საკმარისი ძილი მცირეწლოვანი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო, ენერგიის აღდგენიდან დაწყებული ტვინის ფუნქციონირებით დასრულებული. და კვლევების მიხედვით, ძილი ასევე ხელს უწყობს ფიზიკურ ზრდას.
ზრდა რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ჰორმონის მუშაობას ბიოლოგიური პროცესების ამოქმედებისთვის ადამიანის ორგანოებში, სისხლში, კუნთებსა და ძვლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონი არის ზრდის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ჰიპოფიზი.
მის წარმოებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის კვება, სტრესი და ვარჯიში. თუმცა მცირეწლოვან ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანია ძილი. ზრდის ჰორმონი გამოიყოფა მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ბავშვებში გამოყოფის ყველაზე ინტენსიური პერიოდია ღრმა ძილის დაწყებიდან მალევე.
რამდენსაათიანი ძილი სჭირდებათ ბავშვებს?
ყველა ბავშვი განსხვავებულია, ზოგიერთს შედარებით ნაკლები ან მეტი ძილი სჭირდებათ თანატოლებთან შედარებით. ზოგადად, 1-2 წლის ბავშვებს სჭირდებათ 11-14 საათამდე ძილი (დღის ძილის ჩათვლით), ხოლო 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებს – 10-12 საათამდე (დღის ძილის ჩათვლით), 24 – საათიანი პერიოდის განმავლობაში.
ნახეთ ჩვენი სტატია რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს?
ადეკვატური ძილის არქონამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის პრობლემები – ძირითადად ნელი ან შეფერხებული ზრდა. ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, ძილის ობსტრუქციული აპნოე, ხელს უშლის ზრდის ჰორმონის წარმოებას.
ღამის კარგი ძილი
ბავშვების უმეტესობას უფრო მეტი ძილი სჭირდება, ვიდრე მათი მშობლები ფიქრობენ.
ნიშნები იმისა, რომ ბავშვს ძილი აკლია:
- გაღიზიანებულობა ან ძილიანობა დღის განმავლობაში;
- მანქანაში ჩაძინება და ძნელად გაღვიძება;
- ძილის დრომდე ზედმეტად აჟიტირებულობა ან დაღლილობა.
იმისათვის, რომ ბავშვს დაეხმაროთ მშვიდი და საკმარისი ძილის მიღებაში:
- ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად;
- შეუქმენით ძილისწინა რიტუალი, რომელიც დაეხმარება მის ორგანიზმს იმის გათავისებაში, რომ მოდუნების დროა. მაგალითად, აბაზანა, წიგნის კითხვა, მშვიდი მუსიკა.
- დარწმუნდით, რომ ბავშვის ოთახში ძილისთვის საკმარისად ბნელა და სიჩუმეა. გაათავისუფლეთ საძინებელი ეკრანებისგან.
- შაბათ-კვირას და მოგზაურობის დროს შეინარჩუნეთ ჩვეული გრაფიკი და რუტინა. ზოგჯერ მისგან გადახვევა არ გამოიწვევს ხანგრძლივ პრობლემებს, მაგრამ მუდმივად ცვალებადმა რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის ცუდი ჩვევები და ძილის ნაკლებობა.
წყარო: www.babycenter.com