Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე.

რამდენად გავრცელებული ინფექციაა საშარდე გზების ინფექცია ბავშვებში და რასთან არის დაკავშირებული?

ს.გ.ი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა ბავშვთა ასაკში. შემთხვევათა 80 პროცენტში გამომწვევი ნაწლავის ჩხირია, რომლის რეზერვუარი ნაწლავის სანათურია, დანარჩენ შემთხვევაში მიზეზი  შეიძლება იყოს კლებსიელა, პროტეუსი, ენტეროკოკი, სტაფილოკოკი და სხვა.

რა ანალიზების ჩატარებაა საჭირო ასეთ დროს?

დიაგნისტიკისთვის მნიშვნელობა აქვს ლეიკოციტების არსებობას შარდის საერთო ანალიზში, ჩვეულებრივ იკვლევენ ჰიგიენური დამუშავების შემდეგ შუა ნაკადიდან აღებულ შარდის დილის ულუფას. მცირე ასაკის ბავშვებში შარდს აგროვებენ ადჰეზიურ პარკში, რომელიც ფიქსირდება შორისის მიდამოში.

რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს?

ს.გ.ი.-ის  ერთ-ერთი ხშირი  სიმპტომია  ცხელება, განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკში. ზოგადად კლინიკური სიმპტომატიკა ძალზე სპეციფიკური აქვს, ახალშობილებში შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებით ან ლეთარგიით, მადის დაქვეითებით, ღებინებით და სიყვითლის გახანგრძლივებით. ჩვილებში ცხელებით, ღებინებით, წონაში ცუდი მატებით, მუცლის ტკივილით. სასკოლო ასაკის ბავშვებში ხშირი შარდვით,  შარდის შეუკავებლობით და მძაფრი სუნით.

როგორ ხდება მკურნალობა?

გამომდინარე იქიდან, რომ ს.გ.ი. გახლავთ ბაქტერიული პროცესი, მკურნალობის მიზანია ბაქტერიის ელიმინაცია (გამოდევნა). ს.გ.ი. დროს პაციენტს ემპირიულად უნდა დაეწყოს ანტიბაქტერიული მკურნალობა. ანტიბიოტიკების დროული გამოყენება ამცირებს თირკმლის ნაწიბურის განვითარების რისკს.

რა იქნება თქვენი რეკომენდაციები მშობლებისთვის

საშარდე გზების პრევენციისთვის არ არის რეკომენდებული ჩუჩაზე გაუმართლებელი მანიპულაციების ჩატარება. გოგონების ჩაბანა უნდა მოხდეს წინიდან უკანა მიმართულებით საბავშვო საპნის გამოყენებით. არ არის სასურველი მჭიდრო საცვლების გამოყენება, აუცილებელია ყაბზობის მკურნალობა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5