Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის” ესაუბრება ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე.

რა ასაკიდან იწყება სქესობრივი მომწიფება გოგონებში და ვაჟებში?

ითვლება რომ, ევროპული რასისთვის  სქესობრივი მომწიფება უნდა დაიწყოს გოგონებში დაახლოებით 10 -11 წლიდან, ბიჭებში კი ერთი წლით გვიან. თუმცა არის ასეთი დიაპაზონი, გოგონებში – რვა წლამდე არის ძალიან ადრე და ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ჰქვია  და 13 წლისას თუ რაიმე ნიშნები არ აქვს – ეს უკვე დაგვიანებული სქესობრივი მომწიფებაა. ვაჟებში  ცხრა წლამდე არ უნდა იყოს სქესობრივი მომწიფების ნიშნები და 14 წლამდე აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეს ნიშნები, რადგან შემდეგ ითვლება, რომ არის სქესობრივი მომწიფების შეფერხება. ეს დიაპაზონი არის 9-14 ბიჭებში და 8-13 გოგონებში. გოგონებში საკმაოდ გახშირდა ნაადრევი მომწიფება, რაც განსაკუთრებით უკავშირდება ჭარბ წონას და გარკვეულ არასასურველ ეკოლოგიურ მდგომარეობას. საქმე ეხება ქიმიურ დამბინძურებლებს, როგორებიცაა- BPA, ტრიკლოზანი, პარაბენი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ენდოკრინულ სისტემაზე და  შესაძლებელია გოგონებში იწვევდეს ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნებს. 

რა ნიშნებით ვლინდება სქესობრივი მომწიფება მოზარდებში?

თუ პუბერტატი სწორად მიმდინარეობს, პირველი ნიშანი გოგონებში არის მკერდის ზრდა. ამ დროს ბავშვს აქვს გამკვრივებული მკერდის დვრილები საპროექციო არეში  და შესაძლებელია დისკომფორტი. ვაჟებში – პირველი ნიშანი, არის სათესლე ჯირკვალის ზრდა, შემდგომ უკვე ჩნდება ბოქვენზე გათმიანება, გათმიანება ტანზე, სახეზე, ხმის შეცვლა, სიმაღლეში სწრაფი ზრდა; გოგონებში ჯერ ჩნდება მკერდი, შემდეგ ბოქვენზე თმა, მოგვიანებით იღლიაშიც. გოგონები და ვაჟები სქესობრივი მომწიფების პერიოდში სწრაფად იზრდებიან სიმაღლეში და ეცვლებათ სხეულის ფორმები. ბიჭებში სქესობრივი მომწიფების რამოდენიმე არაპირდაპირი ნიშანია, რაც მშობლებმაც შეიძლება შეამჩნიოს, არის კანზე უფრო მეტი ცხიმიანობა, შავი წერტილები, ხმის ტემბრის შეცვლა და  მოზრდილისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ოფლის სუნი, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. 

როგორია და რამდენხანს გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდი?

ეს პერიოდი არის ძალიან რთული, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ყველას ცხოვრებაში. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდის  სხეული ძალიან სწრაფად იზრდება და მათთვის უჩვეულო ფორმას იღებს. სასქესო ჰორმონების გავლენა ემოციურ-სოციალურ სფეროზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ეს პერიოდი, რასაც “გარდატეხის ასაკს” ვუწოდებთ ძალიან რთულია მოზარდებისათვის, რასაც ენდოკრინულ-ბიოქიმიური საფუძვლები აქვს. მომწიფების პერიოდი ძირითადად გრძელდება ორი- ორწელიწადნახევარი, მაქსიმუმ სამი წელი. 

სიმაღლეში ზრდა რამდენად არის დაკავშირებული პუბერტატის დასრულებასთან და რამდენს უნდა იმატებდეს სიმაღლეში  მოზარდი ამ პერიოდში?

