პანდემიის დასაწყისში ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ SARS-CoV-2 – ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, შეიძლება სხვა კორონავირუსების მსგავსად უფრო ფართოდ ვრცელდებოდეს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.
იმის გასარკვევად, ეს სიმართლე იყო თუ არა, მკვლევრებმა გაანალიზეს COVID-19-ის მონაცემები – 221 ქვეყნის შემთხვევები, სიკვდილიანობისა და გამოჯანმრთელების, ტესტირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები. მათ აღმოაჩინეს ძლიერი კავშირი ტემპერატურასა და განედთან.
“დასკვნის მიხედვით, დაავადება შეიძლება იყოს სეზონური, გრიპის მსგავსად. ეს შეესაბამება იმას, თუ რას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ვაქცინა გააკონტროლებს COVID-19-ის პირველ ტალღებს”, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა გუსტავო კაეტანო-ანოლესმა.
მკვლევართა იმავე ჯგუფმა მანამდე SARS-CoV-2 ვირუსის გენომში გამოავლინა ადგილები, რომლებიც განიცდიან სწრაფ მუტაციას. მსგავს ვირუსებს აქვთ მუტაციის სეზონური ზრდა, შესაბამისად მკვლევრები ეძებდნენ კავშირებს SARS-CoV-2-ის მუტაციებსა და ტემპერატურას, განედსა და გრძედს შორის.
“ჩვენი შედეგები მიანიშნებს, რომ ვირუსი იცვლება საკუთარი ტემპით და მუტაციაზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორები და არა ტემპერატურა და გრძედი. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა არის ეს ფაქტორები, მაგრამ ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონური ეფექტები დამოუკიდებელია ვირუსის გენეტიკური შემადგენლობისგან”, – ამბობს კაეტანო-ანოლესი.
საჭიროა დამატებითი გამოკვლევები იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს კლიმატმა და სხვადასხვა სეზონმა COVID-19-ის მაჩვენებლებზე.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანთა იმუნურმა სისტემამ შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს. იმუნურ სისტემაზე კი გავლენას ახდენს ტემპერატურა და კვება, მათ შორის D ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კარგი იმუნიტეტისთვის. ზამთარში მზის ნაკლები ზემოქმედების გამო, უმეტესობა არ იღებს საკმარის D ვიტამინს.
“ჩვენ ვიცით, რომ გრიპი სეზონურია და ზაფხულში ვიღებთ შესვენებას. ეს საშუალებას გვაძლევს, გრიპის ვაქცინა შევქმნათ შემდეგ შემოდგომამდე”, – ამბობს კაეტანო-ანოლესი. “რადგან პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, ეს შესვენება არ არსებობს. ალბათ იმის სწავლა, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი იმუნური სისტემა, დაგვეხმარება დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჩვენ ვცდილობთ ფეხდაფეხ მივყვეთ მუდმივად ცვალებად კორონავირუსს.”
კვლევა 26 იანვარს გამოქვეყნდა ჟურნალში „Evolutionary Bioinformatics“-ში.
წყარო: www.webmd.com