Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სამშობიარო ტკივილების დაწყების შემდეგ კლინიკაში მისვლის დროს ექიმი თქვენი ტკივილის დონის მიხედვით შეაფასებს, რამდენად ახლოვდება თქვენი მშობიარობის დრო. შესაძლოა, თქვენ გირჩიონ მოკლე მანძილზე სეირნობა ან სულაც, სახლში დაბრუნება, სანამ მიგიღებენ.   

როდესაც მიგიღებენ, კარგი იქნება, თუ კლინიკა თქვენთან ყოფნის ნებას დართავს თქვენს ოჯახს და მეგობრებს, ასევე თქვენთვის კომფორტული ნივთების შემოტანის უფლებას, მაგალითად ფოტოები, ყვავილები ან ბალიშები. შესაძლებელია საყვარელი მუსიკის ჩართვაც თქვენი სიმშვიდისთვის. თუ გსურთ, მშობიარობის პროცესის ფოტო ან ვიდეო გადაღება, წინაწარ შეუთანხმეთ კლინიკას, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს მათ შინაგანაწესს. 

კლინიკების უმრავლესობა აღარ ითხოვს მშობიარობამდე ოყნის გაკეთებას ან გაპარსვას.

ექიმთან ერთად წინასწარ განიხილეთ ტკივილის მართვის თქვენთვის მისაღები მეთოდები. თუ გსურთ მედიკამენტებით გაუტკივარების გარეშე მშობიარობა, სცადეთ დახმარე საშუალებები, როგორიცაა შხაპი, აბაზანა, სამშობიარო ბურთი, სამშობიარო სკამი, შვედური კედელი. ასევე წინასწარ მიიღეთ ინფორმაცია წამლებით ან ეპიდურალური გაუტკივარების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

თუ მშობიარობის პროცესი შეჩერდება, თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ ამნიონური ტომარის გახეთქვას (წყლების დაღვრას, თუ აქამდე არ დაგიღვრიათ) ან მშობიარობის დაჩქარებას პიტოცინის (ოქსიტოცინის) შეყვანით ვენაში.

როდესაც გაჭინთვის დრო დადგება, თქვენი ექიმი გაგაგებინეთ, როდის და როგორ უნდა გაიჭინთოთ. ასევე, არსებობს სხვა გზაც- დააკვირდეთ საკუთარი სხეულის ბუნებრივ ბიძგებს და გაიჭინთოთ მაშინ, როცა ამის საფუძველს გრძნობთ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ პოზიცია, რომელშიც იმშობიარებთ, იქნება ეს ჩაცუცქვა, ნახევრად ჯდომა, წოლა გვერდზე ან დაყრდნობა ხელებსა და მუხლებზე.

შესაძლოა, დაგჭირდეთ ეპიზიოტომია (საშოს შესავლის ცალმხრივი გაკვეთა მშობიარობის დროს შორისის დიდი ნახევების ასაცილებლად), ვაკუუმით ან მაშებით მშობიარობა, რათა ბავშვი გამოვიდეს სამშობიარო არხიდან.

თუ გჭირდებათ საკეისრო კვეთა, შეგიძლიათ აირჩიოთ ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზია. ზოგადი ანესთეზიის დროს თქვენს პარტნიორს შეუძლია დარჩეს თქვენთან ერთად გასამხნევებლად.

მშობიარობის შემდეგ

მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი, პატარას ახვევენ თბილ საბანში და აწვენენ თქვენს მკერდზე. ეს საჭიროა 2 მიზეზის გამო. 1. ახალშობილი უნდა შეეჩვიოს იმ ბაქტერიებს, რომელიც სახლში დახვდება; 2. კანით კანზე კონტაქტი მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად დედასთან. ძუძუთი კვების ხელშესაწყობად საჭიროა, დაბადებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში, აჭამოს დედამ ბავშვს ძუძუ. ამიტომ, თუ  ბავშვს სპეციალური სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროება, შეგიძლიათ გადადოთ ისეთი პროცედურები, როგორიცაა დაბანვა და გაზომვა და ამის ნაცვლად გამოკვებოთ და კანით კანზე კონტაქტით გაანებივროთ თქვენი პატარა.

ჭიპლარი იჭრება ორ ადგილას და თქვენი ექიმი ალბათ შესთავაზებს თქვენს მშობიარობაზე დამსწრე ახლობელს მის გადაჭრას. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ჭიპლარის გადაჭრის დაყოვნება რამდენიმე წუთით იწვევს პლაცენტიდან დამატებითი სისხლის მიწოდებას ბავშვისთვის, რაც ამცირებს ახალშობილებში ანემიის (სისხლნაკლულობის) და რკინის ნაკლებობის ალბათობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ ეს მშობიარობიდან 1-3 წუთის განმავლობაში მოხდეს, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა. თუმცა, ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა დედას აქვს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი, მაშინ პლაცენტა რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს. 

თუ თქვენ გსურთ ჭიპლარის სისხლის შენახვას, ამის შესახებ წინასწარ მიიღეთ ზომები.

დაიწყეთ ძუძუთი ან ბოთლით კვება, როცა თქვენ და ბავშვი მზად იქნებით. თუ ძუძუთი კვება გაქვთ გადაწყვეტილი, ისარგებლეთ თქვენი უფლებით და სთხოვეთ კლინიკის პერსონალს, გასწავლოთ სწორი მოჭიდება. კლინიკების უმრავლესობა ხელს უწყობს დედა-შვილს, რომ მაქსიმალურად მეტი დრო გაატარონ ერთად, რაც ხელს უწყობს მათ შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას.

წყარო: https://www.babycenter.com/calculators-birthplan

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5