ახალი წელი საუკეთესო დროა თქვენს შვილებთან რეალისტური მიზნების დასახვაზე სასაუბროდ. დადებითი ცვლილებებისკენ სწრაფვის სწავლა აუცილებელი ცხოვრებისეული უნარია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს გამოადგება, მათ შორის ბავშვებს.
აი, რა შეგიძლიათ ადეკვატური მიზნების დასახვისთვის, რათა მომავალი წელი იყოს ბედნიერი და ჯანსაღი მთელი ოჯახისთვის.
დასახეთ გეგმა, რომელიც იქნება:
კონკრეტული – ჩამოთვალეთ ზუსტად ის, რისი მიღწევაც გსურთ (ნაცვლად იმისა, რომ „უფრო სწრაფად ვირბინო“ იფიქრეთ „ვირბენ 5 კმ-ს 30 წუთზე ნაკლებ დროში“).
გაზომვადი – როგორ ადევნებთ თვალყურს თქვენს მიზანს და განსაზღვრავთ მიაღწიეთ მას თუ არა?
მიღწევადი – დაისახეთ შესაძლებელი მიზანი, მაგრამ არა ძალიან მარტივი. გაქვთ საშუალება და შესაძლებლობა თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ?
შესაბამისი: ეს მიზანი შეესაბამება თუ არა თქვენს დანიშნულებას და ცხოვრების მთავარ მიზანს?
დროში გაწერილი – მიეცით საკუთარ თავს ბოლო ვადა მიზნის მისაღწევად.
სკოლამდელებისთვის
3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ გრძელვადიანი მიზნების შესრულება. ამასთან, ყოველდღიურად რამდენიმე მცირე მიზანზე ფიქრი კარგი სტრატეგიაა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის. მაცივარზე მიამაგრეთ სტიკერების დიაგრამა, რათა დაეხმაროს მათ თვალ-ყური ადევნონ თავიანთ მიზნებს.
აქ მოცემულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისი მიზნების მაგალითები:
- ჩემს სათამაშოებს დავალაგებ დღის ბოლოს ძილის წინ.
- კბილებს გავიხეხავ დღეში ორჯერ, საუზმის შემდეგ და ძილის წინ.
- ხელებს დავიბან ტუალეტის შემდეგ და ჭამის წინ.
- მე გავსინჯავ ყველა კერძს ჩემს თეფშზე, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი ლუკმა იყოს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის
- ყოველ დღე დავლევ წყალს და რძეს, შევზღუდავ გაზიან სასმელებს.
- რომელიმე სპორტის სახეობას ან ფიზიკურ აქტივობას ავირჩევ და მივყვები კვირაში 3-ჯერ მაინც.
- ველოსიპედის ტარებისას ყოველთვის დავიხურავ ჩახფუტს.
- გავთიშავ ელექტრონულ მოწყობილობებს დაძინებამდე 30 წუთით ადრე მაინც.
- თვეში მინიმუმ ერთ წიგნს წავიკითხავ.
მოზარდებისთვის
- ყოველდღე მინიმუმ ერთი სახეობის ხილს და ბოსტნეულს შევჭამ.
- დღეში 30-დან 60 წუთს გავატარებ ფიზიკურად აქტიურად.
- შევზღუდავ ვიდეო თამაშებს და ტელევიზორის ყურებას დღეში ერთიდან ორ საათამდე.
- მას შემდეგ, რაც დასაძინებლად დავწვები, აღარ შევამოწმებ სოციალურ ქსელში შეტყობინებებს.
ოჯახისთვის
- ვეცდებით შევზღუდოთ სწრაფი კვება.
- ყოველდღიურ მენიუში შევიტანთ მინიმუმ ერთ ახალ ხილს.
- ყოველ დღე 30 წუთს გავატარებთ ღია ცის ქვეშ აქტიურ თამაშში. ძალიან ცუდი ამინდის დროს, შენობაში ვითამაშებთ აქტიურად.
- თვეში ერთხელ ვისეირნებთ 5 კმ ფეხით.
- კვირის ოთხ დღეს ერთად ვისადილებთ, ვივახშმებთ ან ვისაუზმებთ ტელეფონების გარეშე.
- ყოველ კვირა საღამოს ვითამაშებთ სამაგიდო თამაშებს.
ყველაზე მარტივად შესასრულებელი და გულდასმით დაგეგმილი მიზნებიც კი ყოველთვის არ გამოგვდის ისე, როგორც იმედი გვაქვს. თუ გარე ფაქტორები ხელს უშლის თქვენი ან თქვენი შვილის მიზნების შესრულებას, მიეცით მათ მოქნილობის მაგალითი. დიდი იმედგაცრუებაც კი შეიძლება იქცეს საინტერესო გამოცდილებად, რომლისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
წყარო: www.verywellfamily.com