Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ინფექციონისტმა და კლინიკა “ნეო-ლაბის” დირექტორმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მან ყურადღება გაამახვილა, გადასხმების და წამლების გადაჭარბებულ მოთხოვნაზე ქართველი პაციენტების მხრიდან.

“ყოველ დღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე. ზოგი ამას პიდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე ვატყობ უკმაყოფილებას, წამლის გარეშე რომ ვუშვებ. კიდევ უფრო მეტად არ მოწონთ ხოლმე, როცა ვკადნიერდები და სხვების დანიშნულ წამლებს ვუხსნი (არადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებია დანიშნული).”

მისი თქმით, იგივე ხდება ახალი კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებთან, რომლებიც მსუბუქი სიმპტომებით შინ მკურნალობენ. ისინი თვითნებურად იწყებენ სხვადასხვა წამლების მიღებას. ინფექციონისტის აზრით, ეს გარკვეულწილად იმის დამსახურებაა, რომ “პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ესმოდათ, რომ კორონას დადასტურების შემდეგ სულერთი იყო, რამე აწუხებდა ადამიანს თუ არა, მაინც საავადმყოფოში აწვენდნენ და თავს იწონებდნენ სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებით… ახლა კი ვეუბნებით, მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო. დაიბნენ ადამიანები.”

მაია ბუწაშვილის თქმით, უფრო სასარგებლო იქნებოდა, ერთეული შემთხვევების დროს ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა და მშვიდად გადასვლა. ეს ადამიანებს მიაჩვევდა იმ ფაქტს, რომ ახალი კორონავირუსის დიაგნოზითაც შესაძლებელია სახლში დარჩენა.

“სინამდვილეში, კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობა ან არ ჭირდებათ, ან თუ ჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე.”

მაია ბუწაშვილის თქმით,  უამრავი საორგანიზაციო პრობლემის მიუხედავად თვითნებური მკურნალობა გამოსავალი არ არის. ამიტომ, მოუწოდებს პაციენტებს, გააგრძელონ ოჯახის ექიმებთან კონტაქტის დამყარების მცდელობა.

ინფექციონისტი ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში პაციენტებს ურჩევს ბევრი სითხის მიღებას და მოძრაობას, სიცხის დამწევებს საჭიროების დროს. ასევე, მისი აზრით, საუკეთესო წამალია სიმშვიდე.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5