მშობიარობის შემდგომ პერიოდში ზოგიერთ დედას აქვს ქრონიკული თავის ტკივილი. სტატიაში მოგიყვებით ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული თავის ტკივილის მიზეზებზე, მკურნალობისა და პრევენციის გზებზე.
ჰორმონალური ცვლილებები
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა. ამავე დროს, ძუძუთი კვების პირველ კვირებში, ოქსიტოცინისა და პროლაქტინის გამოყოფა ძლიერდება. ამ ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.
ამ ტიპის თავის ტკივილს ზოგჯერ ლაქტაციის თავის ტკივილს უწოდებენ. ის შეიძლება რამდენიმე კვირის შემდეგ გაქრეს, თუმცა ზოგიერთ დედას აწუხებს მანამ, სანამ ბავშვი ძუძუთი კვებაზე ჰყავს.
მკურნალობა
ლაქტაციის დროს ტკივილგამაყუჩებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ აცეტამინოფენისა (პარაცეტამოლი) და იბუპროფენის შემცველი წამლები.
პრევენცია
შეუძლებელია ჰორმონებთან დაკავშირებული თავის ტკივილის თავიდან აცილება, მაგრამ ამ მათი დარეგულირების შემდეგ ეს პრობლემა შეიძლება თავისთავად მოგვარდეს.
სარძევე ჯირკვლის გამაგრება
ზოგჯერ, ზედმეტი რძე იწვევს გამაგრებებს ძუძუში. თუ დროულად არ დაშლით, შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის ანთების – მასტიტის განვითარება. მისი ერთ-ერთი სიმპტომია მთელი სხეულის ტკივილი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილსაც.
მკურნალობა
წაიკითხეთ ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი ამ თემაზე. https://dedamicis.ge/gamagreba-dzudzuti-kvebis-dros/
პრევენცია
ბავშვის კვება თავისუფალი რეჟიმით, სწორი მოჭიდება და ძუძუს ბოლომდე დაცლა დაგეხმარებათ გამაგრების თავიდან აცილებაში.
გაუწყლოვნება
ძუძუთი კვება მოითხოვს დამატებითი კალორიებისა და სითხის მიღებას. თუ არ მიიღებთ საკმარისი რაოდენობის სითხეს, შეიძლება თავიც აგტკივდეთ.
მკურნალობა
ყოველთვის გქონდეთ ახლოს 1 ჭიქა წყალი, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს.
სისხლში შაქრის მეტისმეტად დაბალი შემცველობა
როცა სახლში ახალშობილი გყავთ, მასზე ზრუნვის და ძილის ნაკლებობის გამო შესაძლებელია დაგავიწყდეთ, რომ თქვენც გჭირდებათ ჭამა (ამ სიმპტომს ყურადღება მიაქციეთ, რადგან შეიძლება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშანი იყოს). არასაკმარისი კვების გამო სისხლში შაქრის დონე ეცემა, რაც თავის მხრივ იწვევს თავის ტკივილს.
მკურნალობა
მიირთვით უჯრედისით და ცილით მდიდარი პროდუქტები.
პრევენცია
ძუძუთი კვება მოითხოვს დამატებით კალორიებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) გვირჩევს, რომ მეძუძურმა დედამ მიიღოს 450-500-მდე დამატებითი კალორია დღეში.
დაღლილობა
ახალი მშობლობა დამღლელია და ხშირად ამ დაღლასაც თავის ტკივილამდე მივყავართ.
მკურნალობა
ძილი და ლაქტაციის დროს დაშვებული ტკივილგამაყუჩებებლები დაგეხმარებათ დაღლილობისგან გამოწვეული თავის ტკივილთან გამკლავებაში.
პრევენცია
შეეცადეთ დაიძინოთ, როდესაც თქვენს ბავშვს სძინავს და ითხოვეთ დახმარება საოჯახო საქმეებში.
თვალის დაძაბვა
ვინაიდან ძუძუთი კვების დროს წიგნის ხელში დაჭერა მოუხერხებელია, დედები ხშირად კითხულობენ ციფრულ მოწყობილობებში. ეკრანთან დიდი დროის გატარება კი იწვევს თვალების დაღლას და თავის ტკივილს.
მკურნალობა
გაითვალისწინეთ 20-20-20 წესი. ყოველ 20 წუთში 20 წამით შეისვენეთ ეკრანისგან და გაიხედეთ 20 ფუტით (6 მეტრით) შორს.
პრევენცია
დაისვენეთ საკმარისად, შეისვენეთ ეკრანებისგან, რათა შეამციროთ თვალების დატვირთვა და თავიდან აიცილოთ თავის ტკივილი. მიმართეთ თვალის ექიმს, თუ ტკივილი ძალიან გაწუხებთ და დასვენების შემდეგ არ გადის.
კუნთების დაძაბვა
ძუძუთი კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კისრის არეში ან ზურგის ზედა ნაწილში და ამ სახის დაძაბულობა თავის ტკივილსაც იწვევს.
მკურნალობა
ყურადღება მიაქციეთ დაძაბულობასა და დისკომფორტს და ნუ უგულებელყოფთ მას. შეიცვალეთ პოზიცია, ადექით და გააკეთეთ გაწელვები.
პრევენცია
ყოველდღიურად გაწელვები და ლაქტაციის ბალიშის გამოყენება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ კუნთების ტკივილი.
წყარო: www.verywellfamily.com