ამ პერიოდში გოგონებს სიმაღლეში ზრდის ტემპი 10-12 სანტიმეტრია წელიწადში, ვაჟებს 12 დან 15 სანტიმეტრამდეც შუა პუბერტატის დროს. პუბერტატის პერიოდის დასრულებისას  ფაქტობრივად სიმაღლეში ზრდა დასრულებულია. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი ტიპური შეცდომა და საკითხი, რომელიც ნაკლებად იციან ქართველმა მშობლებმა. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ ადამიანები სიმაღლეში იზრდებიან 25 წლამდე, ან სხვა კონკრეტულ ასაკამდე, ყველას თავისი ვერსია აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. სიმაღლეში ზრდა არის პირდაპირ კავშირში სქესობრივ მომწიფების დაწყებასთან და განსაკუთრებით დასრულებასთან. თუ ბავშვს ჰქონდა სიმაღლის პრობლემა, ეს მშობელმა მანამდე უნდა შეამჩნიოს და მიიღოს ზომები, რათა მოხდეს შესაბამისი შეფასება და თუ საჭიროა დაიწყოს მკურნალობა, სანამ სქესობრივი მომწიფება დაიწყება. ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ პრაქტიკულად ზრდა დასრულებულია და ბევრს ვერაფერს შევცვლით. უკვე არც თუ ისე იშვიათია ნაადრევი მომწიფება, როცა გოგონებს ეწყებათ მომწიფების ნიშნები 7 წლიდან და 10 წლის ასაკისთვის მათ უკვე რეგულარული ციკლი აქვთ,  შემდეგ დაგვიანებულად მიმართავენ ექიმს ჩივილით ტანდაბლობასა და ზრდაში შეფერხებაზე. იძულებული ვართ ავუხსნათ, რომ ამ ეტაპზე მათი ძვალსაზრდელები გაძვალებული და ჩვენი რესურსი კი ამოწურულია. 

ნაადრევი მომწიფების ძირითადი მიზეზი რა შეიძლება იყოს?

თუ ნაადრევი მომწიფება არის დიაგნოზი, პირველ რიგში ხდება შეფასება ეს  ბიოლოგიური აქსელერაციის შედეგია თუ  არის კონკრეტული დაავადების ნიშანი. ზოგ შემთხვევაში მიზეზი შესაძლებელია საკმაოდ სერიოზული იყოს მაგ. სიმსივნური პროცესი ან თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, ასევე  შეიძლება იყოს ბიოლოგიური აქსელერაცია ჭარბი წონის გამო ან გენეტიკური განწყობა.  ნაადრევი სქესობრივი მომწიფება განსაკუთრებით ხშირია გოგონებში, დაგვიანებული მომწიფება უფრო ვაჟებში. ნაადრევი მომწიფების  შემთხვევაში ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი: პირველი- ნაადრევი მომწიფება, უმეტეს შემთხვევაში ასოცირებულია სიმაღლეში ზრდის ადრე დასრულებასთან, ადრე დაიწყებენ ზრდას და ადრე დაასრულებენ და შესაბამისად, შესაძლებელია რამდენიმე სანტიმეტრი მოაკლდეთ და მეორე საკითხია: ფსიქო-ემოციური და სოციალური. როდესაც ბავშვს 7-8 წლის მენტალობა აქვს , სრულიად თავისი ასაკის შესაფერისი, უნდა თამაში თოჯინებთან და მის სხეულში ისეთი ენდოკრინული და ბიოქიმიური ძვრები ხდება, რომელიც ბევრად უფრო დიდი ასაკის 12-13 წლის გოგონას შეესაბამება, გარკვეული კონფლიქტი იქმნება და ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც და სოციალურადაც. ზოგჯერ ძალიან უჭირთ ამისთან ადაპტაცია; განიცდიან, რომ თმები ამოსდით, ბიუსტჰალტერი სჭირდებათ და ჭარბი ესტროგენისგან მათი ემოციები და სხეული ისე იცვლება, უჭირთ იმის აღქმა, რა ხდება მათ თავს.

რა საყურადღებო კონკრეტული ჩივილები შეიძლება გამოვყოთ ამ მიმართულებით?

