პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
გვესაუბრეთ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუკი ბავშვი სექსუალური ძალადობის დანაშაულის შესახებ შეატყობინებს?
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა გავრცელებული დანაშაულია და ამ შემთხვევაში მშობელთა ინფორმირებულობა შესაძლოა გადამწყვეტიც კი იყოს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, თუ ვინ არის მოძალადე. დამნაშავე უმეტეს შემთხვევაში არის ოჯახის წევრი, ოჯახთან ახლო კომუნიკაციაში მყოფი ადამიანი, რომელიც სარგებლობს ნდობითა და ავტორიტეტით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოძალადე სრულიად უცნობი პირიც აღმოჩნდეს. როგორც წესი, ეს არიან ადამიანები, რომლებიც კარგად ფლობენ უნარს მოიპოვონ ნდობა ბავშვებთან ურთიერთობაში, აწვდიან იმგვარი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც სენსიტიური და ხშირად ბუნდოვანია ბავშვისთვის, იყენებენ შეშინების ტექნიკას, მაგალითად, ამის შესახებ თუ ვინმეს გაუმხელ დაგიჭერენ, დამნაშავე იქნები და ა. შ.
რას მოიცავს დანაშაული?
- სექსუალური შენიშვნებით დევნა;
- პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების/ჟურნალების შეთავაზება;
- პორნოგრაფიული სურათების გადაღება;
- სასქესო ორგანოების დემონსტრირება;
- გაუპატიურება.
საყურადღებო სიმპტომები ბავშვებში:
❗️ქცევის რადიკალური ცვლილება;
❗️მუდმივი და მძაფრი გაღიზიანებადობა;
❗️მომატებული აგრესია;
❗️ჩაკეტილობა;
❗️ძილის დარღვევები;
❗️ღამის კოშმარები;
❗️მადის დაქვეითება;
❗️ასაკისთვის შეუსაბამო ინტერესი ან ცოდნა სექსუალური ცხოვრების შესახებ;
❗️საყურადღებო სექსუალური თამაშები: როდესაც ბავშვი თამაშში იმიტირებს ორალურ ან გენიტალურ სექსს;
❗️როდესაც ბავშვი ნებისმიერ სიტუაციაში ეწევა მასტურბაციას, ახდენს გენიტალიების დემონსტრირებას და ცდილობს ამ პროცესში სხვების ჩართვას;
❗️საკუთარი სხეულის მიმართ ზიზღის გრძნობა;
❗️ბავშვი შესაძლოა შფოთავდეს ნებისმიერ შეხებაზე.
ამ სიმპტომების გამომწვევი მიზეზი ხშირად სწორედ სექსუალური ძალადობაა. თუმცა შესაძლოა მიზეზი სულ სხვა რამ იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელმა ყურადღება გაამახვილოს ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებზე.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუკი ბავშვი მას დანაშაულის შესახებ შეატყობინებს?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია მშობელმა მძაფრი ემოციებით არ დაიწყოს შვილთან კომუნიკაცია. დაუშვებელია საყვედურები იმის შესახებ, თუ რატომ არ გაამხილა მან აქამდე, რატომ არ ისაუბრა ამაზე, ზოგჯერ ხდება, რომ მშობელი ბავშვს აიძულებს გაჩუმებას, არ უჯერებს, უარყოფს პრობლემას. ბავშვები ასეთ ისტორიებს არ იგონებენ. მშობლებს მოვუწოდებდი, რომ ნებისმიერ ინფორმაციას, რასაც ბავშვი გააჟღერებს ირიბად თუ პირდაპირ აუცილებლად მიაქციონ ყურადღება, მიიღონ, იმოქმედონ შესაბამისად, არადამაზიანებლად. მოზარდს არ უნდა ჩამოვუყალიბოთ დანაშაულის განცდა და ამით ერთიორად არ უნდა დავამძიმოთ მისი მდგომარეობა.