რათა გაუმკლავდეთ ნაკერებს, კუნთების დაჭიმულობას და სხვა ტკივილებს. სამწუხაროდ, შეკრულობა ბევრი წამლის გვერდითი ეფექტია.

ანტიბიოტიკები, როგორც წესი ფაღარათს იწვევს, მაგრამ მათ ასევე შეიძლება გამოიწვიონ შეკრულობა. ამის მიზეზია ის, რომ ისინი მავნე  ბაქტერიებთან ერთად ანადგურებენ ზოგიერთ სასარგებლო  ბაქტერიას, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

თუკი წამლებს უკვე აღარ იღებთ, თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდეს დასაბალანსებლად.

მშობიარობის შემდგომი ვიტამინები

ისევე, როგორც ორსულობის ვიტამინები გეხმარებათ კვების დაბალანსებაში, მშობიარობის შემდგომი ვიტამინები გეხმარებათ შეინარჩუნოთ ენერგია. ზოგიერთი მშობიარობის შემდგომი დანამატი შეიცავს რკინას და სხვა ნუტრიენტებს, რომელთაც ზოგჯერ შეკრულობის გამოწვევა შეუძლიათ.

ან იქნებ დაგჭირდეთ რკინის დანამატი, თუ ბავშვის გაჩენის შემდეგ ანემია გაქვთ. შეიძლება დაკარგოთ სისხლის გარკვეული რაოდენობა ვაგინალური მშობიარობისას ან საკეისრო კვეთისას. ეს ნორმალურია და რამდენიმე დღეში თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს  სისხლის მეტ წითელ უჯრედებს.

მცირე რკინის დანამატის მიღება ხშირად სასარგებლოა, მაგრამ რადგან რკინა შეკრულობას იწვევს, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დიეტისა და წყლის მიღების დარეგულირება.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ მშობიარობის შემდგომი შეკრულობის შესამსუბუქებლად?

  • დიდი ოდენობით წყლისა და სხვა სითხეების მიღება
  • თქვენს მენიუში მეტი უჯრედისის დამატებას, როგორიცაა დაუცეხვავი მარცვლეული, ქატო, ოსპი, პარკოსნები.
  • ისეთი საკვების მიღება, რომელიც არის ბუნებრივი საფაღარათე საშუალება, მაგალითად შავი ქლიავი.
  • იმოძრავეთ, რამდენიც შეგიძლიათ და გააკეთეთ მარტივი ვარჯიშები, მაგ. ბუქნები, თუ ეს მტკივნეული არ არის.
  • გამოიყენეთ სკამი ტერფების ასამაღლებლად ჩაცუცქულ პოზიციაში ტუალეტში ჯდომისას, რაც დაგეხმარებათ უფრო იოლად გაჭინთვაში.
  • სცადეთ დამამშვიდებელი ვარჯიშები და რელაქსაციის ტექნიკები, როგორიცაა მედიტაცია ან თბილი აბაზანა, რაც დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში.
  • სთხოვეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ბავშვის მოვლაში დახმარება, რათა დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოვლას და გამოიძინოთ.

როდის მიმართოთ ექიმს მშობიარობის შემდგომი შეკრულობის შესახებ?

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ კუჭის მოქმედება არ გქონიათ მშობიარობიდან 4 დღის განმავლობაში. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ძლიერი საფაღარათე საშუალება შეკრულობის შესამსუბუქებლად.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუკი იღებთ რაიმე წამალს ან დანამატს, რაც შეიძლება იწვევდეს შეკრულობას. ესენია ტკივილგამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები, რკინის შემცველი აბები ან მულტივიტამინები. ჰკითხეთ ექიმს, სჯობს შეწყვიტოთ თუ შეცვალოთ წამლები შეკრულობისათვის თავდასაღწევად.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5