პირველი ჩივილი არის სასქესო გათმიანება, როდესაც ბავშვი არის მაგალითად  5 წლის და ბოქვენზე ან იღლიაში თმის ამოსვლა ეწყება; ეს არანაირად არ შეიძლება იყოს ნორმა. ან როდესაც, პატარა ბავშვს აქვს მოზრდილისათვის დამახასიათებელი ოფლის სუნი, მკერდის ზრდა. მინდა ხაზი გავუსვა გათმიანების საკითხს: აქ არ არის საუბარი ღინღლებზე ხელებზე და ფეხებზე, ზოგი ბავშვი შავგრემანია და შედარებით ბევრი თმა აქვს ხელებზე და ფეხებზე და ზოგჯერ, ზურგზეც.  საყურადღებოა  სასქესო ტიპის გათმიანება. ნაადრევი მოწიფებისათვის ასევე დამახასიათებელია სიმაღლეში ზრდის ტემპის მომატებაც. მაგ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ 7 წლის ვაჟზე ან გოგონაზე, რომელმაც უნდა მოიმატოს 5-6 სანტიმეტრი წელიწადში, მაგრამ მოიმატა  9-10 სანტიმეტრი, ეს საყურადღებოა  და საჭიროებს დამატებით შეფასებას.

არაჯანსაღი კვება რამდენად ახდენს გავლენას სქესობრივ მომწიფებაზე?

ჩვენს ქვეყანაში ძალიან გახშირდა და თვალსაჩინოა გოგონები ჭარბი წონით, რომლებიც ნაადრევად მწიფდებიან და თანატოლებთან შედარებით ადრე ასრულებენ სიმაღლეში ზრდას. ჭარბი წონა არის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი. არაჯანსაღი საკვები, ზედმეტი ნახშირწყლების და ტრანს-ცხიმების მოხმარება, ქიმიკატებით და კონსერვანტებით გაჯერებული საკვების ხშირი მიღება უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ მომწიფებაზე. ხშირად გოგონები იყენებენ დედების კოსმეტიკას და რაც შეიძლება შეიცავდეს ტრიკლოზანს ან პარაბენს, ან სხვა ქიმიკატებს, რომლებიც დადასტურებულია, რომ იწვევს გარკვეულ არასასურველ ცვლილებებს.

როგორი კვება არის სასურველი სქესობრივი მომწიფების პერიოდში?

სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდები უნდა იღებდნენ რაც შეიძლება ჯანსაღ საკვებს; ხილ-ბოსტნეული სასურევლია ხუთ-ექვსი ულუფა ყოველდღიურად. გამოვყოფდი კალციუმით მდიდარ საკვებს, ანუ რძის პროდუქტს, რადგან  სწრაფი ზრდის პერიოდში კალციუმზე მოთხოვნილება არის მნიშვნელოვნად მომატებული. ამ პერიოდში ასევე ფორმირდება, იზრდება და მკვრივდება ძვლები, რომელსაც სჭირდება კალციუმის და დ ვიტამინის შესაბამისი ოდენობით მიღება . სქესობრივი მომწიფების პერიოდში გოგონებიც და ვაჟებიც 3-4 ულუფა რძის პროდუქტს უნდა იღებდნენ დღეში, უნდა ჭამდნენ ცილოვან საკვებს (მაგ.ხორცი, თევზი, კვერცხი, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული). 

რამდენად მნიშვნელოვანია ნორმალური ძილის რიტმი მოზარდისთვის და რამდენი საათი უნდა ეძინოს მას?

ამ პერიოდში ძილი უკიდურესად მნიშვნელოვანია და რვა-ცხრა საათი ძილი არის აბსოლუტური მინიმუმი სქესობრივი მომწიფების და სკოლის ასაკის ბავშვისთვის. 8-9 საათი ძილი  უნდა იყოს მოწესრიგებული, მშვიდი და შეუწყვეტელი. ფიზიკური აქტივობა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სწორი ტანდეგობის და სხეულის აგებულების ფორმირებისთვის, ასევე შესაბამისი კუნთოვანი და  ძვლის მასის სწორად და ჯანსაღად ჩამოყალიბებისთვი ; ასევე, ფიზიკური დატვირთვა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უწყობს ხელს სიმაღლეში კარგად ზრდას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5