ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჩვენთან ინტერვიუში ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვების ჰაერზე სეირნობა, რა გავლენას მოახდენს რამდენიმეთვიანი კარჩაკეტილობა ჩვენს ჯანმრთელობაზე, რა რისკებს გააჩენს წითელა-წითურა-ყბაყურაზე ბავშვების აუცრელობა და ასევე, გვიზიარებს თავის პროგნოზს იმ მთავარ კითხვაზე, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს აწუხებს – როდის შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.
ბავშვების ჰაერზე გაყვანის საკითხი აქტუალურია დედებისთვის. თქვენი რჩევა როგორი იქნება პანდემიის ვითარების გათვალისწინებით?
როდესაც ვსაუბრობთ ბავშვების გარეთ გაყვანაზე, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ჰიგიენის ნორმების მაქსიმალურ დაცვას. ვინაიდან გარეთ ყოფნისას ბევრი რისკია, ბავშვი დაბინძურებულ ზედაპირებს შეეხოს, რადგან გარეთ სათამაშოებია, ატრაქციონებია და შეუძლებელია ბავშვი გააკავო, ამდენად ხელის ჰიგიენის დაცვა უზრუნველყოფა შეუძლებელია ამ პირობებში. გარეთ ყოფნისას თუ ბავშვი შეეხება დაბინძურებულ ნივთებს და მერე დიდი ალბათობით ხელს პირში ჩაიდებს, ან ცხვირთან მიიტანს, მაშინ ეს რისკები ათმაგდება, ვიდრე სახლში ყოფნისას. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი პატარაა და მშობელს შეუძლია ხელით ატაროს, ან ეტლით ასეირნოს, რა თქმა უნდა შეუძლია 15-20 წუთი გაიყვანოს ჰაერზე.
როგორ აისახება კარჩაკეტილი ცხოვრება, როგორც ბავშვებზე, ასევე მოზრდილების ჯანმრთელობაზე?
ზოგადად, უმოძრაობა და უმზეობა აისახება ჩვენს მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, სახლში დარჩენის რეჟიმი, დროებითი ღონისძიება იქნება. ჯერჯერობით, ერთი თვე და თვენახევარი ჯანმრთელობას განსაკუთრებულად არ დააზიანებს, გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იმ პოტენციური საფრთხისა, რასაც შეიძლება კორონავირუსისგან ველოდოთ, სხვა საფრთხე ახლა, სახლში დარჩენით არ გვემუქრება. სამწუხაროდ, ფსიქიკაზე აისახება ეს მდგომარეობა, რადგან ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა განუყოფელი ნაწილია, ზოგადი ჰემატური ჯანმრთელობისა.
პანდემიის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა გადაავადა წითელა-წითურა-ყბაბყურას (MMR) გეგმიური აცრა, რამაც შესაძლოა წითელას სრულმასშტაბიანი ეპიდემია გამოიწვიოს, საერთაშორისო გავრცელების რეალური რისკით. რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას, რომლებიც იმავე მიზეზის გამო თავს იკავებს ბავშვებისთვის გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებისგან?
წითელა წითურა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის გადავადების საფუძველს, არავითარი პანდემია არ უნდა იწვევდეს და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს. მე მივმართავ ყველა მოქალაქეს, ვისაც ეკუთვნის ეს აცრა ერთი წლიდან ხუთი წლის ჩათვლით და თუ არის პოლიკლინიკები ღია და სამედიცინო სერვისის მიწოდება არის შესაძლებელი, აუცილებლად დაურეკონ ექიმს, ჩაეწერონ და აცრან ბავშვები. დღეს ბევრი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს წითურას კომპონენტს შესაძლოა ჰქონდეს ჯვარედინი დაცვის საშუალება, ამიტომ ამ აცრას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება კორონავირუსული პანდემიისას. და რაც შეეხება იმ აზრს, რომ ამ აცრის შემდეგ იმუნიტეტი სუსტდება და კორონავირუსს ვერ შეეწინაღმდეგება ბავშვის იმუნური სისტემა, ეს აზრი სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს, მსოფლიოში 117 მილიონ ბავშვს დაუგვიანდა ეს აცრა 37 სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც წითელას ეპიდემიის გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენს.
და ბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზი, შეიძლება მიახლოებით მაინც ითქვას, როდის და როგორ შეიძლება დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას?
ეს მდგომარეობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, სავარაუდოდ მაისის შუა პერიოდიდან ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ, ისევ სოციალური დისტანცირების დაცვით, ისევ ნიღბის ტარებით, ყოველდღიური ქცევების შეცვლით, ოღონდ ჩვეულებრივ პირობებში დავბრუნდებით, მე ამის მჯერა. შეიძლება ინფექცია არ გაქრეს და ნიღბის ტარება მოგვიწიოს კიდევ დიდი ხანი, სანამ ვაქცინები არ იქნება, მაგალითად წლის ბოლომდე, მაგრამ იქამდე მოგვიწევს საზოგადოებაში გავიდეთ, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელთაც ავადობის შემთხვევაში, შედარებით იოლად გადატანის შანსი აქვს. და ალბათ, სახლში დარჩება მოხუცები, ასაკოვანი ხალხი და ჩვენ მათ განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ…