პლატფორმა „Go Red for Women“- „ქალები ირჩევენ წითელს“ ამერიკის გულის ასოციაციის მიერ ინიციირებული კამპანიაა. ყოველი წლის თებერვალში ის კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ქალთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო მეტ ქალს კლავს, ვიდრე კიბოს ყველა ფორმა ერთად და მაინც, ქალების მხოლოდ 44% აცნობიერებს, რომ კარდიოვასკულური დაავადება მათი ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.
აშშ-ის მონაცემებით, 20 წელზე უფროსი ასაკის ქალების თითქმის 45% ცხოვრობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით.
საერთო ჯამში, ქალების 10%-დან 20%-ს ექნება ჯანმრთელობის პრობლემები ორსულობის დროს, ხოლო მაღალი არტერიული წნევა, პრეეკლამფსია და გესტაციური დიაბეტი ორსულობის დროს მნიშვნელოვნად ზრდის ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების წესის ცვლილებებით, როგორიცაა მეტი მოძრაობა, ჯანსაღი კვება და არტერიული წნევის მართვა.
7 რჩევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად
1. იცოდე შენი რისკის ფაქტორები. 10 ქალიდან 9-ს აქვს გულის დაავადების მინიმუმ ერთი რისკფაქტორი. რისკის ფაქტორები მოიცავს:
- სისხლის მაღალი წნევა
- მაღალი ქოლესტერინი
- შაქრიანი დიაბეტი
- მოწევა
- ნაადრევი გულის დაავადების ოჯახური ისტორია (65 წლამდე ქალებში)
სიმსუქნე ასევე ზრდის მაღალი წნევის, მაღალი ქოლესტერინის და პრედიაბეტის განვითარების რისკს, რაც მოქმედებს გულის დაავადებების რისკზე. ოჯახის ისტორიის გარდა, თქვენ შეგიძლიათ მართოთ სხვა რისკ-ფაქტორები, რათა შეამციროთ თქვენი გულის დაავადების რისკი.
2. მართეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის დიაბეტი, მაღალი წნევა და მაღალი ქოლესტერინი.
3. გქონდეთ ინფორმაცია ქალებში გულის შეტევის სიმპტომების შემთხვევებზე და საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ სასწრაფო დახმარების ნომერზე 112.
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ტკივილი ან დაჭიმულობის შეგრძნება გულმკერდის არეში, მკლავში, კისერზე, ყბაზე, ზურგში ან მუცელში;
- ჰაერის უკმარისობა;
- გულისრევა/ღებინება;
- თავბრუსხვევა;
- უკიდურესი დაღლილობა;
- ცივი ოფლის დასხმა;
4. რეგულარულად დაკავდით ფიზიკური დატვირთვით და შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. სიარული შეიძლება იყოს ერთ-ერთი მარტივი გზა დასაწყებად.
5. უპირატესობა მიანიჭეთ გულისთვის ჯანსაღ საკვებს. მაგალითად, შეგიძლიათ მიირთვათ ხილი და ბოსტნეული ყოველი ჭამის დროს; შეზღუდეთ გაჯერებული ცხიმები და დამატებული შაქარი; მიირთვით მეტი მარცვლეული. აირჩიეთ ხორცის ყველაზე მჭლე ნაჭრები და მოამზადეთ ისინი ჯანსაღად.
6. გაითვალისწინეთ, რომ ასპირინის ყოველდღიური გამოყენება ყველასთვის არ არის სწორი. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, სანამ გამოიყენებთ ასპირინს გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად.
7. თუ ეწევით, შეეცადეთ თავი დაანებოთ.
წყარო: www.goredforwomen.org