Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.

სკოლაში პირველად წასვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს ბავშვისთვის. რა დროსაც ბავშვის ღელვა და შფოთვა იმატებს. როგორ შევუმსუბუქოთ მშობლებმა წინასასკოლო ღელვა ბავშვს?

როგორც სკოლის ფსიქოლოგი, ვიტყვი, რომ სასკოლო შფოთვა ეს არის ტიპური პრობლემა, რომელსაც ყოველწლიურად ვაწყდები. ის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან  იგი უარყოფითად აისახება ბავშვის ცხოვრების ყველა სფეროზე: არამხოლოდ სწავლაზე, არამედ ურთიერთობებზე, მათ შორის სკოლის გარეთ, ჯანმრთელობაზე და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე.

სასკოლო შფოთვას საკმაოდ ფართო გაგება აქვს, რადგან ის მოიცავს ემოციური დისტრესის სხვადასხვა ასპექტს: იგი გამოხატულია  ნერვიულობის, საგანმანათლებლო სიტუაციებში გაზრდილი ფორიაქით, საკუთარი თავის მიმართ ცუდი დამოკიდებულების, მასწავლებლისგან  და კლასელებისგან უარყოფითი შეფასების  მოლოდინით…

ბავშვი გამუდმებით  გრძნობს საკუთარ არაადეკვატურობას, არასრულფასოვნებას, არ არის დარწმუნებული საკუთარი ქცევის სისწორეში, მის გადაწყვეტილებებში. მას აფორიაქებს ის, რომ  ვერ იპოვის მეგობრებს, მიიღებს ცუდ ნიშანს, მასწავლებელი შენიშვნას მისცემს, ვინმე გაანაწყენებს, რამე დაემართებათ მშობლებს, სანამ ის სკოლაშია, გაკვეთილზე დააგვიანდება, ვერ მოასწრებს საპირფარეშოში გასვლას….

სასკოლო შფოთვა გარდაუვალია, რადგან რაღაც ახლის შესწავლა, ახალ გარემოში ყოფნა, ყოველთვის იწვევს ფორიაქს, არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულებშიც. 

ზოგადად  შფოთვის ინტენსივობაში უდიდესი როლი მიუძღვით მშობლებს. თუკი ოჯახში ზრდასრულები არიან ძალიან მშფოთვარეები, მუდმივად რაღაცაზე ღელავენ და  ფორიაქობენ, ბავშვიც აუცილებლად მიდრეკილი იქნება შფოთვისკენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლები სკოლაში შესვლას შეხვდნენ ადეკვატურად. მათი მხრიდან არაადეკვატური მოლოდინი ბავშვის მიმართ, არის ტიპური მიზეზი იმისა, რომ ბავშვს წარმოეშვას შიდაპიროვნული კონფლიქტები, რაც თავის მხრივ იწვევს შფოთვის ჩამოყალიბებას.  

არსებობს დადებითი და უარყოფითი შფოთვა. დადებითი შფოთვა ბავშვს ეხმარება  ყოველდღიურად პირნათლად მოამზადოს გაკვეთილები, არ იჩქაროს საკონტროლოს წერისას, ბევრჯერ გადაამოწმოს მიღებული შედეგი და ა.შ.  უარყოფითი შფოთვა კი შეიძლება იყოს ის, როდესაც  ბავშვს იმდენად ეშინია სკოლაში დაბალი ქულის მიღების ან მასწავლებლის მხრიდან შენიშვნის, რომ საერთოდ არ უნდა სკოლაში სიარული. 

როდესაც ვიცით, კონკრეტულად რა აფორიაქებს ბავშვს, შევძლებთ მის დახმარებასაც. უმცროსკლასელებთან ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ სკოლობანა – სათამაშოები ან ნახატები გვეტყვიან იმას, თუ რა აწუხებს ბავშვს. უფროსკლასელებს კი შეგვიძლია დავუსვათ კითხვა: „რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი?“

  • გარდა იმისა, რომ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა იმუშაონ თავიანთ თავზე  და მაქსიმალურად მსუბუქად შეხვდნენ სკოლის დაწყებას, ასევე მათ აქცენტი უნდა გააკეთონ ბავშვის ძლიერ მხარეებზე. მათი ყურადღება მიმართონ იმ ყველაფრისკენ, რაც აქამდე გამოსვლიათ და ახლაც გამოსდით. შფოთვის დროს, პრობლემა ისაა, რომ ბავშვებს ფოკუსი აქვთ მომავლისკენ და არა აწმყო გამოცდილებებისკენ.  ხშირად უნდა შეახსენონ: „ გახსოვს, ეს უკვე რომ გამოგივიდა  და გაართვი თავი?“
  • ძალიან კარგი იქნება ბავშვთან ერთად წარმატებების დღიურის გაკეთებაც, ჩაინიშნეთ ყველა მცირედი და დიდი მიღწევები. 
  • მიეცით შესრულებადი  დავალებები და ამოცანები. მნიშვნელოვანია, რომ  ბავშვმა დაინახოს, თუ როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს, როგორ ვლახავთ სირთულეებს, როგორ ვტკბებით ცხოვრებით  და როგორ ვთამაშობთ, ვერთობით და ვდუნდებით.
  • მიეცით შეცდომების დაშვების უფლება. მოუყევით თქვენი შეცდომების შესახებ, აჩვენეთ როგორ შეიძლება იყოს ცოცხალი და მხიარული.  მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავსაც და ბავშვსაც მოუხსნათ იდეალურობის მოთხოვნა. პერფექციონიზმი არის შფოთვის მაპროვოცირებელი. 
  • მნიშვნელოვანია შფოთვის გარეთ გამოტანა – ხატვით, ცეკვით, სირბილით, ფიზიკური აქტივობებით. 
  • და რაც მთავარია, ნუ იქნებით ორიენტირებული მაღალ ქულებზე და კლასში პირველობაზე, ეს ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტრესია. 
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5