პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.
რა მდგომარეობაა ე. წ. ჩაკეტილობა, როდესაც ბავშვი არ გამოხატავს საკუთარ განცდებს და ემოციებს და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ჩაკეტილობის ზუსტი განმარტება არ არსებობს, რადგან სხვადასხვა ადამიანები მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ეს არის რთული კომპლექსური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი დისკომფორტი, ასევე აუხსნელი შიში და ასევე ღრმა ნევროზი.
ჩაკეტილ ბავშვში არის მთელი გროვა გამოუვლენელი ემოციებისა, პირველ რიგში, კი ეს არის ბრაზის ემოცია. ისინი გარეთ არ ყვირიან, მათი ყვირილიც შინაგანია. ჩაკეტილი ბავშვი იგივეა, რაც კედელს მიღმა ბავშვი და ზრდასრულებს არ გვაქვს წვდომა ბავშვის კედელს მიღმა არსებულ ემოციურ სამყაროსთან.
ჩაკეტილობა ხანდახან ადამიანის ორგანიზმს ისე ანგრევს, როგორც რამე სერიოზული დაავადება.
მისი შედეგები შეიძლება დამანგრეველი იყოს:
- ჩაკეტილობა ხელს უშლის ახალ ადამიანებთან შეხვედრას, მეგობრობას და ამით კმაყოფილების მიღებას;
- იგი ხელს უშლის ადამიანს დააფიქსიროს საკუთარი აზრი და დაიცვას თავის სიმართლე;
- ის ხელს უშლის მკაფიო აზროვნებას და ეფექტურ კომუნიკაციას;
- ძალიან ხშირად მას თან ახლავს უარყოფითი განცდები, მარტოობის განცდა, შფოთვა და დეპრესია.
ამ პრობლემას ფესვები ბავშვობაში აქვს და რაც უფრო ადრე გამოვავლენთ და ვიწინასწარმეტყველებთ, მით უფრო ნაკლებად დამთრგუნველი იქნება მისი შედეგები.
ჩაკეტილი ქცევის ძირითადი მახასიათებლები
- საკუთარი თავის რაიმე ფორმით გამოჩენის შიში, მაგალითად, ასეთი ბავშვების პასუხები მასწავლებლის კითხვებზე ძნელად ისმის, ან უფრო ხშირად ეს პასუხია „არ ვიცი“, რადგან მათ ეშინიათ რაიმე არასწორად გააკეთონ;
- სხედან ცალკე და ელოდებიან, როდის მოვა მათთან ვინმე და შესთავაზებს თამაშს. როგორც წესი, ისინი უარს ამბობენ ინიციატივაზე თავად წამოიწყონ საუბარი პირველმა, წამოიწყონ რაიმე საქმე, გამოთქვან ახალი იდეა, დასვან კითხვები და წამოაყენონ თავიანთი პირობები;
- ხშირად ნებდებიან;
- ისინი არ ითხოვენ დახმარებას, თუ დავალებას თავად ვერ ასრულებენ;
- საკუთარი თავის შესახებ მონათხრობში ისინი წარმოადგენენ სევდიან სურათს;
- ოფლიანობა;
- კანკალი;
- გულისცემის აჩქარება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ქვემოთმიმართული მზერა;
- ჩუმი ხმა.
უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ მორცხვობას არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვის გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან.
ფაქტორები, რომლებიც ქმნიან მორცხვობას სკოლამდელ ბავშვებში:
- ავტორიტარული ოჯახი/ზედმეტი სიმკაცრე;
- ზემზრუნველობა;
- ოჯახის/ზრდასრულების მოდელი;
- გადატანილი სტრესი.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაკეტილობა ეს არის ადამიანის მდგომარეობა, როცა ურთიერთობებს გაურბის და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს.