Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საჭიროა თუ არა ბავშვისთვის ანალიზების გაკეთება რუტინულად? როდის არის საჭირო? რა პასუხს გვაძლევს პრევენციულად ჩატარებული ანალიზები 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ? როგორია უცხოური გამოცდილება? – „დედამ იცის“ კითხვებს უპასუხებს პედიატრი ეკატერინე კუცია. 

ეკა, გვესაუბრეთ რუტინული ანალიზების ჩატარების შესახებ ბავშვებში. მშობლების ნაწილი ჯანმრთელ ბავშვს პრევენციულად უტარებს ანალიზებს წელიწადში ორჯერ. რას ფიქრობთ ამ პრაქტიკაზე, რამდენად საჭიროა ასეთი მიდგომა და როგორია თქვენი გამოცდილება, როგორც უცხოეთში მომუშავე პედიატრის?

რვა წელია, საფრანგეთში ვმუშაობ პედიატრად და მოგიყვებით ბავშვებში დამატებითი კვლევების, ანალიზების გაკეთებასთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებას. დაბადებისას, სამშობიაროშივე, სახლში გაწერამდე კეთდება პირველი, რუტინული კვლევა, რომლითაც ხდება შვიდი თანდაყოლილი და მძიმე დაავადების სკრინინგი. სამშობიაროშივე შეიძლება გაკეთდეს სხვა სისხლის ანალიზი, მაგრამ არა რუტინულად, არამედ ჩვენების მიხედვით. მაგ. თუ არის ახალშობილთა ინფექციის რისკ-ფაქტორი, და ეს კონკრეტული რისკ-ფაქტორებია, რომელსაც ექიმი-პედიატრები გინეკოლოგთან ერთად შეაფასებენ, მაშინ ჩაატარებენ ანალიზს. თუ არის ეჭვი სიყვითლეზე, სპეციალური, არაინვაზიური, კანთან კონტაქტით, სპეციალური აპარატით  აფასებენ სიყვითლის დონეს. დადასტურება ხდება სისხლის ანალიზში ბილირუბინის განსაზღვრით ყოველთვის შესაბამისი ჩვენებით და არა რუტინულად. თუ ამ კვლევების შედეგად რაიმე პათოლოგია ან რაიმე ანომალია გამოვლინდა, იქნება ეს სიყვითლე თუ ინფექცია, ენიშნება შესაბამისი მკურნალობა და შესაბამისი ანალიზები უნდა ჩაუტარდეს ბავშვს. შესაძლოა  ამ ანალიზის გაკეთების დროს გამოვლინდეს ჰემოგლობინის დაბალი დონე, თრომბოციტების დაბალი დონე, რომელსაც დასჭირდება შემდგომი კონტროლი ასევე. სამშობიაროდან გაწერის შემდეგ რუტინული ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის. პედიატრი  ყოველთვიურად ბავშვს აფასებს მარტივი, ფიზიკური დათვალიერებით, გასინჯვით, ადასტურებს ჩვილის ზოგადი მდგომარეობის სტატუსს და განვითარებას. ამის შემდგომ იგეგმება აცრები. არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს აცრამდე  რუტინულად რაიმე სახის დამატებითი კვლევის ჩატარებაზე. აცრა კეთდება, მაშინაც კი თუ ჩვილი არის ოდნავ ავად, აქვს ცხვირიდან გამონადენი, ყელი სტკივა, ახველებს მსუბუქად. რა თქმა უნდა, ვერიდებით აცრის გაკეთებას ან გადავავადებთ, თუ ბავშვს აქვს ცხელება. რუტინული და გეგმური კვლევები კეთდება ბავშვებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის დიაგნოსტირებული რაიმე ქრონიკული ან სისტემური დაავადება, რომელსაც სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა. მაგ. როგორიც არის დიაბეტი, ან სისხლის სხვადასხვა დაავადება. ყველა  სხვა შემთხვევაში ბავშვის ყოველი ავად გახდომის დროს ექიმი აფასებს არის თუ არა კრიტერიუმები დამატებითი კვლევის ჩასატარებლად. ეს კრიტერიუმები ბავშვებში არის ძალიან მცირე და შეზღუდული და ძალიან მცირე ნაწილში გვჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება. დამატებით კვლევებში იგულისხმება სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, რენტგენოლოგიური კვლევა, ექოსკოპია და ა.შ.

განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ორი წლის ბავშვი, რომელსაც აქვს ცხელება 38-39° ორი დღის განმავლობაში მოდის კონსულტაციაზე ექიმთან. ბავშვს აქვს ძალიან კარგი ზოგადი მდგომარეობა, დადის თავისით, თამაშობს, ათვალიერებს ექიმის კაბინეტში ყველაფერს და ეთამაშება ექიმს თავისი სტეტოსკოპით, უღიმის; სასიცოცხლო პარამეტრები, სუნთქვის სიხშირე, გულისცემის სიხშირე არის ნორმაში, ექიმი გასინჯვისას აღმოაჩენს, რომ პატარას აქვს ყელი წითელი, ცხვირიდან გამონადენი და ყურის გარეთა სასმენი მილი ოდნავ შეწითლებული ასევე. ყველაფერი დანარჩენი ამ გასინჯვისას არის ნორმაში. დასკვნა, დიაგნოზი : რინოფარინგიტი, ანუ ცხვირისა და ყელის ანთება, ანუ ზედა სასუნთქი გზების ანთება, რაც უმეტეს შემთხვევაში არის ვირუსული ინფექცია, ანუ თვითლიმიტირებადი. ასეთ შემთხვევაში ბავშვს აქვს ზოგადი კარგი მდგომარეობა ცხელების მიუხედავად.  ცხელება არის დამცავი მექანიზმი, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ებრძვის ინფექციას და არ სჭირდება არც დამატებითი კვლევა და არც მკურნალობა. მკურნალობა იქნება მხოლოდ სიმპტომური, თუ ეს ცხელება იწვევს დისკომფორტს ბავშვში, ტკივილს, ამ შემთხვევაში ვაძლევთ ბავშვს პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატს, რომ ბავშვი იყოს კომფორტულად. ბუნებრივია, მადა დაქვეითებული ექნება ავადობის დროს და არ არის საჭირო კვების დაძალება. ცხელება გრძელდება რამდენიმე დღე და მადა ჩვეულებისამებრ აღსდგება. საჭიროა, რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს და შარდავს საკმარისი რაოდენობით. ასევე ექიმმა რეკომენდაცია უნდა მისცეს ამ ბავშვის მშობლებს, თუ კონსულტაციიდან ორი დღის შემდეგ ბავშვს ექნება ისევ 39 გრადუსი სიცხე, მან კვლავ უნდა გაიაროს ექიმთან კონსულტაცია, რომ კიდევ ერთხელ გაისინჯოს ყური, ყელი, ფილტვები, რომ არ გამოგვეპაროს გართულება მარტივი ვირუსული ინფექციისა.

განვიხილოთ სხვა მაგალითი: ოცი დღის ახალშობილი, რომელსაც აქვს სიცხე 38-39° ბოლო 24 საათია, არის მივარდნილი, წუწუნებს, ტირის, უარს ამბობს ძუძუზე ან ბოთლის საკვების მიღებაზე, ამ შემთხვევაში სწრაფად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და მიმართოთ სასწრაფოს განყოფილებას. ექიმი გასინჯვისას შეაფასებს სასიცოცხლო პარამეტრებს, როგორიც არის სიცხე, ტემპერატურა, გულისცემა, სუნთქვის სიხშირე, სატურაცია.  შეიძლება პარამეტრები იყოს დარღვეული. ანუ დასკვნა – საქმე გვაქვს ახალშობილთა ცხელებასთან, რომელსაც დარღვეული აქვს სასიცოცხლო პარამეტრები, არის აპათიური, გაღიზიანებული, არაკომფორტული. ცხელება ახალშობილებში შეიძლება იყოს ძალიან მძიმე ინფექციების გამოვლინება, ამიტომ საჭიროა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და მთელი რიგი გამოკვლევების ჩატარება – სისხლის საერთო ანალიზიდან დაწყებული, რენტგენით და ლუმბალური ფუნქციით დასრულებული და შესაბამისი მკურნალობა იქნება დაწყებული ჰოსპიტალიზაციის პირობებში. ამ ორი მაგალითით მინდოდა მეჩვენებინა კლინიკური მდგომარეობის სიმძიმე, ასაკისა და ჩივილების მიხედვით, რაც განსაზღვრავს სწორედ სამედიცინო ჩარევების ჩვენებებს.

ცალკე დიდი თემაა ავადობის შემდგომ “იმუნიტეტის” გამაძლიერებელი საშუალებების რუტინულად დანიშვნა და მიცემა. ამის პრაქტიკა არ არსებობს საფრანგეთში, რადგან არ არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს ამის საჭიროებას, თუ არ არის იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, რაზეც ეჭვის მიტანა ხდება არა ანალიზების ჩატარებით, არამედ ბავშვის ავადობის ისტორიით. ასევე შეგახსენებთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში “ავადობა” ანუ “გაციება, ვირუსი, ცხვირიდან გამონადენი, რინოფარინგიტი” არის ხშირი, შეიძლება იყოს ყოველ თვე, ყოველ მეორე თვე, რადგან ამ ასაკში ხდება ბავშვის იმუნური სისტემის ჩამოყალიბება, განვითარება, ყველა ვირუსი მას ხვდება პირველად და ბავშვი არ არის რეზისტენტული და უვითარდება დაავადება, მარტივი ფორმით და არ რთულდება ეს ბაქტერიული ინფექციით.  ფილტვების ანთება, მენინგიტი და ა.შ. მძიმე მდგომარეობებია, რომლებიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მარტივი ვირუსები, განმეორებითი ვირუსები 5-6 წელიწადში არის სავსებით ნორმალური ამ ასაკში, მითუმეტეს რომ ამ ასაკში იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად ბავშვი ხშირად არის კოლექტივში, ბაღში  ან აქტიურია და გარეთ გაგვყავს უფრო ხშირად და აქვს სხვა ბავშვებთან კონტაქტი; კონტაქტობს მოზრდილებთან, რისკი იმისა, რომ სხვა ახალი ვირუსი შეხვდება არის ძალიან მაღალი. გამოჯანმრთელების პერიოდში ის კონტაქტში შედის ახალ ვირუსთან და კვლავ ავად ხდება და ეს არის სრულიად ნორმალური იმუნური რეაქცია და არა იმუნოდეფიციტი და ასეთი შემთხვევები არ უნდა იყოს მიზეზი იმუნოგლობულინების და ვიტამინების განსაზღვრისა. არ არსებობს ასევე რეკომენდაცია ვიტამინების მასობრივად მიღებისა ბავშვებისთვის და ამ ვიტამინების დონის განსაზღვრისა. ვიცით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვს აქვს განსაზღვრული საჭიროება ამა თუ იმ ვიტამინებზე, თუ რა რაოდენობით უნდა მიიღოს კალციუმი, რა რაოდენობით უნდა მიიღოს რკინა – ხორცის პროდუქტები. იმის მაგივრად, რომ განვსაზღვროთ ვიტამინების დონე სისხლში და მივცეთ ვიტამინები დამატებითი კვების სახით, უნდა გავაუმჯობესოთ კვება და მივცეთ ასაკის შესაბამისი საკვები პედიატრის რეკომენდაციით. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5