გვესაუბრება ექიმი-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი ეთერ მარგალიტაძე.
Რამდენად გავრცელებული მდგომარეობაა სინექია ანუ ე. Წ მცირე Სასირცხვო ბაგეების შეხორცება ჩვილ გოგონებში?
ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის უმნიშნელოვანესია სწორი ადგილობრივი ჰიგიენა, რომელსაც ყველა მშობელმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ძირითადად ჰიგიენის წესების არასრულად დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ინფექციები. ჩვილობის ასაკში ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს ესტროგენის დეფიციტიც, რაც არასწორ ჰიგიენასთან ერთად გართულებებს იწვევს. ჰიგიენის დაცვის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ბავშვები სწორი ფორმით დაბანონ. კერძოდ, წინიდან უკან, იმისთვის რომ ბაგეები უკანა ტანის ბაქტერიებისგან დავიცვათ. არასწორი მოსაზრებაა, თითქოს ჩვილების დაბანის დროს ყოველ ჯერზე გამოყენებულ უნდა იქნეს საპონი. არ არის აუცილებელი საპნის გამოყენება ყოველი ჰიგიენის დროს, რადგან საპონი აშრობს გარეთა სასირცხვო ბაგეებს, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცებას. ეს საკმაოდ რთული და ხშირი პათოლოგიაა ბავშვებში, რადგან ამ ასაკობივ ჯგუფში ორგანიზმი არ შეიცავს ესტროგენების საკმარის რაოდენობას და ზემოაღნიშნული იწვევს სასირცხო ბაგეების შეხორცებას.
Რა სირთულეებს წარმოშობს ეს პრობლემა გოგონებისთვის?
მნიშვნელოვანია ყველა მშობელმა იცოდეს, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე სასირცხვო ბაგეების შეხორცება, კერძოდ, თუ მთლიანად შეხორცდა მცირე სასირცხვო ბაგეები, ხდება შარდის შეკავება; ასევე აღნიშნული შეიძლება გახდეს აღმავალი ინფექციის განვითარების მიზეზი. სასირცხვო ბაგეების შეხორცების მკურნალობა შეიძლება, როგორც მედიკამენტოზური მკურნალობით, ასევე ქირურგიული მეთოდით. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება. სასირცხვო ბაგეების მკურნალობის შემდეგ, რეკომენდებულია ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. აღნიშნული ხელს შეუწყობს რეციდივის თავიდან აცილებას.
Აუცილებელია თუ არა პრობლემის მყისიერად მოგვარებაზე ზრუნვა თუ შესაძლებელია დალოდება?
აუცილებელია ახალშობილი გოგონას გენიტალიების სწორი დროული შეფასება, იმისთვის რომ მივხვდეთ რა არის ნორმა და რა არის პათოლოგიური მდგომარეობა. საყურადღებოა ახალშობილი დაიბადა დროული თუ დღენაკლი. დროული მშობიარობის შემთხვევაში დიდი სასირცხვო ბაგეები მთლიანად ფარავს სავნებოს (კლიტორს) და მცირე სასირცხვო ბაგეები ნაკლებად არის გამოხატული, რაც შეეხება ნაადრევი მშობიარობით მიღებულ დღენაკლი ახალშობილების შემთხვევაში – მცირე სასირცხვო ბაგე და სავნებო არის უფრო გამოხატული და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება დიდი სასირცხვო ბაგეების გაზრდა.
ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს სწორი შეფასება საშოს ხვრელის – საქალწულე აპკის, რადგან თუ ეს ხვრელი არის დახურული, შეიძლება გამოიწვიოს ჰიდრომეტროკოლპოსი – ლორწოვანი გამონადენის დაგროვება საშოში, რაც გამოხატულია გამობერილი საქალწულე აპკის სახით, რომლის შემჩნევაც უფრო ადვილია ახალშობილის ტირილის დროს.
