Skip to content Skip to sidebar Skip to footer

აკა სინჯიკაშვილს საზოგადოება იმ კეთილი საქმეებით  იცნობს, რომელსაც ის თავის მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად აკეთებს გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. პანდემიის პირობებში აკას მობილურზე დღეში დაახლოებით 700 ზარი შედის და უმეტესობა, მას საარსებო პროდუქტებით დახმარებას სთხოვს. აკამ და მისმა მეგობრებმა 7 დღეში უკვე 17 ტონა საჭმელი დაარიგეს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, რომელთა ყოფა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი გახადა.
“დედამ იცის” უერთდება აკას ინიციატივას. სიკეთე გადამდებია.

თითქმის რვა წელია  სოციალურად დაუცველ ადამიანებს საკვები პროდუქტებით ეხმარებით. ალბათ, ახლა უფრო მეტად გამწვავდა ამ ადამიანების ყოფა… 

ჩვენ რვა წელია ვეხმარებით სოციალურად დაუცველებს, მაგრამ ამ  სიტუაციაში ძალიან შეიცვალა ეს სურათი, წარმოუდგენლად გართულდა მათი ყოფა, ზოგიერთს ერთი პურის ყიდვაც არ შეუძლია. ადამიანები, რომლებიც აქამდე დღიურ სამუშაოზე მუშაობდნენ  და ხელფასს ყოველდღიურად გამოიმუშავებდნენ, ახლა ვეღარ მუშაობენ და შესაბამისად საკვებისთვის საჭირო ფული არ აქვთ. ფეისბუქში კამპანია წამოვიწყეთ ჩემს მეგობრებთან ერთად, მოხალისეები ვართ ოთხი მანქანით  და ოთხი მანქანით ვარიგებთ საჭმელს ქალაქში. ჩვენი დახმარება ბევრს სჭირდება, ესენი არიან: მიუსაფარი მოხუცები, რომელთაც არავინ ჰყავთ პატრონი, ასევე ის ოჯახები, სადაც ავადმყოფი ბავშვები ჰყავთ და მუშაობას  ვერ ახერხებენ, ობოლი ბავშვები, რომლებსაც მარჩენალი არ ჰყავთ და საკვების პრობლემა აქვთ, შშმ პირები და ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აქამდე მოწყალების თხოვნით ირჩენდნენ თავს და ახლა გარეთ ვეღარ გადიან.

როგორ გიკავშირდებიან  ადამიანები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ?

მიკავშირდებიან  ფეისბუქში, სადაც მიწერია ტელეფონის ნომერი და  მირეკავენ. დღეში დაახლოებით შვიდასი ადამიანი მირეკავს და ზოგჯერ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ ყველას ვუპასუხო, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ. რამდენიმე დღის წინ  164 მისამართზე მივიტანეთ პროდუქტი, ზოგან მართლა სულზე მივუსწარით. ერთმა მარტოხელა ქალბატონმა დაგვირეკა და გვთხოვა პროდუქტით დახმარება, იქნებ მოხვიდეთ ორი დღეა მშიერი ვარ და სიარულიც არ შემიძლიაო,  როდესაც მივუტანეთ საჭმელი გვითხრა: “დილას ჩემი დაქალები იყვნენ, საჭმელი მომიტანეს და და ჩემი წილი იმას წაუღეთ, ვისაც საერთოდ არაფერი აქვსო.” აი, ასეთი ადამიანებიც გვხვდებიან, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით.

ვინ არის ჩართული თქვენთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობაში?

კეთილი ადამიანების დახმარებით, ფეისბუქზე გროვდება ეს ყველაფერი. ყველა ჩართულია ამ კეთილ საქმეში, ფეისბუქ მეგობრები თუ უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ ჩვენს  საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში თითქმის 20 % სოციალურად დაუცველი არის, ძალიან ბევრს სჭირდება ახლა დახმარება. საგანგებო მდგომარეობის დროს კი საკვებით მათი უზრუნველყოფა ახლა  ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრმა ადამიანმა დაკარგა თავისი ყოველდღიური შემოსავალი და საკვების გარეშე დარჩა. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კეთილი საქმის კეთება, რადგან სხვებიც ხედავენ ამას და  სიკეთეს კი გადამდები ძალა აქვს. 

როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა პანდემიის პირობებში?

ჩვენი სამოქმედო გეგმა ასეთია: ყველაფერს ძველებურად მივყვებით, ვაკეთებთ სიებს, სად უნდა მივიტანოთ, ვურეკავთ ოჯახს, ვამოწმებთ სჭირდებათ თუ არ სჭირდებათ, რადგან ზოგ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ახალაშენებულ და  რემონტიან სახლებში ცხოვრობენ და უბრალოდ მაღაზიაში ჩასვლა ეზარებათ და მაგიტომ გვირეკავენ. ამიტომ, ცალ-ცალკე გვიწევს ყველას შემოწმება, ვაგზავნინებთ სოციალურად დაუცველის საბუთს და ა.შ ფინანსურად იშვიათად ვეხმარებით, უმეტესად  საჭმელი მიგვაქვს, რადგან საჭმელი ყველაზე ძალიან სჭირდებათ. მაგრამ, ასეთი შემთხვევაც გვქონდა, ქირის გადაუხდელობის გამო, ავადმყოფ ადამიანს დაატოვებინეს სახლი და ასეთ შემთხვევაში, ჩვენმა მეგობრებმა შევუგროვეთ ფული და გადავუხადეთ ის ქირა. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა –  ნაკლებ ადამიანს შიოდეს ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად ვეცდებით ცოტათი მაინც შევცვალოთ მათი საარსებო ყოფა. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5