Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” ესაუბრება ექიმი გინეკოლოგი, დოქტორანტი სოფიო ბოჯგუა.

როგორ ხდება ენდომეტრიოზის ჩამოყალიბება?

ენდომეტრიოზი (en-doe-me-triO-sis) ეს არის საშვილოსნოს შიგნითა ლორწოვანი გარსის მისთვის არაბუნებრივ ადგილას განვითარება. რეტროგრადული მენსტრუაცია ენდომეტრიოზის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. ამ მდგომარეობის დროს ენდომეტრიული უჯრედებით სავსე მენსტრუალური სისხლი უკან მიედინება ფალოპის მილების საშუალებით და მცირე მენჯის ღრუში გროვდება. ეს უჯრედები აგრძელებს მუდმივ განახლებას, ამასთან ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს ახალი უჯრედებიც ემატება და წარმონაქმნი თანდათან უფრო მეტად სქელდება.

პუბერტატული პერიოდის დროს ჰორმონ ესტროგენის გავლენით ხანდახან შეიძლება მოხდეს ემბრიონული უჯრედის ენდომეტრიული უჯრედის იმპლანტად ტრანსფორმაცია. ეს პროცესიც შესაძლოა მოგვიანებით ქალის ორგანიზმში ენდომეტრიოზის განვითარების მიზეზი გახდეს.

რა სიმპტომებით ხასიათდება ენდომეტრიოზი?

კვლევაში, სადაც ენდომეტრიოზის მქონე 600-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, გამოვლინდა ენდომეტრიოზთან ასოცირებული 7 სიმპტომი, ესენია:

  • მუცლის ტკივილი მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის დროს;
  • შარდვის დროს ტკივილი;
  • დეფეკაციის დროს ტკივილი;
  • ყაბზობა (შეკრულობა) ან დიარეა (ფაღარათი);
  • არარეგულარული სისხლდენა;
  • გულისრევა ან ღებინების შეგრძნება;
  • დაღლილობა  ან ენერგიის ნაკლებობა.

ქალები აღნიშნავენ ტკივილს სექსის დროს, ხანდახან ამ ტკივილს წვის შეგრძნებაც ახლავს და გენიტალიების საპროექციოდ გავრცელება.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და რადგან ექიმებს უჭირთ მისი დიფერენცირება მცირე მენჯის ღრუს ტკივილით მიმდინარე სხვა დაავადებებისგან, მაგალითად საკვერცხის ცისტა, მცირე მენჯის ღრუს ანთება,  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ამ უკანასკნელის დროს ქალებს მუცლის ღრუში ძლიერი სპაზმური ტკივილი აღენიშნებათ დიარეასთან ან ყაბზობასთან ერთად. აღსანიშნავია,  რომ ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ენდომეტრიოზის პარალელური მიმდინარეობა.

ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა პირველ რიგში იწყება პაციენტის  ცხოვრების ანამნეზის სწორად და გულდასმით შეკრებით. შემდეგ  კეთდება ულტრაბგერა, ლაპარასკოპია, რენტგენოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, კოლპოსკოპია, პელვიოგრაფია (მენჯის ღრუს დათვალიერება).

რა გზები არსებობს ენდომეტრიოზის მკურნალობის?

The American Society for Reproductive Medicine – ის მიხედვით, “ენდომეტრიოზი უნდა განიხილებოდეს, როგორც ქრონიკული დაავადება, რომელიც მოითხოვს მთელი ცხოვრების მანძილზე მართვის გეგმას”. ამდენად, მკურნალობის შერჩევა ინდივიდუალურია და ითვალისწინებს პაციენტის ცხოვრების ანამნეზის (ტკივილი, უნაყოფობა) სიმძიმეს, ენდომეტრიოზის ზომას, ლოკალიზაციას, გავრცელებას, პაციენტის რეპროდუქციულ სურვილებს, ასაკს, კონკრეტული მედიკამენტის გვერდით მოვლენებს.

მკურნალობა არის კონსერვატიული და ქირურგიული (ლაპარასკოპია), ხშირად შესაძლოა დაგვჭირდეს კომბინირებული მიდგომაც.

რამდენად მოქმედებს უშვილობაზე?

მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, მისი არსებობის შესახებ ბევრმა ქალმა არ იცის. ენდომეტრიოზი უშვილობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. ამ დროს  უნაყოფობის  მიზეზებია:

შეხორცებითი  პროცესი  მცირე  მენჯის  ღრუში;

პროსტაგლანდინების  მომატებული კონცენტრაცია, რაც თრგუნავს ოვულაციას, უარყოფითად ცვლის ფალოპის მილების პერისტალტიკას,  ზრდის საშვილოსნოს კუნთოვანი შრის კუმშვადობას, აფერხებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ენდომეტრიუმში ჩანერგვის პროცესს;

პერიტონეალური  მაკროფაგების  ჭარბი კონცენტრაცია, რაც ანადგურებს სპერმატოზოიდებს მენჯის ღრუში, ეს კი, ბუნებრივია, განაყოფიერების ალბათობას ამცირებს.

ენდომეტრიოზის მქონე ქალები კლასიკურად იმყოფებიან რეპროდუქციულ    ასაკში.  მენჯის ტკივილი (მათ შორის დისმენორეა და დისპარეუნია) ამ დროს ჩვეულებრივ ქრონიკულ ხასიათს ატარებს .

მიუხედავად იმისა, რომ ენდომეტრიოზის პიკური პრევალენტობა 25-დან 35 წლამდე ქალებში გვხვდება, დაავადება დაფიქსირებულია პრემენარქალურ გოგონებში და პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალების 2-5 პროცენტში.

ენდომეტრიოზის მქონე 1000 ქალის კვლევის დროს, დაახლოებით 80 %-ს  აქვს ტკივილი, 25 %-ს უშვილობის პრობლემა  და 20 %-ს ენდომეტრიომა.

მენსტრუაციის დრო მსუბუქი სპაზმური ხასიათის ტკივილი ნორმალურია, მაგრამ გოგონას თუ პუბერტატული ასაკიდან აღენიშნება მტკივნეული პერიოდი და ჭარბი სისხლდენა, აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი. ზუსტად ამ ასაკში ხშირად ნაწლავებს აბრალებენ ხოლმე ტკივილებს და გინეკოლოგთან, სამწუხაროდ. არ ხდება დროული მიმართვა.

მნიშვნელოვანია ენდომეტრიოზის  დროულად გამორიცხვა, ვინაიდან მისი მართვა ადრეულ ეტაპზე უფრო მარტივია და ამასთანავე პაციენტს ბევრ შემდგომ პრობლემასაც ააცილებს თავიდან, რომ არაფერი ვთქვათ მუდმივ ტკივილზე და დისკომფორტზე.


როგორ მოქმედებს ენდომეტრიოზი ცხოვრების ხარისხზე?

ვინაიდან ენდომეტრიოზი ხშირად პაციენტებში მძიმედ მიმდინარეობს, მათ პრობლემა ექმნებათ ყოველდღიურობაში. მტკივნეული სექსის გამო კი ზოგჯერ ქალები სექსის სურვილსაც კი კარგავენ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5