აუცილებელია სხვადასხვა ანომალიების დროული დიაგნოსტირება: გარე სასქესო ორგანოების გამოკვლევა, ვულვის, სავნებოს, სასირცხო ბაგეების, შარდსადენი მილის ხვრელის და ანალური ხვრელის ჩათვლით.
ვაგინალური გამონადენის შეფასება ხდება საშოს, საქალწულე აპკის და გარეთა სასქესო ორგენობის ვიზუალური დათვალიერებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგად. ადგილობრივი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა თანდაყოლილი და ასევე შეძენილი პათოლოგის სადიაგნოსტიკოდ.
გავრცელებულია აზრი, რომ შეხორცებას ახალჩვილობის პერიოდში იწვევს Სასირცხვო ბაგეების საპნით ხშირი დაბანა, რაც აშრობს კანს და იწვევს Სასირცხვო ბაგეების შეხორცებას. Რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
გინეკოლოგიური პრობლემებისგან ჩვილების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი ჰიგიენის დაცვა, თუ არ არსებობს რაიმე თანდაყოლილი პათოლოგია, რომელიც დამატებით დიაგნოსტირებას და შემდგომ შესაბამის მკურნალობას საჭიროებს. გოგონების მშობლებმა უნდა ჩაბანონ ჩვილი ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ. აპრობირებული პრაქტიკა, მხოლოდ სველი ხელსახოცის გამოყენება, არ არის რეკომენდებული, რადგან განავლის ნაწილაკები მაინც რჩება კანზე და შეიძლება კანის გაღიზიანება/გამოყელვა გამოიწვიოს. ასევე არ არის რეკომენდებული ყოველი აბაზანის დროს საპნის გამოყენება, რადგან ის იწვევს ადგილობრივ სიმშრალეს და იზრდება მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცების რისკი. დაბანის დროს უნდა დავიცვათ შემდეგი წესები: გოგონების ჩაბანა აუცილებელია წინიდან უკანა მიმართულებით, შარდ-სასქესო ორგანოები განავლით რომ არ დაისვაროს და შემცირდეს ინფიცირების რისკი. ჰიგიენური აბაზანა – ჩვილს უტარდება ყოველდღე. აბაზანის ხანგრძლივობაა 5-10 წუთი. წყლის ტემპერატურა – 36,5-37°C (ახალშობილებში 37-37,5°C), აუცილებლად წყლის თერმომეტრით უნდა გაკონტროლდეს. საპნის გამოყენება საკმარისია კვირაში 2-ჯერ, დასაბანად გამოიყენება რბილი ღრუბელი ან ნაჭერი. ბანაობის დროს აუცილებელია ბავშვის თავისა და კისრის დაჭერა. დასაშვებია როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური აბაზანა. დაბანის შემდეგ ჩვილი მაშინვე კარგად უნდა გაამშრალონ რბილი პირსახოცით.
რას ურჩევდით მშობლებს და მომავალ მშობლებს ამ პრობლემის პრევენციისთვის?
სწორი ჰიგიენა ბავშვების ჯანსაღი ფიზიოლოგიური განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. აუცილებელია, მშობელმა მიაქციოს ყურადღება შემდეგს:
- პატარა გოგონებს ხშირად დაუთვალიერონ სასქესო ორგანო, რათა რაიმე საყურადღებო სიმპტომი არ გამოეპაროთ;
- ჩვილს დროულად გამოუცვალონ პამპერსი;
- აუცილებელია პატარა გულმოდგინედ ჩაბანოთ თბილი წყლით;
- ფაქიზად, საგულდაგულოდ გამშრალების შემდეგ გარეთა სასორცხო ბაგეების და შორისის მიდამო კრემით ან საბავშვო ზეთით დაამუშაოთ;
- სიწითლის შემჩნევისთანავე ბავშვს შორისის მიდამოში წაუსვან თუთიის შემცველი მალამო.